საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

უგზოობის გამო ქალილოში სასწრაფო და სასკოლო ტრანსპორტი ვეღარ მიდის

20:25 - 16 მარტი 2017 hits 1551

ფშავში, სოფელ ქალილოში 18 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 14 სასკოლო, 3 კი სკოლამდელი ასაკის ბავშვია. სოფლამდე მისასვლელი გზა მდინარე არაგვზე გადის, მდინარეზე კი მხოლოდ დაკიდული ხიდია, რომელიც დაზიანებულია. ამის გამო ხიდზე ვეღარც სკოლის ავტობუსი გადადის და ვეღარც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

„რთული სიტუაციის დროს ერთადერთი გამოსავალი მანქანით მდინარე არაგვში გასვლაა, რასაც ყველა მძღოლი ვერ რისკავს. მძღოლმა რომც გარისკოს, გაზაფხულიდან შემოდგომამდე არაგვში გასვლა შეუძლებელია, რადგან ამ დროს მდინარე ადიდებულია. ეს ყველაფერი კი მთაში არსებულ რთულ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს. უკვე ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ ხალხი სოფლიდან წასვლაზე ფიქრობს“, - უთხრა „მთის ამბებს“ ქალილოში მცხოვრებმა ლელა ნათობიშვილმა.

უგზოობის გამო პრობლემა შეექმნა კოოპერატივ „ფერმერის სახლსაც“, რომელიც ქალილოში დამბალი ხაჭოს საწარმოს აშენებს. საწარმო ტრადიციული ფშაური პროდუქტის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. კოოპერატივის წევრებს სოფელში სამშენებლო მასალა ვერ გადააქვთ, რის გამოც მშენებლობა ჭიანურდება.

ქალილოსთან დამაკავშირებელი დაკიდული ხიდი 2007 წელს გაკეთდა, 2013 წელს კი მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა მალევე დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, 2016 წელს ხელმოწერები შეაგროვეს და ხიდის აღდგენის თხოვნით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს.

„ხიდის აღდგენის ან ახალი ხიდის გაკეთების მოთხოვნით არც დუშეთის საკრებულოში და არც გამგეობაში წერილი არ შემოსულა. ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. ხიდზე მსუბუქი ავტომანქანა თავისუფლად გადის, იქ გავლა შეუძლებელია მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის და ისინი ხშირად მდინარეშიც უპრობლემოდ გადიან. ქალილოსთან დამაკავშირებელ ხიდზე სატვირთო მანქანამ რომ გაიაროს, ამისთვის ახალი ხიდი უნდა აშენდეს. ამას კი 400-500 ათასი ლარი სჭირდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ასეთი ძვირადღირებული ხიდის მშენებლობის დაფინანსება შეუძლებელია. თუ მოთხოვნა იქნება, ვეცდებით რომ ხიდის მშენებლობისთვის საჭირო თანხა დონორებისგან მოვიძიოთ,“ - განაცხადა „მთის ამბებთან“ საუბარში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილმა.

ნუცა ცისკარიშვილი

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ფშავისა და ხევსურეთის ამბებს. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. E-mail: nutsa.tsiskarishvili@yahoo.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში