საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 18 ნოემბერი 2017

30 ივლისს სიონში დამბალხაჭოს ფესტივალი, ბარისახოში კი კაფიის საღამო გაიმართება

19:09 - 29 ივლისი 2017 hits 820

30 ივლისს, თიანეთის რაიონის დაბა სიონში დამბალხაჭოს ფესტივალი გაიმართება სახელწოდებით „მადლი ფშაური მიწისა“. 12:00 საათისთვის, კორტების ტერიტორიაზე დამბალი ხაჭოს და მთის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

16:00 საათისთვის გამოავლენენ ყველაზე საუკეთესო დამბალხაჭოს მწარმოებლებს და ამ თემაზე შექმნილი საუკეთესო ლექსის ავტორებს.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ორგანიზაცია „ჩვენი ფშავის“ ხელმძღვანელის, მარიამ ხუცურაულის თქმით, ფესტივალზე მიწვეულნი არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის მთქმელები, მათ შორის ტრისტან მახაური, დათო თეთრაული, ცოტნე ალბუთაშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი.

მთის პროდუქტების გამოფენა–გაყიდვა მთელი დღე გაგრძელდება.

თბილისიდან სიონამდე მგზავრობას 1.5 საათი სჭირდება. როგორც ცხვარიჭამიის, ასევე გომბორის გადასახვევიდან სოფელ სასადილოს გავლით მოასფალტებული გზა მიდის.

იმავე დღეს, ფშავ–ხევსურული კაფიის საღამო გაიმართება პირაქეთა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტარიელ ხარხელაური, ზური ზვიადაური და სხვები. ღონისძიების მიზანი, ხევსურეთის ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენა და ახალგაზრდებისთვის მისი გაცნობაა. კაფიის საღამო ბარისახოს ახალგაზრდული ცენტრის ეზოში, 15:30 საათზე დაიწყება.

„ჩვენი მიზანია, რომ კაფია, გალექსებები, რომლითაც ფშავ-ხევსურეთია ცნობილი, არ დაიკაგოს და რაც კი იქმნება და შეიქმნება ამ ჟანრში მაღალი მხატვრული ღირებულების, ყველამ გაიცნოს. ეს არის მცდელობა რომ ლექსობა-კაფიაობა ახალგაზრდებს გავაცნოთ და შევაყვაროთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა თაობისთვის და ზოგადად, ბევრი ქართველისთვის რამდენიმე კლასიკური ნიმუშის გარდა კაფია და ხალხური სიტყვიერების ნიმუშები უცნობია“, - უთხრა „მთის ამბებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის“ ხელმძღვანელმა ლელა გაბურმა.

საღამოზე დასწრება თავისუფალია. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი. ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება. მიწვეულ სტუმრებს ხევსურული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნებათ.

სოფელი ბარისახო დუშეთიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, თბილისიდან დაახლოებით 2.5 საათის სავალზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში