საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდამაყრის სკოლა თერთმეტი მოსწავლით

17:45 - 19 ნოემბერი 2016 hits 17182

„ვ ა ს ი კ ო“, - დაფასთან დგას და ჩვენი თხოვნით საკუთარ სახელს წერს. ასო „კ“ ეშლება, მაგრამ შლის და თავიდან წერს. თითო ასო საგულდაგულოდ გამოჰყავს. გაკვეთილები დაუმთავრდა, მაგრამ საკლასო ოთახში ზის და ძმას ელის.

ვასიკო და ხვიჩა წიკლაურები გუდამაყრის ხეობის სოფელ ზანდუკში ცხოვრობენ და გუდამაყრის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ვასიკო პირველ კლასშია, ხვიჩა კი წელს ამთავრებს საშუალო სკოლას. სკოლა იქვე, მათ სოფელშია (ამ მხრივ, გაუმართლათ, რადგან სხვებივით არც დიდი მანძილის გავლა უწევთ და არც - მანქანის ლოდინი). ძმები ყოველ დილას, ჩვეულებრივ, ერთად მიდიან სკოლაში, იქიდანაც, უმეტესად, ერთად ბრუნდებიან.

ვასიკო პირველ კლასის ერთადერთი მოსწავლეა. თუმცა მასთან ერთად საკლასო ოთახში მესამეკლასელები, და-ძმა, მარიამი და დავითიც მეცადინეობენ. ეს კლას-კომპლექტია და მერი მელიქიშვილი სამივე ბავშვს ერთად ასწავლის. მოსწავლეები იყვნენ, თორემ წლებია, მერი მასწავლებელი ასეთ მუშაობას მიეჩვია.

გუდამაყრის 22 სოფლიდან (რომელთაგან ზოგი უკვე ნასოფლარია) სკოლაში დღეს მხოლოდ 11 ბავშვი დადის. სკოლაში არ არის მეორე, მეოთხე, მეხუთე, მერვე, მეცხრე კლასები. მეექვსე, მეშვიდე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში კი თითო მოსწავლეა.

ანანოც ერთადერთი მოსწავლეა მეექვსე კლასში. ყოველდღე ყველა გაკვეთილს ბეჯითად სწავლობს. უნდა თუ არა, მასწავლებელი აუცილებლად გამოკითხავს. ანანოსაც, უფროსკლასელების - ბაჩოს, ილიას, დათოს მსგავსად, ინდივიდუალური გაკვეთილები აქვს.

სკოლაში ყველაზე ხალხმრავალი მეთორმეტე კლასია, აქ ოთხი მოსწავლეა. ხვიჩა სამხედრო კარიერაზე ფიქრობს, გიორგი კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის დაინტერესებული, თეონას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ჩააბარებს. მეოთხე, ნუცა, დღეს არ ესწრება გაკვეთილებს.

შარშან სკოლა სამმა მოსწავლემ დაასრულა, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ვერცერთი ვერ მოხვდა, მომზადებული კი იყვნენ, სხვა საგნები კარგად დაძლიეს, მაგრამ უნარების გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ.

„იმ სახით, რა სახითაც უნარების გამოცდას აბარებენ, სკოლაში არ ვასწავლით. თან წელს ცოტა რთული ვარიანტები იყო. სხვა წლებში ჩვენი გოგო-ბიჭებიც წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში“, - ამბობენ მასწავლებლები. მოსწავლეთა წარუმატებლობის, მათი სიმცირისა და ხეობის დაცლის გარდა მათ სხვა საფიქრალიც აქვთ.


მასწავლებლების საწუხარი

წლების წინ, 2003 წელს, დუშელი თუ თბილისელი ჩინოვნიკის შეცდომის გამო, გუდამაყრის საშუალო სკოლას წინ სოფელი მიუწერეს და ასე იქცა არარსებულ სოფელ გუდამაყრის საშუალო სკოლად.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დუშეთის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ გუდამაყრის საჯარო სკოლა“ - წლებია, სკოლის შესასვლელთან სწორედ ასეთი აბრა ჰკიდია.

არადა, ასეთი სოფელი არ არსებობს, გუდამაყარი ფასანაურიდან ჭაუხებამდე გაშლილ შავი არაგვის ხეობას ეწოდება. სკოლა, რომელიც არაგვის შუა წელში, სოფელ ზანდუკში მდებარეობს, მთელ ხეობას ემსახურება (ადრე პანსიონიც იყო და მოსწავლეთა რიცხვი 300-400 მოსწავლესაც აღწევდა).

ცხადია, სოფელი გუდამაყარი არც იმ მაღალმთიანი სოფლების ჩამონათვალშია, რომელსაც მთის კანონი შეეხო. ამიტომ, მესამე თვეა მასწავლებლები სახელფასო დანამატს ვერ იღებენ. წერენ წერილებს გამგეობაში, სამინისტროში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

მასწავლებლებს იმედი აქვთ, რომ წლების წინ დაშვებული შეცდომაც გასწორდება და კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ. სკოლის სახელის შესწორებასთან ერთად კიდევ ერთი თხოვნა აქვთ გუდამაყრელებს: ძალიან უნდათ გუდამაყრის სკოლას გამორჩეული გუდამაყრელის - გოდერძი ჩოხელის სახელი ეწოდოს. გარკვეული პროცედურები კი დასჭირდება, მაგრამ არც ეს უნდა იყოს რთულად შესასრულებელი თხოვნა.

ჩვენი სტუმრობისას მოსწავლეები და მასწავლებლები „გუდამაყრული პოეზიის საღამოსთვის“ ემზადებოდნენ, რომელიც, ტრადიციულად, დაზამთრებამდე, ნოემბერში ტარდება თბილისში.

P.S.

დღეს მთელ გუდამაყარში, 22-მდე სოფელში 30-40 კომლი თუ იქნება. თან აქ კომლი უმეტესად ერთი ან ორი მოხუცისგან შემდგარ ოჯახს ჰქვია. ალბათ სულ ორი-სამი ოჯახია, სკოლამდელი ასაკის ბავშვები რომ ჰყავთ.

ჩოხში, პირიმზის მინდორთან ცხოვრობს წიკლაურების ახალგაზრდა ოჯახი, რომელსაც 5 წლის ნიკოლოზი და 1,5 წლის ალექსანდრე ჰყავთ.

„თუ ნიკოლოზი აქ შემოიყვანეს სკოლაში, პირველი კლასი გვეყოლება, თუ არა - არა“, - ამბობს სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური.

ბიჭების დედიკო, 25 წლის მარიამ ქავთარაძე ფასანაურიდანაა.

„გუდამაყრის სკოლას მანქანა კი ემსახურება, მაგრამ ნიკოლოზმა ყოველდღე 4-5 კილომეტრი უნდა იაროს მარტომ, თან აქ ძლიერი ყინვები იცის. მეცოდება ბავშვი. არ ვიცი, იქნებ ფასანაურში გადავიდეთ ჩემებთან. ჯერ არ გადაგვიწყვეტია“, - ამბობს ბიჭების დედა.

გუდამაყრის სკოლა კი ბავშვებს ელის, წლევანდელი მეთორმეტეკლასელები რომ წავლენ, აქ მხოლოდ 7 ბავშვი დარჩება...

„გამრავლდებიან არაგვზე გუდამაყრელთა ბალღები“- თავმას ჩოხელისაც არ იყოს, მთელ გუდამაყარს ოცნებად აქვს ქცეული...

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში