საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როშკას ერთი ოჯახიღა შემორჩა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:10 - 21 დეკემბერი 2019 hits 17819
ფოტოზე - მინდია წიკლაური
საზოგადოება
ფოტოზე - მინდია წიკლაური

„იმ დღეს, რატომღაც არ მჯეროდა, ყველა მიდისო და ცარიელი რჩებაო სოფელი. ისეთი შეგრძნება მქონდა, არ მჯეროდა. მერე, შუქი რომ აღარსად გაენთო, ბოლიც ვერსაიდან დავინახე ამოსული, ისე ვნერვიულობდი, მივდიოდი-მოვდიოდი, როგორ დავრჩით მეთქი მარტუები, ეს რა მოგვივიდა, რა გვეშველება... არ მინდა გავიდე და გავიხედო. მგონია, რომ გამოვალ, ვიღაცას დავინახავ. გვიანღა ვხვდები რომ არავინ არის“.

წლევანდელ ზამთარს როშკა ერთი ოჯახით შეხვდა. ერთ დროს ხალხმრავლობით გამორჩეულ ხევსურულ სოფელში, წელს მინდია წიკლაური და მისი მეუღლე ნათელა ბურდულიღა დარჩნენ.

არც მინდიას სჯეროდა, რომ ეს წელს მოხდებოდა: „არ მეგონა რა... შარშანწინ ოთხი კომლი ვიყავით. ისინიც მოხუცდნენ. რამე რომ დაგჭირდეს, ზამთარში ექიმთან ვერ წახვალ, სასწრაფო ვერ მოვა. ჩაკეტილი ხარ. იძულებული გახდნენ რომ წასულიყვნენ“.

ორი წლის წინ, როშკაში მუდმივად მცხოვრები ოთხი ოჯახი იყო. შარშან სამმა ოჯახმა გამოიზამთრა. გაისად კი, შესაძლოა, სოფელი მთლიანად დაიცალოს.

„კაცს რომ რამე მოუვიდეს გარეთ, შიგნით შემომყვანი არავინ არის. უნდა დარჩეს და გაიყინოს ან ნადირმა შეჭამოს. ჩვენს გამო აქ ვერტმფრენი როგორ მოვა. ცუდად არ გავხდეთ ზამთარში, მაგ გვაქვ მარტო საფიქრალი“, - ამბობს ნათელა ბურდული.

თოვლის მოსვლასთან ერთად როშკა გაზაფხულამდე გარესამყაროს წყდება. გზა თოვლისა და ყინულისგან არ იწმინდება, არადა, შესაძლებელია. ჩრდილის მხარესაა და თოვლს დნობაც უჭირს. მინდია წიკლაურს ახალი გზის მშენებლობის იმედი აქვს - აქ ყოფნას გაგვიადვილებსო. როშკამდე ახალი გზის მშენებლობას გზების დეპარტამენტი რამდენიმე წელია აპირებს, მაგრამ პირველი პროექტი ჩავარდა.

როშკაში ათ წელზე მეტია ბავშვი აღარ დაბადებულა. მინდია წიკლაურის სახლთან, პატარა სკოლის შენობა დღეს ისეთივე ცივი და მდუმარეა, როგორც სოფელში მდგარი სახლები. ახალგაზრდა ოჯახები როშკიდან ჯერ ბარისახოში გადაცხოვრდნენ, იქიდან თბილისშიც გადავიდნენ, უკან კი მხოლოდ ზაფხულობით ბრუნდებიან, მცირე ხნით, როცა როშკაში ტურისტების სიმრავლეა. როშკაზე გადის აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალი გზა.

„მთაში ყოფა რთულია. აქ ისევ მამა-პაპური საშუალებებით უნდა მოხნა მიწა, მოუარო საქონელს და თიბო ბალახი. დიდ ჯაფას და შრომას მოითხოვს, ხნიერი ადამიანისთვის კი ეს შრომა სულ უფრო ჭირს და იძულებულია წავიდეს. ახალგაზრდობა აქ აღარ ჩერდება. რა ქნან, ბავშვებს განათლებას ვერ აძლევენ და სამუშაო კიდევ აქ არ არის“, - გვიამბობს მინდია წიკლაური და იქვე ამატებს:

„ერთი კაცი მაინც რომ მოვიდეს, არსად წავალ“.

როშკაში ერთი სახლიდან ჯერ კიდევ ამოდის კვამლი, მაგრამ გზის პრობლემას მალე თუ არ გადაწყვეტენ, კიდევ ერთ სოფელში ჩაქრება სინათლე.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, გიორგი შარმაზანაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში