საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:52 - 12 მაისი 2017 hits 11591

დუშეთის მუნიციპალიტეტში 27 მიმართულებით კვირაში ორჯერ ან ერთხელ იაფი ტრანსპორტი იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდეა. იაფი ტრანსპორტით სარგებლობა დუშეთის რაიონში გადაადგილების მსურველ ყველა პირს შეუძლია, მათ შორის ტურისტებსაც, რომლებსაც გუდამაყრის, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის ან სხვა სოფლების დათვალიერება სურთ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, წლების განმავლობაში დუშეთის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან უჭირდათ რაიონულ ცენტრამდე გადაადგილება, რადგან ბევრ სოფელში მოსახლეობის მცირე რიცხოვნობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა.

„აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ გუდამაყრის და ფშავის ხეობაში ხეობაში იყო ნაწილობრივ დაფინანსებული, ძირითადად კვირაობით, ადგილობრივებს აგრარულ ბაზარში რომ ჩამოეტანათ პროდუქცია. ზაფხულობით შატილის მიმართულებითაც, ოღონდ შატილისკენ ტრანსპორტი თბილისიდან, დიდუბის ავტოსადგურიდან მოძრაობს. სხვა სოფლების მცხოვრებლები გაჭირვებით ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ ვერ ახერხებდნენ რაიონულ ცენტრში ჩამოსვლას, ექიმთან ვიზიტს, საჯარო რეესტრში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, გამგეობაში ან სხვა სამსახურებში მისვლას. იაფი ტრანსპორტით თითქმის ყველა სოფლის მოსახლე იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც მათ ქალაქ დუშეთთან და პირიქით, ქალაქ დუშეთის მცხოვრებლებს ყველა სხვა დასახლებულ პუნქტთან დააკავშირებს“, – აღნიშნავს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

იაფი ტრანსპორტის პროგრამის ამოქმედება დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ზოგიერთი დასახლების მცხოვრებლებს დუშეთში მოსახვედრად რამდენიმე კერძო ტრანსპორტის გამოცვლა უწევდათ ან კიდევ უარესი, უნდა ჩასულიყვნენ თბილისში და იქიდან გამოყოლოდნენ ტრანსპორტს დუშეთში“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი. მისივე თქმით, მსგავსი პროგრამა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს თიანეთის მუნიციპალიტეტში.

პროგრამის დასაფინანსებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში 106 582 ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულება 27 მძღოლს გაუფორმა, რომლებიც მგზავრებს კვირაში ორჯერ მოემსახურებიან.

გრაფიკი ასეთია: 

  1. არღუნი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ;
  2. თანიაანთკარი - დუშეთი (10:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ;
  3. გრემისხევი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 70თ;
  4. ოძისი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-პარასკევი), 70თ;
  5. შუახევი - მჭადიჯვარი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-ხუთშაბათი), 50თ;
  6. ბაზალეთი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 30თ;
  7. საკრამული - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 50თ;
  8. ბაგა - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 50თ;
  9. გუდაურები - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 1ლ;
  10. ლუთხუბი - ჩოხი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ოთხშაბათი), 1ლ;
  11. ხანდო - ფასანაური - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ;
  12. ანანური - დოლასქედი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-პარასკევი), 1ლ;
  13. დავათი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ოთხშაბათი), 50თ;
  14. კოშკასყელი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ხუთშაბათი), 50თ;
  15. ახატანი - ჭოპორტი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ;
  16. გუდანი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ოთხშაბათი), 1ლ;
  17. არანისი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ;
  18. ქაისხევი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ხუთშაბათი), 60თ;
  19. ხორხი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ხუთშაბათი), 1ლ;
  20. ხომი - ჩარგალი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-ოთხშაბათი), 1ლ;
  21. გომეწარი - დუშეთი (09:00 სთ-15:00 სთ, სამშაბათი-პარასკევი), 70თ;
  22. მუქო - შუაფხო - დუშეთი (09:00 სთ-15:00 სთ, ხუთშაბათი), 1ლ;
  23. ტონჩა - დუშეთი (09:00 სთ-15:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 30თ;
  24. ხეობა - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ;
  25. კენჭაკლდე - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ;
  26. დოლოშა - ბოდავი - დუშეთი (09:00 სთ-16:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ;
  27. ბაკურხევი - დუმაცხო - ფასანაური (09:00 სთ-16:00 სთ, სამშაბათი-პარასკევი) 1ლ.

ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში განრიგისა და გრაფიკის ცვლილება შესაძლებელია მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 25 659 ადამიანი ცხოვრობს. აქედან, დუშეთში 6167 ადამიანი, დაბა ჟინვალში 1828, დაბა ფასანაურში 1148, დანარჩენი სოფლებში. დუშეთის მუნიციპალიტეტში 287 სოფელია, აქედან 93 სოფელში 10–ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 38 სოფელი კი უკვე ნასოფლარია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში