საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როცა გიგანტურ ჰესებზე პროტესტი სამსახურის დაკარგვად გიჯდება - ნარგის ნიგურიანის საქმე

21:12 - 03 მარტი 2021 hits 6121
ნარგის ნიგურიანი - მესტიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი
საზოგადოება
ნარგის ნიგურიანი - მესტიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი

ნარგის ნიგურიანი 3 წელია დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოში იბრძვის. ის მესტიის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სვანეთში ხუდონჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ნენსკრა ჰესის მიმართ საპროტესტო გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო.

ააიპ მესტიის კულტურის სამსახურს 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა. 10 წლის განმავლობაში არ მიუღია არცერთი შენიშვნა და საყვედური. აქტიურად მუშაობდნენ.

„2013 წელს ხაიშში დიდი აქცია გაიმართა. მთავრობის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. იმ აქციაზე სიტყვით გამოვედით და განვმარტეთ, რატომ ვიყავით ხუდონჰესისა და სხვა გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი. იმ დღესვე, გადაჭედილ დარბაზში, მესტიის რაიონის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა, ისე, რომ ვერ დამინახა იმდენად იყო გაბრაზებული, თქვა, მოვა ორშაბათს სამსახურში და მე ვუჩვენებო მაგას. დისციპლინური წესით ვერ გამიშვებდნენ, არცერთი გადაცდომა არ მქონია. ამის შემდეგ, წელიწადში სამჯერ აუდიტს მიგზავნიდნენ. რა დაფინანსება ჩვენ გვქონდა, ხელფასების გარდა თითქმის არაფერი. არცერთ სხვა სამსახურს ამ სიხშირით არ ამოწმებდნენ. დარღვევა რომ ვერ იპოვეს, ყოველკვირეულად ანგარიშის ჩაბარება მომთხოვა. ვაბარებდი, საშუალებას არ ვაძლევდი, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში დავედანაშაულებინე“, - ნარგის ნიგურიანს მესტიის გამგებელმა შეუთვალა, რომ აქციებში მონაწილეობა შეეწყვიტა. გამგებელი მისგან ამ აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილისა და ორგანიზატორის, კულტურის სამსახურის ღონისძიებათა ორგანიზატორის მანანა საღლიანის გათავისუფლებას ითხოვდა. ნარგის ნიგურიანმა უკანონო მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა.

2018 წლის 19 მარტს, მას კულტურის სამსახურის რეორგანიზაციის და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ აცნობეს. 22 მარტს კი ისე მოხსნეს, რომ რეორგანიზაცია ჯერ დაწყებული არ იყო და მითუფრო, არ ყოფილა დასაბუთებული ნარგის ნიგურიანის, მანანა საღლიანისა და ჰესების კიდევ ორი მოწინააღმდეგის, მაია კახიანისა და ზაზა ჩართოლანის დათხოვნის აუცილებლობა. მეტიც, საჯარო რეესტრში ააიპ-ების რეორგანიზაციაზე განაცხადი მათი გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, 23 აპრილს დარეგისტრირდა.

მესტიის მერიას კულტურის სფეროს სამი ააიპ-ის რეორგანიზაციისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდებოდა. მერიას საკრებულოსთვის ამ მოთხოვნით 2017 წლის დეკემბერში მიუმართავს. ეს ის პერიოდია, როცა მესტიაჭალაჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.

მერმა სამი ააიპ-ის გაერთიანება ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის სურვილით ახსნა. საკრებულომ მას თანხმობა მისცა.

რეორგანიზაციამდე სამივე ააიპ-ში შტატით გათვალისწინებული 96 თანამშრომელი იყო, რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა 92. მხოლოდ 4 პირი გაათავისუფლეს - ნარგის ნიგურიანი, მანანა საღლიანი, მაია კახიანი და ზაზა ჩართოლანი. რეორგანიზაციამდე სამივე ააიპ-ის ყოველთვიური დაფინანსება ჯამში 30 795 ლარს შეადგენდა. რეორგანიზაციის შემდეგ სახელფასო ფონდი 3385 ლარით გაიზარდა და 34 180 ლარი გახდა.

„მუდმივი წნეხის ქვეშ მუშაობა, უბედურებაა. ნაცვლად იმისა, რომ ხელს გიწყობდნენ, პირიქით, ხელს გიშლიან. როცა გინდა, რომ ახალგაზრდებს რაიმე ნათელი წერტილები აჩვენო, ამასაც კი არ გვანებებენ. საყვედური უთხრეს მუზეუმის ხელმძღვანელობას, დარბაზი რომ დაგვითმეს ლუხუმ ჩხვიმიანთან შეხვედრისთვის. პატარა ბიჭმა იაპონიაში, ძიუდოში შეჯიბრი მოიგო, ოქროს მედალი ჩამოიტანა. ჩამოვიდა სვანეთში და კაციშვილმა ყური არ გაიბერტყა. ჩვენ მოვუწყეთ პატარა შეხვედრა და მოვეფერეთ ამ ახალგაზრდას. ამაზეც კი პრობლემები შეგვიქმნეს“, - სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ნარგის ნიგურიანმა ზუგდიდის სასამართლოს მიმართა და კულტურის სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში მოსამართლე მანუჩარ ცაცუა წერს, რომ მესტიის მერიამ ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელეთა გათავისუფლება. სასამართლომ მერიას ნარგის ნიგურიანისთვის მხოლოდ განაცდურის ანაზღაურება დაავალა, სამსახურში კი ვერ აღადგინა იმ განმარტებით, რომ რეორგანიზაციის შედეგად ააიპ-ში დირექტორის ან მოადგილის პოზიციები ვაკანტური აღარ იყო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ნარგის ნიგურიანი სამსახურში აღდგენას ითხოვდა, მესტიის მერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ნიგურიანის გათავისუფლების შესახებ მერის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მერიას განაცდურის გადახდა დაეკისრა.

2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მოსამართლეების - ლაურა მიქავას, სიმონ ჩხაიძის და ინდირა მაშანეიშვილის შემადგენლობით, მიუთითა, რომ ერთი აიპი უფრო ეფექტურად და ეკონომიურად განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დასახულ მიზნებს და შესაბამისად, მოცემული სახით რეორგანიზაცია არ იყო ფორმალური და მას ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა; დასაქმებულების თანამდებობებიდან გათავისუფლება კი არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს.  სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება და მესტიის მერიის საჩივარი მთლიანად დააკმაყოფილა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატი ლელა გვიშიანი, რომელიც იმ პერიოდში ნარგის ნიგურიანის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება მანამდე დამკვიდრებულ სამართლებრივ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ლელა გვიშიანს ამის დასტურად უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინება მოაქვს, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური და უნდა განხორციელდეს ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით. საწარმოს ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის განხორციელების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა.

ნარგის ნიგურიანმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. რამდენიმე კვირის წინ, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მთლიანად გააუქმა და საქმე განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.

#შენიუფლებებისთვის

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ანა ჩართოლანის 8 წლიანი ბრძოლა სვანეთში

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში