საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რეპორტაჟი ფიტარეთობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:08 - 07 დეკემბერი 2016 hits 10866

ფიტარეთობა ყოველი წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღინიშნება. ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ქცის ხეობაშია. ტაძრამდე მისასვლელ გზას მდინარე კვეთს და სახიფათოა.

ეკლესიის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება.

ფიტარეთის ტაძარში ფრესკები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ყველაზე კარგად ჩრდილოეთის კედელია შემონახული. ტაძარი მდიდარია ჩუქურთმებით.

ფიტარეთში სოფელი იყო. ბოლო მოსახლე 1988 წელს გარდაიცვალა. ძირითადათ ოსები ცხოვრობდნენ.

ოცწლიან სიცარიელეს მამათა მონასტრის დაარსება მოჰყვა. მონასტერი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ფიტარეთობის ტრადიციის აღნიშვნა განახლდა. მომლოცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ამ მხარის გამოცოცხლების წინაპირობაა, სადაც ორბელიანები ცხოვრობდნენ, მათ შორის სულხან-საბა.

„წელს ბევრი ხალხი ვერ მოვიდა. მთავარი პრობლემა ცუდი გზაა. ამოსვლა მაღალი გამავლობის მანქანებსაც კი უჭირთ. ხიდი მაინც რომ გაკეთდეს, მდინარეზე გადმოსვლა შესაძლებელი იქნება და ხალხიც ივლის“, – უთხრა „მთის ამბებს“ მომლოცველმა გიორგი ასანიშვილმა.

„გზა ყველასთვის დიდი პრობლემაა. ფიტარეთი ხალხმა საერთოდ არ იცის. ვინც იცის, უგზოობის გამო მოსვლას ვერ ახერხებს. არადა, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. უკვე მრავალი წელია, მონასტერი გზის გაკეთებას ითხოვს და შედეგი არ არის“ – ამბობს ფიტარეთის მამათა მონასტრის მორჩილი ლაშა.

ტაძრამდე ორი გზა მიდის. პირველი ქალაქ თეთრიწყაროზე გადის, შემდეგ სოფელ დუმანისს მიუყვება და ტყეში გრძელდება დაახლოებით 14 კილომეტრი. გზა ძალიან დაზიანებულია.

მეორე გზა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, ტანძიის მხარეს. გზას მდინარე კვეთს და ავტომობილებს ტაძრამდე მისასვლელად პირდაპირ მდინარეში გავლა უწევთ. ეს გზაც ძალიან არის დაზიანებული და არც უსაფრთხოა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის სიმონ გულედანის განცხადებით, თეთრიწყაროს მხრიდან ფიტარეთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არც 2017 წელს არის დაგეგმილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ კი გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტს დაგეგმილი ჰქონდა მდინარეზე ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იყო მსუბუქი ავტომობილებისთვის.

„ეს პროექტი დააფინანსა კიდეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ერთ–ერთ კომპანიას აქვს ოქროს მოპოვების ლიცენზია. ამ კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, რომ ისინი შემოვიდოდნენ თანადაფინანსებაში, თუ ახალი ხიდი სატვირთო ავტომობილებისთვისაც იქნებოდა გათვლილი. ამიტომ პროექტი შეიცვალა და ხიდის მშენებლობა მალე დაიწყება“, – აღნიშნა კონსტანტინე კორძაძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესშია და ხიდი 2017 წელს აშენდება.

გოგა ჩანადირი

კინოსცენარისტი, ფოტორეპორტიორი 2001 წლიდან. მუშაობს ფოტოდოკუმენტალისტიკაში. აშუქებს ეთნოგრაფიულ და პრობლემატურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში