„ღამის ოთხის ნახევარზე მოგვიწყეს რეიდი. მოშიმშილე ადამიანებს კარავში შემოგვიცვივდნენ და თავს დაგვესხნენ. სამი ადამიანი აქედან გაიყვანეს. მეც მათრიეს, ტელეფონი გადამიგდეს. ხალხს ხელები გადაუგრიხეს. ბეტონზე ფეხს ურტყამდნენ, რომ ეს შემოჭრა არ გადაგვეღო.
ძალადობის ასეთი აქტებით გაიტაცეს აქციის სამი მონაწილე - გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე და თენგიზ გველესიანი. მეოთხეს თავს ოჯახში დაესხნენ, მცირეწლოვანი ბავშვები ააწიოკეს.
ამ 60 დღის განმავლობაში დანაშაულის არაერთი ფაქტი ავსახეთ. რატომ არ იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არცერთ ფაქტზე, რასაც ჩვენ წინააღმდეგ ცდილობდნენ კომპანიის წარმომადგენლები და სხვები. მუშები ყოველთვის დაჩაგრულები, შეურაცხყოფილები უნდა ვიყოთ. უნდა დავკარგოთ სამსახურები, ბანკის ვალები გვახრჩობდეს, უნდა გვაგინებდნენ, ჩვენ არანაირი უფლებები არ გვაქვს. ვერაფერს ეტყვი იმის მიუხედავად, რომ ადამიანი ნახირს, ჯოგს გიწოდებს და შენ თუ ნერვები აღარ გეყოფა, მზად არიან, გაგანადგურონ.
ჩვენ გვებრძვის სახელმწიფო, კომპანია, პროფკავშირების მანქანა, ძალოვანი უწყება. თუ დღეს ჭიათურა შეშინდება, დამარცხდება, სოციალური ბრძოლები სრულიად საქართველოში სამუდამოდ ჩაკვდება.
წუხელ აქ 12-15 ადამიანი ვიყავით, ხან მდინარეში მაგდებდნენ, ხან მანქანის ქვეშ მათრევდნენ. 200-300 ადამიანი რომ მდგარიყო, ხომ ვერ დაგვესხმებოდნენ თავს. კანონებს, ძალას ხალხი ქმნის“, - ამბობს მაღაროელთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ტარიელ მიქაცაძე.
პროტესტის მონაწილეთა დაკავების შემდეგ, მაღაროელები, გვიან ღამით, ჭიათურის პოლიციასთან მივიდნენ, სადაც მათ უთხრეს, რომ სარალიძე, ნეფარიძე, გველესიანი და ჭუმბურიძე 28 მარტს მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა და „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებულმა არხმა, „რუსთავი 2“-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ“.
„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები გუშინ შუქრუთის მაღაროში შესვლას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შუქრუთის მოსახლეობას შუქრუთის და კოროხნალის მაღაროები ერთ წელზე მეტია პიკეტირებული აქვს, რადგან მადნის მოპოვების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა, კომპანია კი დაზარალებულებს კომპენსაციას არ აძლევს.
ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მარტის დასაწყისში სამსახურიდან გაათავისუფლა 3500 მაღაროელი. თითქმის 2 თვეა ჭიათურაში მაღაროელები აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნებია ხელფასების ჩარიცხვა; საწარმოს ნაციონალიზაცია და წარმოების განახლება წესების დაცვით; ადგილობრივების მიერ ფონდის შექმნა და საწარმოს აქციების 5%-ის გადაცემა ამ ფონდისთვის, რომელიც მიღებულ თანხას ჭიათურის განვითრებას მოახმარს.
22 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით ოპერირებს, განაცხადა, რომ კომპანია რეორგანიზაციას იწყებს და წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. რუსეთის მოქალაქე სოცკი „საქნახშირის“ (ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია) მმართველია. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან 38 მეშახტე, სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო დაითხოვა.