საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბელგიელი მოხალისეები უკანაფშავში

14:01 - 01 აგვისტო 2017 hits 20421

გარესამყაროსთან დაახლოება გადაწყვიტეს და გაბედული ნაბიჯიც გადადგეს - დასავლეთევროპული ქვეყნიდან საქართველოში, უკანაფშავში, იმ სოფელში ჩამოვიდნენ, სადაც არც შუქია, არც ინტერნეტი და ოჯახის წევრებს ტელეფონითაც ვერ დაუკავშირდებოდნენ.

უკანაფშავში, სოფელ ვაკისოფელში, ბელგიელ მოხალისეებს: 27 წლის ამორისა და 28 წლის იასმინს მათივე თანატოლი, ნოდარ ტოხოსაშვილი მასპინძლობს.

ერთმანეთი ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე გაიცნეს. საიტზე, რომელიც ფერმერებსა და მოხალისეებს დაკავშირების საშუალებას აძლევს, 20-მდე ქართველია დარეგისტრირებული.

აღმოჩნდა, რომ ნოდარს გამორჩეულად საინტერესო შეთავაზება ჰქონდა. ადგილიც საუცხოო ჩანდა და თავადაც კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.  

ამორიმ და იასმინმა, ბრიუსელიდან-თბილისში, სტამბოლის გავლით იფრინეს. საქართველოში ჩამოსულებს შუაფხოში მიმავალი ტრანსპორტის პოვნა გაუჭირდათ - „ტრაფარეტებზე“ წარწერებს ვერ არჩევდნენ - ქართული არ იციან. ნოდარის მეგობარი დაეხმარათ და შუაფხომდე მიაღწიეს. ვაკისოფლამდე, დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე, ტაქსით იმგზავრეს.

მთებს შორის მოქცეული, ჭაჭის ქვით ნაგები სახლისა და ჯერ კიდევ ხელუხლებელი, თითქმის ველური ბუნების ხილვა იმაზე ემოციური გამოდგა, ვიდრე წარმოიდგენდნენ.

მგზავრობით დაღლილებს ნოდარის დედა გაუმასპინძლდა. სტუმრების ჩამოსვლამდე სახლში მხოლოდ დედა-შვილი ცხოვრობდნენ. 

„კაციშვილი არ ცხოვრობს აქ, მარტო დათვები დადიან. ტურისტებსაც, გზა თუ შეეშლებათ, მხოლოდ ისე თუ მოხვდებიან ჩვენთან. ამის ფონზე, შენი ტოლი ორი ახალგაზრდა რომ ჩამოდის, ენის გატეხვასა და სოფლის საქმეებში რომ გეხმარება, ან უბრალოდ საუბრობთ, ეს ძალიან გავსებს ადამიანს“, - ამბობს ნოდარ ტოხოსაშვილი.

ამორი და იასმინი ნოდარს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ეხმარებიან. წყლის ტუმბო შეაკეთეს, სარეველა გათიბეს, ნათესები გაასუფთავეს, ეზო-კარი დაალაგეს. საღამოობით, როცა ნოდარი ძროხას წველის, ამორის ცეცხლის დანთება ევალება.

ამბობენ, რომ ბელგიაში ცხოვრება ძალიან სწრაფად მიედინება, აქ კი პირიქით. გარესამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობენ თავს. მკაცრ გარემოში არიან და თუკი ბელგიაში ნებისმიერ სუპერმარკეტში შევლენ პროდუქტის შესაძენად, კარტოფილის მისართმევად აქ სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.

საღამოობით ლამფის შუქზე საუბრობენ, მასპინძლებისგან იციან, რომ ზამთარში ტემპერატურა - 20 გრადუსამდე ეცემა; სოფელში არც ელექტროენერგიაა, არც ინტერნეტი და არც სატელეფონო კომუნიკაცია.

„ორი კვირისთვის აქაურობა მშვენიერია, მაგრამ ამ პირობებში თუნდაც ერთი თვე რომ ვიყო, თავს შეზღუდულად, ჩაკეტილად ვიგრძნობდი. ხელი არაფერზე მიგიწვდება: მეგობრებთან შეხვედრა, ან რამის ყიდვა თუ გინდა, შაბათს ან ორშაბათს უნდა დაელოდო ტაქსის რომ გაჰყვე. 6 საათს გზაში ატარებ და ეს ყველაფერი აქ ცხოვრებას ართულებს“, - აღნიშნავენ ამორი და იასმინი.

ნოდარს სტუმრების კარგად ესმის, ამიტომაც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მოხალისეებს თავიდანვე აფრთხილებს აქაური პირობების შესახებ. ფიქრობს, რომ განვითარებული ქალაქიდან ჩამოსული ადამიანისთვის ვაკისოფელი შესაძლოა ეგზოტიკური თავგადასავლების ადგილი იყოს.

„ჩემთვის ეს არ არის ეგზოტიკა, ეს გამოქვაბულში ცხოვრებაა! შრომობ და წვალობ იმისთვის, რომ თავი ირჩინო და თუნდაც, სწავლის ფული გადაიხადო. ნიუ-იორკში რომ ვცხოვრობდე და ასეთ ადგილას ჩამოვიდე, 10 დღეს მეც გავძლებდი. ძნელია როცა თვეობით ხარ აქ“, - ამბობს ნოდარ ტოხოსაშვილი.

რამდენიმე დღეში ბელგიელი მოხალისეები ვაკისოფელს დატოვებენ და ახალი თავგადასავლისთვის მოემზადებიან. ფერმერების ცხოვრებისა და საქმიანობის შესასწავლად,  სექტემბრიდან, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მონახულებას აპირებენ. თუმცა, სანამ აქ არიან, წუხან, რომ თუკი უკანაფშავში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვალა, მთას თითოოროლა მცხოვრებელიც დატოვებს და წლების შემდეგ აღარავის ემახსოვრება, რომ აქ სოფელი იყო.

ნოდარი დედასთან ერთად ვაკისოფელში რჩება და ახალი მოხალისეების გამოჩენამდე, მკაცრი ზამთრისთვის მომზადება მარტოს მოუწევს. მასთან ჩამოსვლის მსურველი ბევრია; მათ შორის: გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან. თუმცა, ინტერნეტის არქონის გამო შეტყობინებებს ვერ პასუხობს და ეგზოტიკური თავგადასავლის ახალ მაძიებლებთან კომუნიკაცია გაურკვეველი ვადით იწელება.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში