საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზაზე დაღუპული ახალგაზრდები და პატრულირების მოთხოვნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:13 - 25 ივლისი 2017 hits 47468

თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან 24 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე დაიღუპა. „ტოიოტას“ მარკის ჯიპი საავტომობილო გზიდან დაახლოებით 300–350 მეტრის სიღრმეზე ხრამში გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს ნასვამი მართავდა. ის ათნიგენობიდან, რომელსაც გომეწრის ხეობაში აღნიშნავდნენ, შენაქოში, სახლში ბრუნდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის მოხდა. ავტომობილის ხრამში გადავარდნა საპირისპირო მხრიდან მოძრავ მანქანაში მყოფმა პირებმა შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე ისინი რამდენიმე წუთში მივიდნენ. „ტოიოტას“ მძღოლი გზიდან დაახლოებით 100 მეტრის ქვემოთ მანქანიდან ნახეს გადმოვარდნილი და გარდაცვლილი, ავტომობილი კი თითქმის 200 მეტრის ქვემოთ ეგდო.

„ადგილზე მეც მალევე მივედი. ახალგაზრდას სიცოცხლის ნიშან–წყალი აღარ ეტყობოდა. ცხედარიც ძალიან იყო დაზიანებული. სამწუხაროდ, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ მძღოლები ავტომობილებს ნასვამები მართავენ. თან ვიწრო, საშიში და გაუმართავი გზებია ისედაც“, – უთხრა „მთის ამბებს“ თუშეთის ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ.

სოფელ ქვემო ალვანში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი გიორგი გოგოთიძე 2016 წლის 12 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას იხსენებს. გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ავტომობილს ამჯერადაც ნასვამი მძღოლი მართავდა.

2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ. „ბოთლის წყალთან“, ხევში მანქანის გადავარდნის შედეგად ოთხივე მგზავრი დაიღუპა: 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე. მძღოლი ამ შემთხვევაშიც ნასვამი იყო.

„რამდენჯერმე მივმართე ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. პოლიციის ყოფილ და ამჟამინდელ უფროსებს მე თვითონაც ვთხოვე, რომ იქნებ თუშეთში პატრულირება დაეწყოთ, მძღოლები სიმთვრალე–სიფხიზლეზე შეემოწმებინათ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე რეაგირება მოეხდინათ იმ პერიოდში მაინც, როცა დღეობებია და ბევრი ნასვამი მძღოლი მართავს ავტომობილს. სამწუხაროდ, ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“

– ამბობს გიორგი გოგოთიძე. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციის თანამშრომლების გააქტიურებამ თუშეთში შესაძლოა ადგილობრივების უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, „მაგრამ ამის მიუხედავად ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად არის მისაღები“.

თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები არაერთ შემთხვევას იხსენებენ, როცა ტურისტებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ თუშეთის გზებზე მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. რამდენიმე სასტუმროს მენეჯერის თქმით, ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც შეშინებულმა ტურისტებმა თუშეთში მოგზაურობა შეწყვიტეს და ბარში დაბრუნდნენ.

ახმეტის პოლიციის თანამშრომლების ოთხკაციანი ჯგუფი თუშეთში, სოფელ ომალოში მხოლოდ ტურისტული სეზონისთვის, მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით იმყოფება. პოლიციელები ძირითადად კრიმინალურ შემთხვევებზე რეაგირებენ. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთში მანევრირების წესების დარღვევისთვის, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის არცერთი პირი არ არის დაჯარიმებული.

„როდესაც ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მაშინ პოლიციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ თუშეთში არ არის საჯარიმო სადგომი. ამიტომ, პირს ავტომობილს თუ ჩამოართმევენ, გაუჭირდებათ მისი ბარში გადატანა. ამასთან, აღნიშნეს, რომ ძნელია თუშეთის სოფლებში პატრულირება“, – ამბობს გიორგი გოგოთიძე.

საყურადღებოა, რომ პოლიცია თითქმის არ პატრულირებს თელავის რაიონის იმ სოფლებშიც (ფშაველი, ლეჩური) საიდანაც თუშეთის გზა იწყება. ფშაველიდან ომალომდე 72 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

ტურისტულ სეზონზე თუშეთში ყველაზე ხალხმრავალი ჭანჭახოვანის (ომალო, შენაქო, დიკლო), გომეწრის (ბოჭორნა, დოჭუ, ჯვარბოსელი) და პირიქითის ხეობებია (დართლო, გირევი). სამივე ხეობისკენ გზები ომალოდან იყოფა. კიდევ ერთი საყურადღებო წერტილი მირგველაშია, სადაც გომეწრის და პირიქითის ხეობების გზაგასაყარია. თუშეთის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ფიქრობს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით თუშეთში მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის პოლიციის 2 ეკიპაჟის მორიგეობა საკმარისი იქნება:

„ამით ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება და თუშეთში პატრულირება დაიწყოს. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს მე მთა და მთის წესები, მაგრამ განსაკუთრებით ათნიგენობებისთვის თითქმის ყველა მთვრალი მოძრაობს, ზოგჯერ უზომოდ მთვრალიც“.

თუშეთში ათნიგენობები (ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი) აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირა გრძელდება, მიმდინარე წელს 5–10 აგვისტოს ჩათვლით. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანამიმდევრობით კულტმსახურება ტარდება. ხარშავენ ლუდს, იკვლება საკლავი, არის ლხინი და გართობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში