საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზა შესაძლოა მაისში ვერ გაიხსნას

11:03 - 05 მაისი 2017 hits 7460

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა შესაძლოა მაისში ვერ გაიხსნას. ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე სამ კილომეტრში მთა არის მოწყვეტილი და მდინარე დაახლოებით 300 მეტრზეა დაგუბებული. თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროები მაისის ბოლოსთვის მიღებულ შეკვეთებს აუქმებენ.

კომპანია „გერალის“ წარმომადგენელი ტარიელ წიკლაური, რომელიც თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ 56–ე კილომეტრზე ტრაქტორებით გზის გაწმენდას ვერ შეძლებენ, თუ დაგუბებული წყლის დაცლა და მთის აფეთქება არ მოხდა.

„გზის გაწმენდა დაწყებული გვაქვს, აბანოს უღელტეხილს გავცდით კიდეც და უკვე ქვემოთ ვართ ჩასულები. 12–13 მაისისთვის მივალთ იმ ადგილზე, სადაც მთა არის მოწყვეტილი და დიდი რაოდენობით წყალია დაგუბებული ხეობაში. ტრაქტორებით ამ მონაკვეთის გაწმენდა შეუძლებელია იმდენად დიდი მასაა ჩამოსული და რაც მთავარია, ლოდები ცვივა ზემოდან და უსაფრთხო არ არის იქ მუშაობა. მთავრობა საქმის კურსშია. იყვნენ კიდეც ვერტმფრენით საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, ნახეს“, – უთხრა „მთის ამბებს“ ტარიელ წიკლაურმა.  

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გერალი“ თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე განახორციელებს. სამუშაოები ბიუჯეტიდან 1 236 791 ლარით არის დაფინანსებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ოთხი დღის წინ, ის პირადად გაეცნო თუშეთში, სოფელ ხისოსთან შექმნილ ვითარებას.

„ვერტმფრენიდან რაც დავათვალიერეთ, ხეობაში წყალი დაახლოებით 250–300 მეტრზეა დაგუბებული და მისი სიმაღლე სავარაუდოდ 8–10 მეტრს აღწევს. ძველი მეწყერია იმ ადგილზე. ძალიან დიდი რაოდენობით მასაა მოწყვეტილი. გზა მთლიანად დაფარული აქვს.

ახლა ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს წარმოქმნილი ტბა როგორმე დავცალოთ ნელ–ნელა და შემდეგ მთის აფეთქება დავიწყოთ. კლდოვან ზედაპირამდე უნდა დავიყვანოთ, ანუ მიწა მთლიანად მოვაცილოთ, რომ ტრაქტორებმა მუშაობა უსაფრთხოდ შეძლონ. რისი გადატანაც ვერტმფრენით შეგვიძლია, ვგულისხმობ მცირე ტექნიკას, გადავიტანთ, რომ წყლის დაცლის და მთის აფეთქების სამუშაოები დავიწყოთ. ამ კვირაში სპეციალისტების ჯგუფსაც ვაგზავნით, როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის საშუალებას“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

ვიდრე ფშაველი–აბანო–ომალოს გზა არ გაიხსნება, თუშეთის სოფლებში ვერც შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

„ტრაქორი, რომელიც თუშეთშია, მწყობრიდან არის გამოსული, სხვა ტრაქტორის ასვლა კი მთავარი გზის გახსნამდე შეუძლებელია. გზები ოთხივე მიმართულებით გასაწმენდია, გომეწრის ხეობაშიც, პირიქითშიც, ომალო–დიკლო–შენაქოს მხარესაც და ჭანჭახოვანშიც. თუ შიდა გზები არ გაიწმინდა, ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტი ვერ გაივლის. გარდა ამისა, ხიდებია აღსადგენი.

შენაქოსთან დამაკავშირებელი ხიდი ფაქტობრივად ჩანგრეულია, სატვირთო მანქანა საერთოდ ვეღარ გაივლის და მსუბუქი მანქანის გავლაც სახიფათოა. შენაქოს ხიდის გარდა კიდევ ოთხ ხიდის რეაბილიტაცია მშენებლობაზე გვაქვს საკითხი დაყენებული.

ესენია, ბეღელას, ფარსმის 2 საცალფეხო და წოვათას ხიდები. წოვათაში ახალი ხიდია ასაშენებელი. ეს ის ხიდია, ალისგორსა და წაროს რომ აკავშირებს, რომლის აშენებაც მოსახლეობამ პეტიციის საშუალებით მოითხოვა“, – აღნიშნა ომალოში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.

სოფელ ომალოში მდებარე სასტუმრო „თუშეთის“ მეპატრონის სოსო ბაბულაიძის თქმით, თუშეთის გზა მაისის ბოლომდე თუ არ გაიხსნა, მეწარმეები სერიოზულად დაზარალდებიან.

„ვერტმფრენი კი არის გამოყოფილი, რომელიც ახმეტიდან კვირაში ერთი დღე ყოველთვის დაფრინავს, მაგრამ ტურისტი ამ ვერტმფრენით ვერ წამოვა თუშეთში. ამბობენ, რომ ის დაგუბებული წყალი რომ დაცალონ კიდეც, გზის გაწმენდა მაინც არ იქნება შესაძლებელი, რადგან ეს მეწყერი მოდის და მოდის. შეიძლება ახალი გზის გაჭრა მოუხდეთო იმ მონაკვეთში. 30 მაისისთვის გერმანელების ხუთკაციანი ჯგუფი მიკვეთავს და აინტერესებთ, გზა იქნება თუ არა. ივნისის დასაწყისშიც, დაახლოებით 60 კაცის შეკვეთა უკვე მაქვს. სხვა სასტუმროებსაც აქვთ შეკვეთა, ზოგს მაისის ბოლოსაც. 25 მაისამდე თუ გზა არ გაიხსნება, სერიოზულად დავზარალდებით“, – ამბობს სოსო ბაბულაიძე.

„ჯერ ისედაც 3–4 თვე გვაქვს სეზონი და ეს დროც მცირდება. ტურისტები უკვე გვირეკავენ, გვწერენ, მზად არიან ჩამოსასვლელად, მაგრამ უარს ვეუბნებით. შარშანვე დაიწყო მაგ მონაკვეთზე მეწყერმა ჩამოსვლა და მიექციათ ყურადღება დროულად“, – აღნიშნავს სოფელ შტროლთაში მდებარე სასტუმრო „ლოელის“ მეპატრონე ლამზირა გოგოთიძე.

ზემო ომალოში მდებარე სასტუმრო „შინას“ მფლობელი ნათია ბაკურიძეც ამბობს, რომ მაისის ბოლოსთვის უკვე შეკვეთები ჰქონდა მიღებული, მაგრამ მისი გაუქმება მოუწევს.

„ყველა სასტუმრო ასეთ მდგომარეობაშია. არაფერი ვიცით, გზა როდის გაიხსნება და შეკვეთის მიღებაზე უარს ვამბობთ“, – უთხრა „მთის ამბებს“ ნათია ბაკურაძემ.

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი მხოლოდ ნახევარი რჩება.

თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში