საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხალდეს მერცხლები - რუსების მიერ განადგურებულ სოფელში დაბრუნებული ოჯახის თხოვნა მთავრობას

18:07 - 06 ოქტომბერი 2019 hits 26001

ჯოხაძეების ერთი და გასვიანების სამი ოჯახი დაუბრუნდა ხალდეს - სვანეთში, მეფის რუსეთის მიერ განადგურებულ სოფელს, თავისუფლებას რომ შეწირეს მე-19 საუკუნის ბოლოს. ბევრს არაფერს ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან - მხოლოდ გზას და შუქს.

ერეკლე ჯოხაძე პირველი მერცხალია ხალდეში დაბრუნებულთაგან, 1987 წელს სვანეთში მომხდარი ძლიერი სტიქიის შემდეგ, როცა სხვადასხვა სოფლიდან ხალხი ქვემო ქართლში გადაასახლეს.

მე-19 წელია მამაპაპისეული სახლის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს. ბევრნი არიან - 10 დედმამიშვილი, ზაფხულობით 50-მდე გროვდებიან შვილებიან-შვილიშვილებიანად.

"ბოლო 2-3 წელია ტურიზმიც წამოგვეწია. დიდი ხელშეწყობაა. ბევრი ბრუნდება ახლა და მე მგონი, სოფელი გაივსება, ჩემი ნატვრა ასრულდება. სულ ამას ვნატრობდი, რომ ეს სოფელი გაცოცხლდეს", - ამბობს ერეკლე.

ხალდე კალის თემშია, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. იფრალიდან 10 წუთის სავალზეა.

ზამთარში იფრალამდეც რთულია ასვლა, გზის მოუვლელობის გამო, იფრალიდან ხალდემდე კი რამდენიმე საზვავეა და გზას არავინ წმენდს. ხალდეში შუქიც არასდროს ყოფილა, არადა იფრალიდან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული.

ერეკლეს თქმით, 2000 წლიდან მიმართავენ ხელისუფლებას ხალდეს გზა და შუქი რომ ჰქონდეს. წელს, ნოემბრის შუა რიცხვებამდე დაპირდნენ სოფელში შუქის მიყვანას.

"ზამთარშიც სიამოვნებით დავრჩებოდით აქ. უზარმაზარი წვალება გვიწევს - გვიან შემოდგომაზე სატვირთოზე დაბარგება და აქედან დაბრუნება გარდაბანში, გაზაფხულზე კი ისევ უკან ამოსვლა. ხარჯიც დიდია, მაგრამ ზამთარში აქ გზა იკეტება. ტრაქტორი უნდა, რომ გაწმინდოს. უგზოდ ექიმი რომ დაგვჭირდეს, რა უნდა ვქნათ? დახმარება მოაბრუნებს აქ ხალხს. ბევრ ოჯახს არა აქვს იმის ფული, რომ მამაპაპისეული სახლი აღადგინოს. ბევრს უნდა მოსვლა, მაგრამ ვერ ახერხებს".

ჯოხაძეების ოჯახი მადლიერია სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში". გასულ წელს მცირე გრანტი მიიღეს, მზის ბატარეები შეიძინეს - ნათურასაც ანთებენ და ტექნიკასაც ამუშავებენ.

ტურისტების რიცხვის ზრდის კვალდაკვალ სოფელმა ძველი იერსახე და ღირებულება რომ არ დაკარგოს, ადგილობრივები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ყურადღებას და მხარდაჭერას ითხოვენ.

რუსეთის წინააღმდეგ ხალდეს აჯანყებისა და თავისუფლებას შეწირული გმირების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა რომ გაიგოს, ამ მიზნით "მთის ამბები" უახლოეს პერიოდში რამდენიმე ინიციატივას წარმოადგენს.

გაეცანით ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის ნოდარ შოშიტაშვილის სტატიას ხალდეს აჯანყების შესახებ, რომელიც 2012 წელს ჟურნალში "ისტორიანი" გამოქვეყნდა.

 

ხალდეს აჯანყება

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნის პირველ ნახევარში აქტიურდება (კახეთისა და მთიულეთის აჯანყებები, საეკლესიო ბუნტი დასავლეთ საქართველოში). საუკუნის მეორე ნახევარში კი აქცენტი ეთნიკური თვითშეგნების აღორძინებაზე გადადის. ამ პერიოდსვე მიეკუთვნება აჯანყება სვანეთში, სოფელ ხალდეში 1875-1876 წლებში.

ის, რაც რუსებმა მოახერხეს საქართველოს სხვა კუთხეებში, ვერ განახორციელეს სვანეთში, რადგან სამთავროს გაუქმების შემდეგაც ვერ შეძლეს რეალურად ამ კუთხის დამორჩილება. ცინიკური იყო მოსახლეობის ლოთობაში დადანაშაულება, რისთვისაც სოფლებში აღირიცხა არყის სახდელი ქვაბები და გამოხდაზე დაწესდა ბაჟი.

კონფლიქტის პროვოცირება ადგილობრივი თავადის, თენგიზ დადეშქელიანისგან მოდის. მას ბალსზემოთა, უბატონო სვანეთის მოსახლეობისთვის გამოუცხადებია ხაზინისთვის გადასაცემი მიწების აზომვის შესახებ. ასევე მისთვის უნდა მიეწოდებინათ ცნობები, რა რაოდენობით ჰყავდათ პირუტყვი - ხარ-ძროხა-ცხენით დაწყებული, ძაღლითა და კატით დამთავრებული (მათზეც გადასახადების დასაწესებლად!). ხალხს ამ გაუგონარი განზრახვის გამო თხოვნით მიუმართავს დადეშქელიანისა და ბოქაულისთვისაც, შუამავლად ჩამდგარიყვნენ მთავრობის წინაშე. მათ კი ცეცხლზე ნავთი დაუსხამთ და მოუთხოვიათ არაყსა და თუთუნზე აქციზის დაწესებაც. შემდგომ კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ამბავი ხდება. დადეშქელიანმა მოსახლეობა დაამშვიდა, - ნურაფერს გადაიხდით, მეც გვერდით დაგიდგებითო, თუმცა კი ხალხი იმედის ანაბარა მიატოვა. მერე სულაც ჯარები გამოითხოვა ქუთაისიდან მათ დასასჯელად.

ეს სვანეთის აჯანყების პირველი ეტაპია. 1875 წლის მაისში ბალსზემო სვანეთში დაიწყეს მიწების აღწერა. შეიარაღებული მამაკაცები სოფელ კალაში შეკრებილან კვირიკეს სალოცავთან. მჭევრმეტყველებით გამორჩეული ყოფილა ყასბულათ შერვაშიძის მიმართვა შეკრებილებისადმი: «ჩემზე მოხუცნი ურევია ამ ყრილობას და ისინი ჩემზე უკეთ იტყვიან, რომ ვისაც ჩვენი დამონება და ხელში ჩაგდება მოუნდომებია, ყველანი ჩვენი მსხვერპლნი გამხდარან! სვანეთის სალოცავმა გვაშოროს, რომ თოფი და ხანჯალი დაგვჭირდეს ახლაც. ამგვარი საქმის მოსურნე არავინ ვართ... ხმა დადის ჩვენი მიწების დაბეგვრა უნდათო. თუ ეს მართალი გამოდგა, მაშინ სიცოცხლის პირი არა გვაქვს და მუდამ წვალებას ის გვირჩევნია, ერთ დღეს გავთავდეთ».

გადაწყდა ბალისა და ლატფარის უღელტეხილების ჩაკეტვა. რუსებმა მრავალრიცხოვანი სამხედრო ექსპედიცია მოამზადეს ტფილისსა და ქუთაისში. დიდი ჯარი მიადგა ქვემო სვანეთის კარიბჭეს გენერალ ციტოვიჩის წინამძღოლობით. ამჯერად მოლაპარაკების გზით ლეჩხუმიდან მაზრის უფროსი გრინევსკი და მისი თანმხლებნი ლატფარის უღელტეხილით მივიდნენ სოფელ ლალხორში, ხოლო შემდგომ უკვე რუსთა რაზმიც ჩავიდა ბეჩოში. აქ უკვე რუსულმა მხარემ დაივიწყა მოლაპარაკების პირობები და შეიპყრეს ბუნტის მოთავეები. დატუსაღებული თავკაცები ქუთაისის სატუსაღოში გამოამწყვდიეს. აჯანყების პირველ ეტაპს ემსხვერპლნენ ყასბულათ შერვაშიძე და გინადრუყ ფარჯიანი.

1876 წელს მოვლენები ასე განვითარდა: წინა წელს აჯანყების მეთაურებად, ანუ ბუნტისთავებად გამოცხადებული 19 კაციდან სამი არ ენდო რუსებს და ვერც შეიპყრეს. გრინევსკიმ გადაწყვიტა, უშუალოდ ეხელმძღვანელა სადამსჯელო ექსპედიციისთვის, რომელიც თავდაპირველად მულახს «ესტუმრა», სადაც შეიპყრეს შახუბათ ქურდიანის ორი უდანაშაულო ვაჟი და კალაში წაიყვანეს. აქედანვე გაგზავნეს ხალდეში მოსალაპარაკებლად მღვდელი ალექსი ბაქრაძე და მამასახლისი მარგველანი.

გრინევსკიმ მოითხოვა, დამნაშავენი გადმოგვეცითო. ხალდელებს ორაზროვნად შეუთვლიათ, ჩვენი ხელით ვერ დავიჭერთ და ვერ მოგგვრით, თქვენ კი თუ შეძლებთ, შეიპყარითო. ავმა წინათგრძნობამ შეიპყრო სოფელი. ბევრმა ცოლ-შვილის გახიზვნა დაიწყო. ხალდელებმა არც რუსები შეუშვეს სოფელში და მით უმეტეს, არც თვითონ გამოეგებნენ გრინევსკის. მითუფრო, რომ ავი გამოცდილება ჰქონდათ უკვე: ვინც წინა წელს ქუთაისს წაიყვანეს, ყველანი ციხეში დაიხოცნენ. იქ სიკვდილს კი აქ სიკვდილი გვირჩევნიაო. ეს მოხდა 31 ივლისს. ამრიგად, სადამსჯელო რაზმი თავის მეთაურებთან ერთად ხალდეს მისადგომებთან ყურყუტებდა.

ხალდელები მთლად კმაყოფილნი არ დარჩენილან ბესარიონ ნიჟარაძის შუამავლობით. მართალია, სოფელი არ გამოჰყვა, მაგრამ ხალდელთა ერთი ნაწილი, ძირითადად ნათესავები მაინც დაუთანხმებია შეხვედრაზე იმ პირობით, რომ ხალხი გაჩერდებოდა ჯარისგან ერთი ვერსის სიშორეზე და შეხვდებოდნენ მხოლოდ გრინევსკის. მაგრამ ბესარიონ ნიჟარაძის მცდელობა ამაო გამოდგა, შეხვედრა არ შედგა, რადგან სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა დაპირისპირება გრინევსკისა და მაიორ ლეუსს შორის (ორივეს პირველობა უნდოდა). ასე რომ, ერთმანეთის ჯიბრზე გრინევსკი და ლეუსი ჯარით ხალდესკენ გაემართნენ.

ამრიგად, 1-ელ აგვისტოს გრინევსკი შეიარაღებული ჯარითა და ამალით ხალდეს მიადგა. ხალდეს დამცველთა ერთ-ერთი შთამომავლის, ჯოყოლა ჩეგიანის ცნობით,

ხალდეში ოთხი გვარის ოცდახუთი ოჯახი სახლობდა: რვა კომლი ყოფილა გასვიანებისა, შვიდ-შვიდი - ჩოფლიანებისა და ჯოხაძეებისა, ხოლო სამი კომლი ჩეგიანებისა. როგორც მთხრობელები გადმოგვცემენ, ამათ გარდა მეხუთე გვარიც ყოფილა ხალდეში. ორი კომლი ქოჩქიანებისა, მაგრამ ამ გვარმა დაფიცებაში არ მიიღო მონაწილეობა და ხალდე დაუტოვებიათ.

სოფელში იმ დროისთვის თორმეტი კოშკი ანუ მურყვამი მდგარა. ცხადია, თავისებურ სიმაგრეს წარმოადგენდა სვანური ქვითკირის სახლიც ანუ ლუშნუ ქორი და განსაკუთრებით მაჩვიბი. ორმოცამდე შეიარაღებული მამაკაცი კოშკებში განლაგდა, ხოლო დარბაისელი მოხუცნი სოფლის შუაგულში, სვიფში ელოდნენ მშვიდობიანად მტერს იმ იმედით, იქნებ საქმე კეთილად მოგვარდესო.

პირველი ხალდეში გრინევსკი შევიდა. ჯარის ერთი ნაწილი ხალდეში გაიშალა, მეორე ნაწილი კი სოფელთან განლაგდა და ალყაში მოაქცია იგი. უხუცესებმა სცადეს მშვიდობიანად მორიგება, ისიც გამოუცხადეს მომხდურთ, რომ ძებნილთა ხელის დაფარებას არც აპირებდნენ, ისინი სოფელში არც არიან, ყარაჩაეთის მიმდებარე მთებში გაიხიზნენო.

შეიარაღებული ხალდელები თავდაცვით პოზიციებზე განლაგდნენ, თუმცა ორი მათგანი, ძმები გეგი და გიერგ გასვიანები კოშკებს გარეთ აღმოჩნდნენ. ერთი ვერსიით, მათ ვერ მოასწრეს შეხიზვნა, მეორე ვერსიით კი ჯარს შეეგებნენ. ლეუსმა რვა ჯარისკაცს მათი შეპყრობა უბრძანა. ერთი მალევე ააგეს ხიშტებზე, მეორემ კი ხანჯალი იშიშვლა და სამი სალდათი გაიყოლა, თუმცა მეოთხემ იგი იმსხვერპლა.

ეს ყველაფერი ხალდეს დამცველთა თვალწინ მოხდა. ბუნებრივია, საპასუხოდ სროლა გაისმა გასვიანებისა და ჩეგიანების კოშკებიდან. ბადრი, შავხან და ბუღა გასვიანებმა მოკლეს წერას ატანილი მაიორი ლეუსი და დაჭრეს ბოქაული მიქელაძე. ჩვენი მთხრობელის, ჯოყოლა ჩეგიანის დიდმა ბაბუებმა მომი და გუა (გოგი) ჩეგიანებმა პირდაპირ მაზრის უფროსი გრინევსკი ამოიღეს მიზანში. მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ რატომღაც თავი გამოიდო კალის მამასახლისმა მარგველანმა, ცოცხალ ფარად დაუდგა და მის წილ ტყვიას ემსხვერპლა. თორმეტივე კოშკიდან დაიწყო სროლა. დაიღუპა ორი კაცი, ხოლო ცხრა დაიჭრა, ხალდელები კი მამა-პაპათა კოშკებმა საიმედოდ დაიცვეს. შეღამებისას რუსთა რაზმმა ლალხორალში გადაინაცვლა. გრინევსკი ჩეგიანების თოფს კი გადაურჩა, მაგრამ იმ ღამეს გასვიანების შურისძიებას ემსხვერპლა. გრინევსკიმ, დაჭრილმა მიქელაძემ, ექიმმა ბელსკიმ, ბაქრაძემ, ასათიანმა და დევლეთ პირველმა სოფლის აღმოსავლეთით მდებარე ესპინე ჯოხაძის ოჯახს შეაფარეს თავი. სწორედ აქ, ღამით ემსხვერპლნენ მესისხლეთა რისხვას. ამ შურისძიების მოთავენი ყოფილან ხიშტებზე აგებული გეგი და გიერგ გასვიანების ძმა ბუღა გასვიანი და მათი ბიძაშვილი ჩოფა გასვიანი. მხოლოდ დაჭრილ ბაქრაძეს ჩაუღწევია ქუთაისამდე. მეორე ვერსიით, დევლეთ პირველიც გადაურჩა შურისმაძიებლებს.

პირველ დღეს ხალდელებმა ივაჟკაცეს, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ამ ყოველივეს არავინ შეარჩენდათ. დაასაფლავეს დახოცილი მომხდურნი, ცოლ-შვილი ნათესავებში გახიზნეს და დაიწყეს მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. წარმომადგენლები გაგზავნეს ბალსზემოთა სოფლებში დახმარების სათხოვნელად, მაგრამ წინ დიდი იმედგაცრუება ელოდათ. წინა წლის გამოჩენილი ერთსულოვნება დაივიწყეს, ერთად ბრძოლის პირობა და ფიცი დაირღვა. ასე რომ, სოფელი მარტო დარჩა.

რუსებმა მიყენებული სირცხვილის ჩამორეცხვა ულმობელი და სასტიკი გადაწყვეტილებით განიზრახეს. შეიქმნა სვანეთში გასაგზავნი მძლავრი სამხედრო ძალა სხვადასხვა სახეობის რაზმით, საველე ლაზარეთით, სამხედრო აღალით, ერთი თვის სამყოფი სურსათ-სანოვაგითა და საომარი აღჭურვილობით. საბოლოო მიზანს არც მალავდნენ: ალყაში მოექციათ სოფელი ხალდე და იქიდან ცოცხალი არ გაეშვათ არც ერთი სულდგმული.

სადამსჯელო ექსპედიციაში მონაწილეობდა ალექსანდრეპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი საგუშაგო. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი.

გზა ქვემო სვანეთის გავლით არჩიეს. ქუთაისიდან 12 აგვისტოს ჩოლურს მიაღწიეს, 19 აგვისტოს ლატფარის უღელტეხილი გადალახეს და ასე მიადგნენ ხალდეს სანახებს, სადაც თავად თენგიზ დადეშქელიანის მიერ მთავრობის დასახმარებლად გამოყვანილი რაზმი დახვდათ. 20 აგვისტოსთვის განლაგდნენ სოფლის პირისპირ იმ ადგილას, რომელიც მიჯვრიშის სახელითაა ცნობილი. ეს იყო სტრატეგიული ადგილი, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა მთელი სოფელი. სწორედ აქ მოაწყვეს დამპყრობლებმა საარტილერიო მოედანი სამთო ქვემეხებისთვის. ალყის მოწყობა საბრძოლო ტაქტიკის ყველა წესით დაცვით მიმდინარეობდა, საფარი ზღუდეების, სანგრების, თხრილების ჩათვლით.

ბრძოლის დაწყების წინ მტერმა ხალდელებს მოციქულები გაუგზავნა და დანებება მოსთხოვა. სოფელმა ულტიმატუმი არ მიიღო და ულმობელი ბრძოლაც დაიწყო. სწორედ ამ დღეებში, ხალხში იშვა სვანური… საგმირო-ჰეროიკული ფერხული-სიმღერა «გაულ გავხე».

მტერი ხალდეს სამი მხრიდან უტევდა: სამხრეთიდან - მიჯვრიშ-ლამარიას მხრიდან ექვსი ქვემეხით; დასავლეთიდან - იფრალის, კრაბზაგარის, ვანიაშის გზით და აღმოსავლეთიდან.

პირველი ცეცხლის წვიმა ხალდელებს 21 აგვისტოს დაატყდათ თავს, თუმცა მტერი ვერას გახდა. მომდევნო დღეს ხალდელებმა კვლავ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ამჯერად მიზანში საარტილერიო ბატარეა ამოიღეს. ერთ-ერთი კოშკიდან გასროლამ მიზანს მიაღწია და ტყვია მეზარბაზნეს მოხვდა. ამ ფაქტს ჯოყოლა ჩეგიანი ასე გადმოგვცემს: «მიჯვრიშიდან ქვემეხების სროლა ხალდეს დამცველებს დიდ ნგრევას აყენებდა. მაშინ ამოუღია მიზანში ჩემი ბაბუის მამის - ივანეს ძმას, მომი ჩეგიანს გამორჩეული მეზარბაზნე და შუბლი გაუგლეჯია მისთვის. მის ნაცვლად ვინმე თავაძე და გოლეთიანი დაუყენებია ქვემეხთან ციტოვიჩს. არ ვიცით, არ იცოდნენ სროლა, არ ვიცით, აჯანყებულთ ინდობდნენ, ფაქტი ის არის, რომ პირდაპირ არ ისროდნენ. ამით გაგულისებულ გენერალ ციტოვიჩს იქვე დაუხოცავს ორივე». ხალდელებმა გადაწყვიტეს, როგორმე ქვემეხები გამოეყვანათ მწყობრიდან. გამოიყო კიდეც თავდადებულთა ჯგუფი გურმაჩ, კაციანე და ბადრი გასვიანების, ჩარგაზ და ჯოხან ჯოხაძეებისა და გიორგი ჩოფლიანის შემადგენლობით. მათ მოახერხეს, შეუმჩნევლად და მოულოდნელად თავს დასხმოდნენ მოძალადეთა შუაგულს. სიცოცხლეს გამოასალმეს სამი მებრძოლი, ხოლო ოთხი დაჭრეს. მაგრამ სამწუხაროდ, მწყობრიდან ვერ გამოიყვანეს «მთავარი მტერი» - ქვემეხები. ქვემეხების ცეცხლში იყო გახვეული ხალდე 23 აგვისტოსაც. დღის ბოლოს მოხუცებისა და ქალების ერთმა ნაწილმა დატოვა სოფელი. ალყა უფრო და უფრო ვიწროვდებოდა.

გადამწყვეტ იერიშზე მომხდურნი 26 აგვისტოს გადავიდნენ. დაიწყო იერიში უშუალოდ სოფელზე ორი მხრიდან და ხალდეს უბან-უბან ხელში ჩაგდება. აქაც მთავარ წინააღმდეგობად მომხდურთ სოფლის დამცველთა გულადობა და ქართველ კირითხუროთა შედევრები - კოშკ-მურყვანები გადაეღობა. ამასობაში გმირ დამცველებს ტყვია-წამალიც ელეოდათ, ამიტომ ალყის გარღვევა გადაწყვიტეს. ერთმა ნაწილმა სასწაულებრივად მოახერხა კიდეც ეს.

კოშკების ასაფეთქებლად საგანგებო ღონისძიებებს მეორე დღეს მიმართეს. ორი კოშკი შიგნიდან გამოწვეს. ერთ ნაწილს ძირში მიაყარეს მოჭრილი მორები, ცეცხლი ააბრიალეს და კედლები დაუსუსტეს. მეორე ნაწილს ოთხივე კედლის ძირში დენთი და ლაღუმი შეულაგეს და ისე ააფეთქეს. ყველაზე დიდი კოშკი გეგი და ბადრი გასვიანებისა ყოფილა. გამაყრუებელი ხმაურით აფეთქებულა ლაღუმი. საოცარია, მაგრამ კოშკის ზღუდე-კედლებს ვერაფერი დააკლო აფეთქების სიმძლავრემ და როგორც მედგარი კაცი, ისე წაქცეულა კედლებდაუბზარავი მურყვამი. გმირი კოშკის ბედი, გმირმა გასვიანებმაც გაიზიარეს და ვაჟკაცურად შეაკვდნენ მტერს.

სოფელს ნაწილ-ნაწილ თავდაღწეულმა ხალდელებმა მყინვარებს შეაფარეს თავი. მათ სვანებმა კოჟაშ შტავალ ანუ კლდის მერცხლები უწოდეს, ხოლო დიდმა გალაკტიონმა ასე უმღერა კლდეს შეფარებულ გმირებს: «რა გინდათ მთაში, რას ერჩით მერცხლებს?»

თენგიზ დადეშქელიანის რაზმმა მყინვარებში მიიმწყვდია ხალდელი ცხრა ვაჟკაცი. გამოსავალი აღარ იყო. მაშინ მიუმართავს თანამოძმეებისთვის გოგი დათას ძე ჩეგიანს, - მაინც ვიღუპებით, უკანასკნელად «გავთბეთ» და გავარღვიოთ ალყაო. მუჯირები (რკინაწამოცმული ხე მთაში სასიარულოდ) დატეხეს და ცეცხლი იმით აანთეს. ცოტა გამთბარან, სიცოცხლის ნიშატი დაბრუნებიათ გათოშილებს და ალყა გამოურღვევიათ. იქ მულახელები მდგარან და გამოუტარებიათ თანამოძმენი. დადეშქელიანს კი კალელებისთვის დაუბრალებია აჯანყებულთა გაქცევა და ისინი დაუსჯია.

მეფის მთავრობამ კვლავ ვერაგობას მიმართა. დევნილთა ცოლ-შვილი შეუპყრიათ და მათი დახოცვით იმუქრებოდნენ. დადეშქელიანს მაინც არ ჩაბარებიან. ჩამოსულან ქუთაისში (სხვა ვერსიით, ლენტეხში), გუბერნატორთან. ეზოში ნაძვის ხე მდგარა, თოფი მასზე გადაუტეხავთ და «გაულ გავხეს» სიმღერით ჩაბარებიან მტერს.

ხალდეს აჯანყებას ქართველი საზოგადოება გულისყურით ადევნებდა თვალს. ქართველი ინტელიგენციის ყურადღების ცენტრში იყო შეპყრობილ აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. საზოგადოებრივი დამცველის როლი სასამართლოზე თვით აკაკი წერეთელმა იკისრა. აჯანყებულთა დასაცავად აღიმაღლა ხმა ნიკო ნიკოლაძემ.

აჯანყებულებს იცავდნენ ადვოკატები ლ. ლოლუა, დ. ლორთქიფანიძე, ალმაზოვი, დრობიშჩევი. სწორედ მათმა ერუდიციამ და საზოგადოებრივმა რეზონანსმა აიძულა რუსული ადმინისტრაცია, ჩამოხრჩობა კატორღით შეეცვალათ, ასევე შეემცირებინათ გადასახლების ვადები. თუმცა განაჩენი მაინც უსამართლო და მძიმე იყო. არაადამიანური პირობების გამო, გადასახლებულთაგან მხოლოდ ჩოფა ჩოფლიანი და მომი ჩეგიანი დაბრუნდნენ ცოცხლები.

გადაბუგულ და გაცამტვერებულ ხალდეში მეფის მთავრობამ დასახლება აკრძალა. ხალდელთა ოჯახები ნათესავებს იყვნენ შეხიზნული როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთში.

ასე მაგალითად, მომი ჩეგიანის ძმას ივანეს ცოლი ქვემო სვანეთიდან, სოფელ მუწდიდან ჰყოლია, კვასტიანების ქალი და ჩეგიანების ოჯახი კვასტიანებს შეუფარებიათ.

მხოლოდ 1880 წელს მიიღეს ხალდელებმა კვლავ თავიანთ სოფელში დასახლების უფლება. თუმცა ხელახლა, ფერფლიდან აღდგენილ სოფელს ხალდეს ნაცვლად ახალი იფრარი დარქვეს. სოფელი ნელ-ნელა გაშენდა და 1892 წლისთვის აქ უკვე 15 მოსახლე იყო.

სწორედ მომი ჩეგიანი, ეს გაუტეხელი მეამბოხე იყო პირველი, რომელმაც გადასახლებიდან დაბრუნებულმა ახალი სული შთაბერა ხალდეს. ქვემო სვანეთში, სოფელ ზაგალოდში შეხიზნული ოჯახი ამოიყვანა და ხელახლა დაანთო კერაზე ცეცხლი. მისი ინიციატივითვე აღუდგენიათ მაცხოვრის ეკლესია და ახალი სიცოცხლე დაუწყია სახელოვან სოფელს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში