საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი ჰესები არდოტში, შატილსა და არხოტში - 13 მილიონი საზღვრისპირა ხევსურეთის განათებისთვის

23:22 - 30 მარტი 2020 hits 9821

ხევსურეთში, სოფელ არდოტში 150 კვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა. ტენდერის ღირებულება 5 797 600 ლარია. არდოტში ჰესის მშენებლობა 2020 წლის 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. არდოტის ჰესი ელექტროენერგიით არდოტის, ბახაოსა და ანდაქის მცხოვრებლებს უზრუნველყოფს. ენერგეტიკის განვითარების ფონდი წელსვე გეგმავს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობას როშკასა და არხოტის ხეობის სოფლებში - ახიელში, ამღასა და ჭიმღაში.

მშენებლობის დასრულების შემდეგ არდოტის ჰესი სამართავად დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს. ამ ეტაპზე აღნიშნული ჰესი არ ჩაირთვება არც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელში და არც რომელიმე სადისტრიბუციო ქსელს მიუერთდება, მაგრამ მომავალში შესაძლებელია მისი ქსელთან მიერთება.

ამავე ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირება და აშენება არდოტში, ბახაოსა და ანდაქში. დოკუმენტის მიხედვით, არდოტში 11 აბონენტია, ბახაოში 2, ანდაქში კი 3. ჰესი

ენერგეტიკის განვითარების ფონდს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული როშკაში, ახიელში, ამღასა და ჭიმღაში ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობაზე, რისთვისაც 3 498 094 ლარია გათვალისწინებული. ხაზის მშენებლობა 2020 წლის 30 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო და ყველაზე დაბალი ფასი (1 349 999 ლარი) შპს „ენერგოსერვისმა“ შესთავაზა. სატენდერო კომისიამ „ენერგოსერვისს“ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება მოსთხოვა და ამისათვის ვადა 2 აპრილამდე მისცა.

„მთის ამბებმა“ ბოლო 2 წლის განმავლობაში ხევსურეთის უშუქოდ დარჩენილი სოფლებიდან არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, მცირე ჰესების მშენებლობას და უშუქობის პრობლემის ამ გზით გადაწყვეტას ითხოვდა ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციაც.

არდოტში, ბახაოსა და ანდაქში ელექტროენერგია არასდროს ყოფილა. ამ სოფლებში მუდმივად მცხოვრებლებს მზის პატარა ბატარეები აქვთ.

1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიას თაოსნობით აშენებული ჰესი ფუნქციონირებდა არხოტის ხეობის სოფელ ახიელში, რომელიც შუქს ამღასაც აწვდიდა. ჰესი მწყობრიდან იყო გამოსული და არხოტში ჯერ კიდევ შემორჩენილი 4-5 ოჯახი უშუქოდ ხშირად რჩებოდა. შუქი არასდროს ჰქონია სოფელ ჭიმღას.

არხოტის ხეობის სოფელ ახიელში 200 კვტ დადგმული სიმძლავრის ახალი ჰიდროელექტროსადგური 2019 წლის ბოლოს აშენდა, რაზეც ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.

2019 წლის დეკემბერში დასრულდა ახალი ჰიდროელექტროსადგურის „ბიტეხი 1“-ის მშენებლობა შატილშიც, რომლის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ-ია. სამშენებლო სამუშაოები შპს „პარვუს ჰიდრომ“ შეასრულა, რაშიც 2 471 200 ლარი მიიღო. ჰესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შატილის მოსახლეობას უკვე აწვდის ელექტროენერგიას. მანამდე შატილის მოსახლეობაც ძველი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდებოდა. ჰესი აქაც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და მოსახლეობა განსაკუთრებით ზამთარში უშუქოდ იყო რამდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეც.

ახალი, 100 კვტ დადგმული სიმძლავრის ჰესი ფუნქციონირებს სოფელ მუცოშიც, რომელიც 2015 წელს აშენდა. ჰესის მშენებლობაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მას შემდეგ მუცოში მუდმივად სამი ოჯახი ცხოვრობს.

პირიქითა ხევსურეთში, იმ სოფლებიდან სადაც მუდმივი მოსახლეები არიან, ხონე ერთადერთ უშუქო სოფლად რჩება. გასული წლის ბოლოს, მთავრობამ, სოფელში ოთხ ოჯახს მზის ბატარეები გადასცა. მოსახლეობა მომთაბარეობას ეწევა. ისინი ზაფხულობით ხონისჭალაში ცხოვრობენ, ნოემბრიდან აპრილამდე კი ზემოთ ადიან, ხონეში. ადგილობრივებმა მზის პანელების დამონტაჟება ხონისჭალაში გადაწყვიტეს, ხონეში კი ისევ ლამფის შუქის იმედად დარჩნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში