საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

თუშეთის სოფელი ომალო მეცხრე დღეა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

13:15 - 26 ივლისი 2017 hits 1569

თუშეთის სოფელ ქვემო ომალოში მოსახლეობის დიდ ნაწილს მეცხრე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. როგორც „მთის ამბებს“ საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ეთერ მარხვაიძემ უთხრა, თუშეთს უამრავი ტურისტი სტუმრობს, ომალოში კი საოჯახო სასტუმროებში ვიზიტორებს ვეღარ იღებენ.

„საშინელი მდგომარეობაა წყალთან დაკავშირებით. მეცხრე დღეა არ მაქვს წყალი. ტურისტები მოდიან და მიდიან. ხელები რომ გადაიბანონ, მაგის წყალიც არ მაქვს. ჭურჭლის დასარეცხი წყალი არ მაქვს, დასალევი წყალი არ მაქვს და ვეზიდები 5 ლიტრიანი ბალონებით შორი მანძილიდან. ყოველდღე ველოდებით რაღაც სიახლეს, მაგრამ უფრო და უფრო გვეკარგება იმედი. ხან ამბობენ სათავეში წყალი არ არისო, ხან დაზიანება ვიპოვეთ, გავაკეთებთ და გამოვუშვებთო. ამასობაში 9 დღე გავიდა და ზუსტად ამ ტურისტულ სეზონზე, როცა უამრავი ტურისტია მოსული, ჩვენ მათ მომსახურებას ვერ ვუწევთ“, – ამბობს ეთერ მარხვაიძე.

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, ზაფხულში წყლის დებეტი შემცირებულია და არსებული მარაგი მოსახლეობის წყალმომარაგებას ვეღარ ყოფნის. ამასთან, რამდენიმე ადგილას სასმელი წყლის ქსელია დაზიანებული.

„ყოველწლიურად, ივლისის ბოლოს და აგვისტოში გვაქვს ეს პრობლემა. აგვისტოს 10-15 რიცხვამდე გრძელდება ხოლმე. ამ ეტაპზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წყლის დებეტს გაზრდის“, – აღნიშნავს ლადო კახოიძე.

ახმეტის მუნიციპალიტეტში 2016 წლის მარტში შეიქმნა ახალი არასამეწარმეო იურიდიული პირი - „ახმეტის სოფლების წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრი“, რომლის დირექტორად ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ უძილაური დაინიშნა. პოლიციის უფროსის თანამდებობიდან უძილაური მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამხილა, რომ იგი წარსულში რამდენჯერმე იყო გასამართლებული ხულიგნობისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებისთვის. ზურაბ უძილაურის შვილის ნათლიაა ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

აღსანიშნავია, რომ იმავე აიპ-ში უხვად მოიძებნება ფაქტობრივად უფუნქციო საშტატო ერთეულები, თუმცა დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სხვა იურიდიული პირების, არამედ თვით გამგეობის მოხელეების ხელფასებზე გაცილებით მაღალია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოფლების წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრისთვის სუბსიდიის სახით 304 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს 320 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამის მიუხედავად თუშეთში სასმელი წყლის ქსელში არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად (დაზიანებული მილები და წყალგამშვებები) არავინ ასულა.

გამგებლის წარმომადგენელი ლადო კახოიძე დაზიანებული ნაწილების შეცვლას ადგილობრივებთან ერთად საკუთარი ძალებით ცდილობს.

„სპეცჰიდრომშენის“ წარმომადგენელი ჯონი ალავიძე ამბობს, რომ ვიდრე წყლის შემკრებ აუზში წყლის დებეტი არ გაიზრდება, ომალოს სასმელი წყლით მომარაგება არ გაუმჯობესდება. ეს ორგანიზაცია ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ომალოში სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების პროექტს, რაზედაც 1 350 000 ლარია გამოყოფილი.

„სოფელ ბოჭორნაში ეწყობა წყალმიმღები, 2.6 კილომეტრზე კეთდება 108 მილიმეტრიანი მილი. მიერთება ხდება არსებულ ჭასთან, საიდანაც წყალს იღებს ომალო. ახლა ჭაში წყლის ძალიან ცოტა დებეტია. ვიდრე ეს სამუშაოები არ დასრულდება, სამწუხაროდ წყალმომარაგება ვერ გაუმჯობესდება“, – აცხადენს ჯონი ალავიძე.

კომპანიამ წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს.

ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. თუშეთის სოფლებში ყველაზე მეტი ადამიანი აქ ცხოვრობს, ყველაზე მეტი საოჯახო სასტუმროც ამ სოფელშია განთავსებული. ამავე სოფელშია თუშეთის ამბულატორია, მესაზღვრეთა ბაზა, სამაშველო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლების დროებითი შტაბი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში