საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გზა და უგზოობა - ხევსურეთის მთავარი პრობლემა

17:47 - 07 დეკემბერი 2016 hits 14073

ხევსურეთში მოდიხართ? ძალიან თოვს, თოვს გუშინ საღამოდან მოყოლებული, ბარისახოში კარგად დევს უკვე თოვლი. გზაში ხართ? რაღა ამ ამინდში წამოხვედით. ფრთხილად ამოდით, ღმერთი გეწეოდეთ, - ბარისახოსკენ მიმავალნი ჩვენი რეპორტაჟების ერთ-ერთ სავარაუდო გმირთან ვრეკავთ, რომ გადავამოწმოთ, იქით არის თუ არა, ან როგორი ამინდია. ის კი გვთხოვს, ყურადღებით ვიაროთ. გზა, განსაკუთრებით ზამთრის გზა, ხომ ხევსურების მთავარი სატკივარია.

ხევსურეთის პრობლემებიდან რომელს გამოყოფთ?  - ვკითხულობთ  შემდეგ ბარისახოში და - გზა, გზა, - შეთანხმებულებივით გვპასუხობენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, ახალგაზრდებიც და უფროსებიც.

ზაური ზავრაშვილი, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა 7 საათზე უკვე ჩემთან არის, გოგა ჩანადირს უნდა გავუაროთ და ბარისახოსკენ წავიდეთ. 8 საათი არ არის ჯერ, ქალაქიდან რომ გავდივართ და 40 წუთში თბილისი-გუდაურის გზაზე, ჩინთის გადასახვევთან ვართ. აქედან იწყება ფშავ-ხევსურეთის გზა:

„ჩარგალი 35 კმ, ბარისახო 56, შატილი 100“, - გვიჩვენებს აქ დადგმული აბრა.

სურვილი, რომ წელს „მთის ამბებისთვის“, ამ სულ ახალი ინტერნეტგამოცემისთვის   შატილიდანაც მოვამზადებდით რეპორტაჟს, ჯერ ვერ ავისრულეთ. ვფიქრობ, წელს ვეღარც მოვასწრებთ.  

სანამ ასეთი თოვლი წამოვიდოდა, მანამდე დავრეკეთ შატილში და არც შემოჰბედოთ უღელტეხილსო, - მკაცრად გვითხრეს შატილიონმა მეგობრებმა.

გვიანი შემოდგომიდან დათვიჯვრის უღელტეხილი იკეტება, პირიქითა ხევსურეთისკენ სამანქანე გზა აღარ არის და შატილში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება. შატილი პირიქითა ხევსურეთის ცენტრია და კავკასიონს გადაღმა მდებარეობს, პირაქეთა ხევსურეთის ცენტრი ბარისახოა. აქეთ მიმოსვლა იშვიათად წყდება. თბილისი-ბარისახოს ავტობუსიც, რომელიც იმ დღესაც, სადღაც მაღაროსკარის მიდამოებში შეგვხვდა, თითქმის მთელი წელი დადის, თუ დიდთოვლობამ გზაზე პრობლემები არ შექმნა. ეს ტრანსპორტიც, გუდამაყრის ავტობუსის არ იყოს, სახელმწიფო დოტაციაზეა და ნაწილობრივ რაიონის ბიუჯეტი აფინანსებს.

გზას დავუბრუნდეთ: თუ თბილისიდან ჩინთამდე 50 კილომეტრიანი გზა დაახლოებით 40 წუთში გავიარეთ, მერე ჩინთიდან თვალივამდე, 15 კილომეტრის გავლას თითქმის ერთი საათი მოვანდომეთ. ერთი საათი დაგვჭირდა ბარისახომდეც.

ჩინთში, როგორც იქნა, დაიგო ასფალტი, სამაგიეროდ, სოფლის ხიდის შემდეგ ეგრევე  ფუჭდება გზა, ასფალტი მოძველებულია და ამტვრეული. მძღოლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, მანქანები ორმოებს რომ ააცილონ.

„ორ წელიწადში ამ გზაზე მოისპო ჩემი მანქანა“, - ამბობს ბარისახოს ექიმი, ლელა გაბური.  

როგორც ფშავლები და ხევსურები გვეუბნებიან, მთავრობები იცვლება, მაგრამ ამ გზას საშველი არ დაადგა. ამიტომაც არის, რომ თბილისი-შატილის 150 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას ზაფხულშიც, 5-6 საათი სჭირდება. თოვლიან ზამთარში ამ მარშრუტის გაკეთებას ვერავინ რისკავს.

გზად მაღაროსკართან უკვე ლამაზად ბარდნის. ორწყალს ზემოთ კარგი თოვლია. თოვლი საფიქრალს უმატებს მთიელებს. რთულია აქაური ყოფა, განსაკუთრებით ზამთარში. რთულდება ამ მონაკვეთის გავლაც. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღესაც გზაზე, ბარისახომდე ორი ტრაქტორი მუშაობდა. როგორც გვითხრეს, შარშან უფრო აქტიურად იწმინდებოდა გზა.

„ახლა ჩირდილს იქით, სადაც მესაზღვრეები დგანან, ტრაქტორი აღარც ადის: ბისოში, ხახმატშიც არავინ რჩება. შარშან ამ დროს არხოტის გზის გაყვანაზე ჯერ კიდევ მუშაობდნენ, როშკამდე იწმინდებოდა კიდეც გზა, ახლა მშენებლობა შეჩერებულია და აღარც ტრაქტორი მუშაობს“, - გვეუბნებიან ბარისახოში.

არხოტიონ თუ პირაქეთა ხევსურებს ახარებთ არხოტის გზის გაყვანა, რადგან ულამაზეს ხეობას არასოდეს ჰქონია ძირითად საქართველოსთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა. კომუნისტების პერიოდში მხოლოდ ინგუშეთიდან შეიძლებოდა მანქანით იქ მოხვედრა, მერე ეს გზაც გაუქმდა და მხოლოდ ფეხით ან ცხენებით თუ გადახვალ უღელტეხილზე.

„გზა თუ იქნება, იქნებ იქაურებიდან ვინმე მაინც დაბრუნდეს“, - ფიქრობენ. თუმცა ახლა თითქმის დაცლილ არხოტში დაბრუნებას ვიღა ჩივის, ბარისახოს  თემის შორეული თუ ახლო სოფლებიდანაც უმეტესობას ბარისკენ უჭირავს თვალი. ბევრ სოფლამდე დღესაც არ არის სამანქანე გზა და აქაურებს 5-10 კილომეტრის ან მეტის გავლა ისევ ფეხით უხდებათ. ცხადია, ასეთ ადგილას ვეღარც მოსწავლეები რჩებიან და ვეღარც ახალგაზრდა ოჯახები. მხოლოდ მოხუცების იმედად არის სოფელი, მოხუცები - ღვთის იმედად.  ბევრთან ტელეფონით დაკავშირებაც რთულია, რადგან ტელეფონი არც იჭერს. მობილური კავშირის კომპანიებს ერთი-ორი კაცისთვის არ უღირთ ანძის დადგმა, მერე რა, რომ თითოეული მოხუცი ერთი სოფლის მაცოცხლებელია და მათი წამოსვლით სოფელიც კვდება.  

ექიმი ჩივის, რომ მძიმე შემთხვევებისას, განსაკუთრებით ზამთრის თვეეებში ძალიან უჭირს სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხევსურეთში ჩაღწევა. დუშეთიდან ბარისახომდე 70 კილომეტრია, მაგრამ წინ და უკან 140 კმ-ის გავლას სამ საათზე მეტი სჭირდება, ეს კი ძალიან დიდი დროა მწვავე და გადაუდებელი შემთხვევების დროს.

„ამ გზის გამოა, რომ ვინც წავიდა, უკან აღარავინ დაბრუნდა. ცხადია, ყველა უკეთეს პირობებს ეძებს, ვინც კარგი ცხოვრება ნახა, აქეთ აღარ წამოვა“, - ჩივიან მთას შერჩენილნი.

ეს დღენახევრიანი თოვლიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბარისახოში სინათლე გამორთულიყო. მასწავლებლები, ვისაც ფანჯარა ჰქონდა, შეშის ღუმელთან ისხდნენ, ჩვენც გვერდით მივუსხედით. ხევსურეთის პრობლემებზე ვსაუბრობდით. მერე უსინათლობის გამო ძველებური ზარი დაირეკა და ჩვენც შესვენებაზე მოსწავლეებთან სასაუბროდ გავედით.  

როგორ ცხოვრობს ხევსურეთის ყველაზე ხალხმრავალი სოფლის ყველაზე ხალხმრავალი დაწესებულება - ბარისახოს საჯარო სკოლა, ამაზე ცალკე მოგითხრობთ.

***

დღეს ოცდამეერთე საუკუნის ზამთარშიც კარგად ხვდები, რატომ იწერებოდა საუკუნის წინ მთაში „სტუმარ-მასპინძელი“, ან რად ამბობდა ამავე პოემის გმირი „დღეს სტუმარია ის ჩემიო“...

ზაფხულში უხალხობასა და უსტუმრობას არ უჩივიან, მაგრამ ზამთარში სტუმრებსაც დანატრებული არიან და ახლობლებთან ურთიერთობასაც.  

„ასე ერთი დღით ჩამოსვლა რა იყო, დარჩითო“, - გვთხოვენ არაბულ-გიგაურები, გაბურ-ლიქოკელები, მაგრამ მეორე დღეს თბილისში უნდა ვიყოთ და - თუ არ რჩებით,  დროულად წადით მაშინ, გზა არ მოყინოს, ფრთხილად იარეთო, - გვაფრთხილებენ. თან ყოველი შემთხვევისთვის საგზაო სამსახურის წარმომადგენლების ნომრებსაც გვაძლევენ.  ჩვენც ვცდილობთ, არ დავიღამოთ და დროულად გამოვდივართ. საბედნიეროდ, გზაზე დახმარება არ დაგვჭირდა.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში