საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

ლიქოკის ხეობას ბოლო ოჯახიც ტოვებს

21:29 - 24 მარტი 2017 hits 22935

ეს ჩემი წინაპრების სოფელია, აქედან არის წასული ყველა ლიქოკელი. არ მინდოდა მამაპაპისეული კერა გამეციებინა, დავბრუნდი და 10-12 წელია მარტო ვცხოვრობ ოჯახით. მომავალი ზამთრისთვის, ალბათ მეც წავალ. ადრე ავუდიოდით, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გაძნელდა აქ ყოფა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, ხევსურეთის თემის ლიქოკის ხეობის სოფლებში: კარწაულთაში, აჭეში, ბოქჩვილოში - ოფიციალურად აღარავინ არის რეგისტრირებული, მხოლოდ ჭალისოფელში ცხოვრობს შვიდი ადამიანი - დავით ლიქოკელი, დარიკო მურღოევი და მათი ხუთი შვილი: სამი ვაჟი და ორი გოგონა.

გზა

ჩინთს გასცდები თუ არა, იწყება ცუდი გზა და ბარისახომდე დარჩენილი 50 კილომეტრის გავლას 2 საათს თუ მეტსაც ვუნდებით.

დღესაც ოცდამეერთე საუკუნეში ვერ დაადგა საშველი ამ გზას. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ჩარგალი და შატილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტებია, უგზოობა ან ცუდი გზა ხევსურეთის მთავარ პრობლემად რჩება. ამას ჩივის დიდი თუ პატარა.

ჭალისოფელი კი ისედაც ამ გზის მიღმაა, ბარისახოდან დაახლოებით 9 კილომეტრში. ბარისახო-ჭალისოფლის გზა კიდევ სხვა რეალობაა.

ცხრაკილომეტრიანი გზის ნახევარზე ცოტა მეტი ვიარეთ მანქანით და მერე ნაზვავს მივადექით. ის იყო ზურგჩანთები და კამერები მოვიმარჯვეთ და გზას ფეხით შევუდექით, რომ გზად ცხენებით მომავალი მამა-შვილი დავითი და გიგლა შემოგვხვდნენ. თან ნიჩბები ჰქონდათ წამოღებული და გზის გაწმენდას აპირებდნენ. სამუშაო შევუფერხეთ.

„მერე ჩამოვიტან „დრუჟბას“ და გავხერხავ ზვავს, რომ გზა გაიწმინდოს“, - გვეუბნება დავით ლიქოკელი.

ის ემადლიერება საგზაო სამსახურის უფროსს ზურა არაბულს. „გზა ყოველკვირა იწმინდება, მაგრამ ზამთარში ხშირად ასეა, შეიძლება გაიაროს ტრაქტორმა და ეგრევე ჩამოვიდეს ზვავი“. ტრაქტორის გამოვლამდე კი ზვავზე ან ფეხით გადადიან, ან თავად წმენდენ გზას, მანქანამ გავლა რომ შეძლოს.

მარტის მიწურულის მიუხედავად, ჯერ ისევ ზამთარია ლიქოკის ხეობაში, თოვლი იდო და გზაზეც ზვავები იყო ჩამოსული.

ოცდამეერთე საუკუნის ხევსურული სოფელი

დარიკო მურღოევი ხევსურია, პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტში გაიზარდა. მისი წინაპრები ჭინჭარაულები იყვნენ. საგვარეულოში რამდენიმეს ერქვა მურღვა, ამიტომ არდოტელი ჭინჭარაულები მურღოევებად იწერებოდნენ.

დარიკოს არც მაცივარი აქვს, არც სარეცხის მანქანა, არც მიკროტალღური ღუმელი. იქნებ მოეხერხებინათ ყიდვა, მაგრამ სოფელში დღემდე არ არის ელექტროენერგია. წლების წინ სოფლის პროგრამით კი შეიძინეს მზის ბატარეა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ნათურის ანთების საშუალებას იძლევა. იშვიათად თუ ახერხებენ ტელევიზორის ჩართვას.

ამ სოფელში და მთელ ხევსურეთში არც ბუნებრივი აირია: საზამთროდ შეშას მომარაგება უნდა. თან ექვსი-შვიდი თვე ხევსურეთში ზამთარია და შეშა მერეც სჭირდებათ, საჭმელს დღესაც ღუმელზე აკეთებენ.

ოჯახი მესაქონლეობას მისდევს. „დილას ექვს-შვიდზე რომ გავდივართ ბოსელში, 1-2 საათისთვის შემოვდივართ და მერე ისევ უნდა მივხედოთ საქონელს. ჩვენს ოჯახს ასე სჭირდება. სოციალური დახმარების გარდა, ეს არის ჩვენი შემოსავალი: ყველსა და დამბალხაჭოს ვაწარმოებთ“, - გვეუბნება დავითი.

დარიკო კომუნიკაციის არარსებობაზე წუხს: „უშუქობის გამო არ გაქვს არანაირი ინფორმაცია. ბოლო დროს „მაგთიფიქსი“ კი იჭერს, მაგრამ ძნელია ტელეფონის დატენვა. ვერ ჩართავ კომპიუტერს, არადა, ბავშვების განათლებისთვის დღეს უკვე კომპიუტერის ქონა აუცილებელია“.

უმეზობლობა და მარტო ოჯახად ცხოვრებაც ძალიან რთულია.

ოდესღაც აქაური მასშტაბით, დიდი სოფელი ეთქმოდა ჭალაისოფელს (როგორც ხევსურები ეძახიან), ბევრი ხალხი ცხოვრობდა.

„ჩემს ბავშვობაშიც, მარტო აქ, წმინდა გიორგის სალოცავის მერე 10-12 კომლი იყო, ზემოთაც, იქ, მთაზე სოფელი იყო. ოთხმოცდაათიან წლებში, ბარში და ქალაქში რომ გართულდა ცხოვრება, სოფელს მოაშურა ხალხმა, საქონელი ჰყავდათ, მერე წავიდნენ და წავიდნენ. სამი წელი დაცარიელებული იყო აქაურობა. 10 წლის წინ მე წამოვედი ოჯახით. მახსოვს ორი კვირა მოვუნდით გზის გაწმენდას, აქ რომ ამოვსულიყავით. წლებია, ასე, უმეზობლოდ, მარტო ვცხოვრობთ“, - გვიამბობს დავითი.

ადრე ერთმანეთს გვერდით ედგნენ და ერთმანეთი გაჰქონდათ ხევსურებს. ახლა მარტო ცხოვრობენ. ადრე ბავშვები პატარები იყვნენ და უფრო აუდიოდნენ შრომას და მარტოობასაც. ახლა, როგორც ამბობენ, ძალიან გაუჭირდათ. როცა ბავშვები მათთან არიან, არდადეგები აქვთ ან შაბათ-კვირაა, მშობლები ბედნიერები არიან.

„წელს მკაცრი ზამთარი და დიდი თოვლი იყო და უკვე ვფიქრობთ, რომ ბოლო გამოსავალი ეს გვაქვს: ჩვენც წავიდეთ აქედან და დავტოვოთ ეს სოფელი“, - ამბობს დარიკო.

თან ბავშვების მომავალი ადარდებთ. მათ ხომ განათლება უნდა მიიღონ.

რა ღირს განათლება?

ყოველ კვირას მოიკიდებენ ზურგჩანთებს და სკოლა-პანსიონისკენ მიდიან. მათი სოფლიდან სკოლამდე 9 კილომეტრია. სიარული ძირითადად ფეხით უწევთ. ამ გზის გავლას 2 საათს ან მეტსაც უნდებიან. ისე გადიან სახლიდან, რომ დაღამებამდე ჩავიდნენ ბარისახოში.

ორშაბათიდან პარასკევამდე პანსიონში არიან. პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ან ბოლო გაკვეთილებიდანაც მიდიან და ისევ ფეხით მიუყვებიან სოფლის გზას.

გაზაფხულზე ან შემოდგომით შეიძლება მამამ მანქანითაც ჩაიყვანოს, მაგრამ ზამთარში თოვლისა და ზვავების გამო მანქანით მთელი გზის გავლა ხშირად შეუძლებელია.

ადრე მამას ჩაჰყავდა და ამოჰყავდა, ახლა გიგლას იმედი აქვთ. გიგლა უფროსი ძმაა, ის 17 წლის არის და მომავალ წელს ამთავრებს სკოლას. ელისაბედი 15 წლისაა, თათია 14-ის, გია 12-ის და გაგა 10-ის.

„ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი უმცროსი და-ძმები გზაში გაციებულან და რადგან პანსიონში უფრო რთულია ასეთ დროს დარჩენა, დედას სახლში დაუტოვებია. ამიტომ უცდებათ ხოლმე გაკვეთილები, ხან უგზოობისა და თოვლის გამო არ წავსულვართ“, - გვიამბობს გიგლა.

დედას სადარდებელი არ ელევა:

„გზაზე, რაღაც მონაკვეთზე ტელეფონი არ იჭერს და ვერ ვუკავშირდები მაგთიფიქსით. ფიქრობ, გზაზე ან მგელი არ დახვდეთ, ან მთიდან წამოსული ქვა არ დაეცეთ ბავშვებს. ზვავსაშიშროება კიდევ ცალკე თემაა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზვავები ჩამოდის. რა გულმა უნდა გაგიძლოს დედას“, - ჩივის დარიკო.

12 წლის გია იხსენებს, ერთხელ, მართლაც შეხვდათ გზაში მგელი.

„კიდევ კარგი მგელი მარტო იყო, მარტო თავდასხმას ვერ ბედავს“, - ამატებს გიგლაც.

„ბარისახოს გვერდზე სოფლიდან, კორშადან, მასწავლებლებს და სამ თუ ოთხ ბავშვს „დელიკა“ ემსახურება. კორშა შორს არაა ბარისახოდან, მაგრამ მაინც მანქანით დაჰყავთ სახლებიდან. კიდევ ერთი ოჯახის ბავშვები დაჰყავდა მანქანას სოფელ კაწალხევიდან, მაგრამ შეუწყვიტეს მანქანით ტარება და პარასკევს დილით მიდიან ხოლმე ბავშვები სკოლიდან სოფელში, რომ დაღამებამდე სახლში მისვლა მოასწრონ. ამიტომ პარასკევს გაკვეთილების გაცდენა უწევთ.

ჩვენთვის არც შემოუთავაზებიათ არასდროს, რომ სკოლის მანქანით ვეტარებინეთ კვირაში ერთხელ მაინც, რადგან ორშაბათიდან პარასკევამდე პანსიონში ვრჩებით ისედაც. სულ ფეხით დავდივართ სახლიდან სკოლაში და პირიქით, 18 კილომეტრს“.

კი გამიგია, რომ სკოლის ტრანსპორტი უნდა ატარებდეს ბავშვებს იქიდან იქამდე მაინც, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ არ შეგვეხო ეგ“, – ამბობს თათია.

ყველაზე რთული სკოლაში ბავშვების ტარებაა. ხან ისეა, რომ ერთი თვის განმავლობაში თოვს, პატარა ბავშვი ამ გზაზე რომ ატარო, ხან ზვავი წამოვა, ხან- ქვა, ხან -ნადირი... და ასეთი არც აქ ყოფნა გიღირს, არც სკოლა და არც განათლება, ბავშვის სიცოცხლე რომ გადავაყოლო. რამდენჯერ ყოფილა ზვავი წამოსულა და სადღაც ქვის ან კლდის ქვეშ შეგვიფარებია თავი“, - გვიამბობს დავითი.

თუმცა ჭალისოფლის მკვიდრი მოზარდები სულ არ ფიქრობენ, რომ ცუდად ცხოვრობენ.

„ვიღაცამ ჩვენი ცხოვრება რომ ნახოს, შეიძლება იფიქროს, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს თათია.

ასე ცხოვრობენ...

„თითქმის მთელ ხევსურეთში ერთადერთი ოჯახი ვართ, მარტო რომ ვცხოვრობთ სოფელში. აქამდე ვუძლებდით როგორღაც და ახლა უკვე ვხედავთ, რომ ვეღარ ვუძლებთ. ალბათ ჩვენც ავიყრებით“, - გვეუბნება დარიკო დამშვიდობებისას. „მშვიდობით იარეთო“, - გზას გვილოცავს და ხევსურული ტრადიციისამებრ, საგზალსაც გვატანს - გზაა მაინც, რა იცითო“.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში