საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ბახმაროთი უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ

13:30 - 18 იანვარი 2017 hits 804

ბახმარო ზამთრის სეზონზე ტურისტებს წელს პირველად მასპინძლობს. კურორტზე ამჟამად ექსტრემალური სპორტის მოყვარული გერმანელი და შვეიცარიელი ტურისტები იმყოფებიან. როგორც გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ www.mtisambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, კურორტში ინვესტიციის ჩადებით ერთ-ერთი გერმანელი ბიზნესმენი დაინტერესდა.

“ახლა კურორტზე გერმანელი და შვეიცარიელი ტურისტები იმყოფებიან. მათ ორი, ზამთრის პირობებზე ადაპტირებული კოტეჯი აქვთ დაქირავებული. ჩამოდის ერთი ჯგუფი და შემდეგ მას მეორე ცვლის. სულ ზამთრის განმავლობაში ბახმარო 60 უცხოელ ტურისტს უმასპინძლებს. მათ შორის რამდენიმე ბიზნესმენიც არის. ბახმარო ძალიან მოეწონათ. როგორც იცით, აქ 6 თვის განმავლობაში - ოქტომბრიდან მაისამდე თოვლია, თან ძალიან კარგი ხარისხის. ხელოვნური გათოვლიანება საჭირო არ არის. ერთ-ერთი ბიზნესმენი ბახმაროში ინვესტიციის ჩადებითაც დაინტერესდა. მან კურორტზე სასტუმროს აშენების სურვილი გამოთქვა. ბახმაროს განვითარების მიზნით კომპლექსური ღონისძიებები უკვე დასახულია, განვითარების გენერალური გეგმაც შემუშავებულია და ის სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დამტკიცდება. კურორტამდე მისასვლელი გზა არის. შესაკეთებელი იქნება მხოლოდ გზის ბოლო, 25-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც ზამთარში ხშირად პრობელემები იქმნება. ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგებას მაისიდან დავიწყებთ. 2017 წლის ზამთრისთვის ყველაფრის გაკეთებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ 2-3 წელიწადში ბახმარო ზამთრის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება,” - აცხადებს გია სალუქვაძე.

გეგმის თანახმად, ბახმარომ ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე, ხოლო  ზაფხულში 15 ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეეძლოს.

ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარი ქვაბულია, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი ხეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.

აღმოსავლეთიდან ბახმაროს დაჰყურებს ლენჭის სერი (2505 მეტრი) ესაზღვრება, სამხრეთიდან კი საყორნიას (2755 მ) და ფაფარას (2656 მ) მწვერვალები. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში