საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის გზის რეაბილიტაციისთვის 24 მილიონი ლარი გამოიყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:05 - 02 მაისი 2017 hits 17975

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჩინთიდან სოფელ თვალივამდე გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. თვალივიდან ჩარგლის გადასახვევამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად კი ტენდერი 1–ელ მაისს გამოცხადდა.

ჩინთიდან თვალივამდე 16 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 562 675 ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“ შეასრულებს.

როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, ჩინთი–თვალივის გზის რეაბილიტაცია შესაძლოა 2017 წლის ბოლომდე დასრულდეს.

რაც შეეხება გზას თვალივიდან ჩარგლის გადასახვევამდე, რეაბილიტაციაზე სავარაუდოდ 15 635 050 ლარი დაიხარჯება. სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 26 მაისიდან დაიწყება და 30 მაისის ჩათვლით იწარმოებს. დოკუმენტაციის თანახმად, პროექტირება და მშენებლობა ჟინვალი - ბარისახო - შატილის გზის მონაკვეთის მე-16 კილომეტრიდან 32-ე კილომეტრის ჩათვლით მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ფარგლებში ხორციელდება. პროექტის დასრულების ვადა 30 თვით არის განსაზღვრული.

„ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე გვეყოლება კონტრაქტორი კომპანია. ძირითადი სამუშაოები მომავალ წელს ჩატარდება. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ რეაბილიტაცია“, – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთიდან შატილამდე 97 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. ჩინთიდან თვალივამდე გზა ძალიან არის დაზიანებული. ზაფხულში მტვრის გამო ერთმანეთის მიყოლებით ავტომობილების მოძრაობაც ჭირს, რაც როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ასევე ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. ამასთან, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე თითქმის მთლიანად არის დაზიანებული დამცავი ჯებირები, რაც განსაკუთრებით ზამთარში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რისკებს ზრდის.

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა. ზამთარში ხევსურეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. თბილისიდან ხევსურეთში თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაფრინავს, რომელსაც მესაზღვრეები გადაჰყავს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით ადგილობრივებიც ახერხებენ გადაადგილებას. სამოქალაქო ავიარეისები ხევსურეთში იშვიათად სრულდება. ზამთარში პირიქითა ხევსურეთში, შატილი–მუცოს მხარეს დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში