საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გზის გახსნამდე თუშეთში ვერტმფრენი კვირაში ერთხელ იფრენს

13:48 - 23 მარტი 2017 hits 7770

თუშეთში, ომალოში, საავტომობილო გზის სრულ გახსნამდე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ყოველკვირეულ სამოქალაქო რეისს შეასრულებს. ასეთივე რეისები დაინიშნება იმ მთიან რეგიონებში, სადაც ზამთარში გზა რამდენიმე თვის განმავლობაში იკეტება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

„მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. აქვე ვიტყვი, რომ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ არის რაღაც კუთხით შენიშვნა. იქ საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით. ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ. კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს. ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება, როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რას სთხოვს პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმი ხელისუფლებას“. სტატიაში ექიმი მიხეილ ჭინჭარაული ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული მათი ერთადერთი ნუგეში და იმედი მესაზღვრეთა შვეულმფრენის გამოჩენაა:

„შევარდნაძის დროს ლამის კვირაში ერთხელ იყო ფრენა. ახლა სეზონზე ორი სამოქალაქო რეისი თუ იქნება: ერთი მაშინ, როდესაც, სკოლაში პირველი სემესტრი მთავრდება და პროგრამით ჩამოსული მასწავლებლები გადაჰყავთ ბარში და მერეც, იანვარში, როცა იგივე მასწავლებლები ბრუნდებიან სკოლაში, ეს არის და ეს. ბოლო წლებშიც და წელსაც ასე იყო, იანვრის ბოლოს შესრულდა ფრენა. არადა, აქ ვერტმფრენი რომ დაფრინავდეს ზამთარში თვეში ორჯერ მაინც, გაცილებით მეტი ხალხი დარჩებოდა, ბევრი ახალგაზრდა წამოვიდოდა და დამკვიდრდებოდა.“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში