საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდამაყრის სკოლის მასწავლებლები მთის კანონის შეღავათებით ვერ სარგებლობენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:01 - 01 დეკემბერი 2016 hits 8005

გუდამაყრის ხეობის ყველა სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, თუმცა გუდამაყრის სკოლის მასწავლებლები უკვე სამი თვეა მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დუშეთის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ გუდამაყრის საჯარო სკოლა“ - წლებია, სკოლის შესასვლელთან სწორედ ასეთი აბრა ჰკიდია.

საქმე იმაშია, რომ სოფელი გუდამაყარი საერთოდ არ არსებობს. გუდამაყარი ფასანაურიდან ჭაუხებამდე გაშლილ შავი არაგვის ხეობას ეწოდება. სკოლა, რომელიც არაგვის შუა წელში, სოფელ ზანდუკში მდებარეობს, მთელ ხეობას ემსახურება. სოფელი გუდამაყარი არც იმ მაღალმთიანი სოფლების ჩამონათვალშია, რომელსაც მთის კანონი შეეხო.

„გუდამაყრის სკოლა 1974 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 წლიდან, როცა სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, სახელწოდება შეეცვალა და სოფელ გუდამაყრის საჯარო სკოლად იწოდება. სკოლის მისამართად მითითებულია სოფელი გუდამაყარი. მას შემდეგ, რაც მთის კანონი ძალაში შევიდა, გუდამაყრის ხეობის სოფლებმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო. რადგან მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში სოფელი გუდამაყარი არ აღმოჩნდა იმიტომ, რომ გუდამაყარი როგორც სოფელი არ არსებობს, შეღავათების გარეშე დავრჩით. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“, – გუდამაყრის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური უკვე მესამე თვეა წერილობით სთხოვს დახმარებას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა.

„მთის ამბები“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაერთხელ დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა რეაგირება მოახდინეს გუდამაყრის სკოლიდან მიღებულ წერილებზე. სამინისტროდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა დანამატი საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 %-ის ოდენობით.

მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები, რომლებსაც სრული დატვირთვა აქვთ, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სპეციალურ დანამატსაც იღებენ, რომლის ოდენობაც თვეში 142 ლარია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში