საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არხოტის იმედი - 26 წლის იმედა ნაროზაული, რომელიც საზღვრისპირა ხეობაში დამკვიდრდა

20:50 - 17 ოქტომბერი 2020 hits 24061

სამი თვის იყო, პირველად არხოტის სამიათასმეტრიან უღელტეხილზე რომ გადაიყვანეს ზურგზემოკიდებულ ხურჯინში ჩასმული. 2 კლასი ახიელას დაწყებით სკოლაში დაამთავრა. სკოლის დახურვის შემდეგ ნაროზაულების ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად ქალაქ რუსთავთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში გადასულიყო. საზაფხულო არდადეგების დაწყებისთანავე, წელთგზით არხოტში გადადიოდა და იქ სექტემბრამდე რჩებოდა. იმედა ახლა 26 წლისაა. ორი წლის წინ, საცხოვრებლად საქართველო-ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტში გადავიდა. ხეობას არც გზა ჰქონდა, არც სატელეფონო კავშირი, არც ინტერნეტი. 30 წლის წინ აშენებული ჰესიც ხან მუშაობდა, ხან არა. გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.

„ჩემთვის მთა თავისუფლებაა. პატარა რომ ვიყავი, ხან რომელ მთას ვიყავი მიკედლებული, ხან რომელს. ხან ცხენით ვიყავი, ხან ფეხით. მიყვარს მთა და ამიტომაც ვარ აქ. ჩემი მშობლები აქ ცხოვრობდნენ და მეც აქ ვიყავი. 26 წლის ვარ და მინდა, სულ აქ ვიცხოვრო. ის ტრადიციები, სიძნელეები, ყველაფერს ვუყურებდი. ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ ჩემი მშობლები, ვიდრე არხოტში გზას გაჭრიდნენ, ცხენებით გადადიოდნენ და ისე მოჰქონდათ ფქვილი, მარილი, რომ აქ ეცხოვრათ“, - არხოტი დანარჩენ საქართველოს სამანქანო გზით პირველად 2017 წელს დაუკავშირდა. მანამდე სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობამდე მხოლოდ 28 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი გვაკავშირებდა. 1994 წლამდე არხოტიონები ინგუშეთიდან შემავალი საავტომობილო გზით სარგებლობდნენ.

უგზოდ დარჩენილ არხოტში იშვიათად უცხოელ ტურისტებს თუ ნახავდნენ ხეობის სამ სოფელში მუდმივად მცხოვრებნი - ამღაში სანდუა წიკლაური და მისი შვილები, ახიელში შიო ოჩიაური, ელისო ნაროზაული და ჯარჯი ცისკარაული, ჭიმღაში გიგლა ოჩიაური.

ნოემბრიდან ივნისამდე, 7 თვის განმავლობაში, ვიდრე არხოტის უღელტეხილზე თოვლი არ დადნება, ხეობაში შესვლისა და იქიდან გამოღწევის ერთადერთი საშუალება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო მაშინაც და ახლაც, რადგან ახალგაჭრილი გზა ნოემბერში იკეტება და ივნისამდე არ ხსნიან. ზამთარში, ჩაკეტილ ხეობაში იმედასთვის ყველაზე ძნელად გასაძლები კავშირის არქონა აღმოჩნდა. გაუჭირდა, მაგრამ არ გაიქცა.

2018 წელს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი შეიქმნა. არხოტში რამდენიმე ვაკანსია გაჩნდა. იმედამ კონკურსი გაიარა და რეინჯერად დანიშნეს. არხოტში სამუშაოდ კიდევ ერთი ახალგაზრდა, დედოფლისწყაროში გაზრდილი ხევსური გაგა ცისკარაული გადავიდა. ერთმანეთს ამხნევებდნენ, ეროვნული პარკის პოპულარიზაციას ხელს უწყობდნენ და „ღონიერი და გავლენიანი ბრაკონიერებისგან“ დაცვასაც ცდილობენ.

ამ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციისა და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2019 წელს, არხოტის ხეობაში, ისევე როგორც დანარჩენ ხევსურეთში ინტერნეტიც შევიდა. გასულ წელს ახიელში მთავრობამ ახალი მცირე ჰესიც ააშენა და ხეობის სამივე სოფელს ელექტროენერგია უწყვეტად აქვს.

გზა ისევ პრობლემურია, მოუვლელი და საშიში, მაგრამ იმედას იმედი აქვს, რომ გზასაც ეშველება, მოწესრიგდება, უფრო ადრე გაიხსნება და გვიან დაიკეტება.

კარგმა ცვლილებებმა იმედას არხოტის ხეობაში ტურიზმის განვითარებისკენ უბიძგა. წელს, შემოდგომაზე დაიწყო და დაზამთრებამდე სასტუმრო სახლის მშენებლობა დაასრულა. მშენებლობისთვის საქონლის ნაწილი გაყიდა, რამდენიმე კი დაიტოვა, რომ სტუმრებს ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდეს. ეს პირველი სასტუმრო იქნება არხოტის ხეობაში.

ახლა იმედა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობს. სასტუმრო სახლისთვის ავეჯისა და ინვენტარის შეძენა სურს. მხარდაჭერა თუ მიიღო, სასტუმროს გახსნას 2021 წლის ზაფხულში გეგმავს.

„ახალგაზრდამ აქ რომ იცხოვროს, სამსახური უნდა ჰქონდეს. ისე ძნელია. სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება, როდესაც ვაკანსია აქვთ არხოტში, აქედან ან აქაური რომ მიმართავს, მას უნდა ჰქონდეს უპირატესობა, ვიდრე სხვას. აქ გაზრდილის, არხოტთან დაკავშირებული ახალგაზრდის დაფუძნება, დამაგრება უფრო ადვილია საზღვრისპირა არხოტში

ვიდრე სხვა რეგიონის მცხოვრების. აქვე რუსეთია, ახალგაზრდები თუ არ ვიქნებით, მოხუცები რომ აღარ იქნებიან, ვინ მოუვლის აქაურობას?“, - არხოტში იმედას ხევსურული სამოსით გამოარჩევთ. ასე დადის, ტრადიციის აღდგენა განუზრახავს: „ბევრს გაუკვირდა, ახალგაზრდა ბიჭს ასე რატომ უნდა გეცვასო. ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მიყვებიან, ჩემი პაპები როგორ იყვნენ. წინაპრებს რომ ვუსმენდი, ძალიან ჩამიჯდა გულში, რომ ასე მევლო. მთას უხდება ეს სამოსი, ლამაზია, ადამიანსაც უხარია, შეგხვდება და ჩაგეხუტება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში