საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ხევსურეთში დაკარგული ტურისტები იპოვნეს

17:51 - 07 ივლისი 2017 hits 6091

პირიქითა ხევსურეთში, გუროს ხეობაში დაკარგული ტურისტები იპოვნეს. ისრაელის სამი მოქალაქე, რომლებმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დახმარებისთვის გუშინ, გვიან ღამით მიმართეს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამის შესახებ „მთის ამბებს“ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა განუცხადა.

გუბერნატორის თქმით, შატილის გზის დაზიანების გამო ხევსურეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდა საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩარჩენილები, მათ შორის ქალაქ რუსთავის ერთ–ერთი საჯარო სკოლის 15 მოსწავლეც.

„ბავშვები პედაგოგებთან ერთად საოჯახო სასტუმროში დავაბინავეთ. ისინი კვებით უზრუნველყოფილები არიან, 3–4 დღის საკვები გვაქვს. მათთან კომუნიკაცია მეც მაქვს და ქვემო ქართლის გუბერნატორსაც. რაც შეეხება სხვა ვიზიტორებს, ისინიც ძირითადად საოჯახო სასტუმროებში რჩებიან. სტიქიამ შატილის გზა მნიშვნელოვნად დააზიანა. გუშინ, შუადღის შემდეგ მიწაყრილების გაკეთება დავიწყეთ, მაგრამ მდინარე ისევ ადიდდა და რაც გავაკეთეთ, ისიც წაიღო. ამ დროისთვის უამინდობის გამო ფრენაც ვერ ხერხდება.

როგორც კი ამინდი მოგვცემს შესაძლებლობას, რეგიონული განვითარების მინისტრი ჩართულია და სასაზღვრო პოლიციის დახმარებით, მაშინვე მოხდება შვეულმფრენებით ტურისტების გადმოყვანა“, – განუცხადა „მთის ამბებს“ ლევან ზაუტაშვილმა.

ხევსურეთში ახლაც გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე არღუნმა გუროს ხევთან რამდენიმე ადგილზე შატილის საავტომობილო გზა წაიღო, სხვა მონაკვეთებზე კი მნიშვნელოვნად დააზიანა. პირიქითა ხევსურეთთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია. სტიქიაა პირაქეთა ხევსურეთშიც, სოფლებთან ბისოსთან და ხახმატთან მეწყერი ჩამოწვა.

ძლიერი წვიმის შედეგად მთიულეთში მდინარე არაგვიც ადიდდა. გუდამაყრის ხეობაში სოფლები ფახვიჯი, თოთიაურები, სიჯანაანი, საჩალისჭალა, საკერპო და ბაკურხევი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. არაგვმა ფახვიჯიდან ბაკურხევთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო. მოსახლეობას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფელ გვრიტოსთან დაახლოებით 150 მ3 მოცულობის მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, რის შედეგადაც ცენტრალური საავტომობილო გზა დაიკეტა. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზის გახსნა დაახლოებით 1 საათში მოხერხდა.

უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. ონის რაიონის სოფლები ღები და გონა მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარე რიონმა სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდები წაიღო. ღებში 400 ადამიანი ცხოვრობს, გონაში კი ორი ოჯახი იმყოფება.

ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარესამყაროს სვანეთში, მესტიის რაიონში. ადიდებულმა მდინარეებმა ადიშამდე, ჭოლაშამდე, გაღმა ხაიშამდე და ზედა ვედამდე მისასვლელი გზები დააზიანა, რამდენიმე ხიდი კი მოანგრია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისს დილიდან გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ძლიერი წვიმის გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება. 9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 10 ივლისს დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში