საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

30 წლის ზურა გუტაშვილი, რომელიც 12 წლიანი ემიგრაციის შემდეგ პოლონეთიდან გლოლაში დაბრუნდა

19:30 - 29 მაისი 2020 hits 23713

12 წლის განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იცხოვრა, ბოლო 7 წელი პოლონეთის ქალაქ გდანსკში ტურისტულ გიდად მუშაობდა. ზურა გუტაშვილი, საქართველოში დაბრუნებული 30 წლის რაჭველი ახალგაზრდაა. გლოლაში მამაპაპისეულ სახლს ახალ სიცოცხლეს უბრუნებს.

„ალბათ, ყველა ადამიანს აქვს გულის სიღრმეში თავის ქვეყნის სიყვარული, რომელმაც ჩემში 30 წლის ასაკში გაიღვიძა და მამა-პაპის მიწაზე დამაბრუნა“ - ზურა ძველ სახლში საოჯახო სასტუმროს აკეთებს.

სახლი თბილისშიც აქვს, მაგრამ ქვეყანაში დაბრუნების მერე იქ მხოლოდ ორი კვირა გაძლო. ზურა სამი შვილის მამაა, პოლონეთში მყოფ მეუღლეს და შვილებს რაჭის ამბებს ტელეფონით უზიარებს.

„ისე მიყვარს ჩემი სოფელი, ღამე მესიზმრებოდა სოფლის საქმეების კეთება. ბოლო ორი წელი საერთოდ ვეღარ ვიძინებდი“, - სოფელში დაბრუნებულს ბევრი პრობლემა დახვდა. რაჭის დაცლილ სოფლებში დამხმარე მუშახელის შოვნა უჭირს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო კი საოჯახო სასტუმროს გარემონტება მარტოს უწევს.

კიტრი და პომიდორი უკვე დარგო. ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს დაახვედრებს: „ტურისტებს განსაკუთრებით სიამოვნებთ, როცა მასპინძელი ადგილობრივი პროდუქტით უმასპინძლდება. ეს მოსწონთ და უხარიათ“.

რაჭას ბევრი ახალგაზრდა ტოვებს, ამიტომ გლოლაში ზურას დაბრუნება ბევრს გაუკვირდა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა (37 %). 2002 წელს, ონის რაიონში 9 182, ამბროლაურის რაიონში კი 16 225 ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ონის მუნიციპალიტეტში 6 130 ადამიანი ცხოვრობს, ამბროლაურში 9 139. ბოლო 6 წელში მთაში ხალხი კიდევ უფრო შემცირდა. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება. მაღალმთიან დასახლებებს ძირითადად მოხუცები შემორჩნენ.

„ყველა მეუბნება რამ დაგაბრუნა აქ? მარტო ამას როგორ ახერხებ? ოღონდ აქედან წაგვიყვანა და აქეთ აღარ დავბრუნდებითო. გული მტკივა, ძალიან მტივა გული, ეს რომ მესმის. თუ ახალგაზრდების დაბრუნება გვინდა სოფელში და მაღალმთიან რეგიონებში, აუცილებელია მოტივაცია“

- ზურას მიაჩნია, რომ ახალგაზრდებში მოტივაციის გაღვივებას მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება: „სახელმწიფომ ახალგაზრდების მხარდასაჭერად რამე პროგრამა უნდა განახორციელოს. ასევე, სოფლებში ინფრასტრუქტურას მიხედოს. ელექტროენერგიის ძველი ტრანსფორმატორი ხშირად 220 ვოლტის ნაცვლად 180 ვოლტს გამოიმუშავებს, რაც ელექტროტექნიკას გვიზიანებს. საოჯახო სასტუმროს ვაკეთებ და წყალი არ მოგვეწოდება ნორმალურად. ბუნებრივი აირი არ არის და ტყე იჩეხება“.

პრობლემა ბევრია, მაგრამ უკან წასვლა არც უფიქრია. მისი სახლიდან დეფაქტო საზღვრამდე 25 კილომეტრია „ჩვენსასაზღვრო ზონაში ვიმყოფებით. თითოეული მოსახლე აქ ამ რეგიონის ჯარისკაცია. ჩვენც თუ დავიცალეთ და ახალგაზრებიც თუ წავალთ, აღარავინ დარჩება აქ“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში