საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძლება გადაიხედოს - სამინისტრო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:39 - 20 ოქტომბერი 2023 hits 3077

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია, რომლის ფარგლებშიც რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადაეცა, დარღვევების გამო შეიძლება გადაიხედოს.

სამინისტრო თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს ლიცენზიის პირობების დარღვევაზე:

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ ვალდებული იყო, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში, ანუ 2023 წლის 23 მარტამდე წარედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. ეს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს წლის სხვადასხვა სეზონზე ჩატარებულ კვლევას - რა გავლენას მოახდენს სამონადირეო მეურნეობა ბიომრავალფეროვნებაზე.

„მთის ამბების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ხიდაშელის კომპანიამ 2023 წლის 16 თებერვალს წერილობით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ამ ვადის 6 თვის გახანგრძლივება ითხოვა ორი მიზეზით:

  1. 2022 წლის 16 სექტემბერს, მისთვის გადაცემული 104 712 ჰექტრიდან 7434 ჰექტარი ტყე სახელმწიფომ ამორიცხა რაჭის ეროვნული პარკისთვის.
  2. სახელმწიფო ორგანოებს კომპანიისთვის მიღება-ჩაბარების აქტით არ გადაუციათ ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი.

2023 წლის 15 მაისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხიდაშელის კომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რადგან შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი წარდგენილი არ ჰქონდა.

დეპარტამენტი ხიდაშელის კომპანიას ედავება ლიცენზიის პირობებით სავალდებულო ანგარიშის წარუდგენლობასაც.

4 ივლისს ამბროლაურის სასამართლომ ხიდაშელის კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება შეწყვიტა. მოსამართლე როინ კახიძემ დადგენილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფოს ლიცენზიით გამოყოფილი ფართი კომპანიისთვის მიღება-ჩაბარების აქტით არ გადაუცია, კომპანია კი ბიომრავალფეროვნებას გადაუცემელ ფართზე ვერ შეისწავლიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამინისტროს განმარტებით, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებით დაუდგინდა ტერიტორია ონის, ამბროლაურის და ლენტეხის სატყეო უბნებზე, ბრძანებას თან ერთვოდა შეიპფაილები, სადაც მითითებულია შესაბამისი კოორდინატებიც - „მისთვის ცნობილი იყო ტერიტორიის საზღვრები და მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემა საჭირო აღარ იყო“.

„ლიცენზიის პირობების შესრულება სავალდებულოა ერთნაირად ყველა ლიცენზიანტისთვის,  ხოლო შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემაა კლიმატის ცვლილებების ფონზე დაცული ტერიტორიების გაფართოება,

სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას,

სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასების, ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

რაჭაში, 50 894 ჰექტარზე ეროვნული პარკი გასულ წელს შეიქმნა. პარკში არ შედის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხელუხლებელი ტყეები, არცერთი მდინარე, სასარგებლო წიაღისეულის საბადოები და მიმდებარე ტერიტორიები - ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად არის დასაცავი. მთავრობამ პარკის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რაჭის სათემო ორგანიზაციამ, „მწვანე ალტერნატივამ“ და „მთის ამბებმა“ ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს, ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების და რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის მოთხოვნით. აქტივისტებმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელმა კი საქართველოს ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა. „მწვანე ალტერნატივამ“ რაჭის ეროვნული პარკის შექმნის მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც მოამზადა.

ხიდაშელისთვის, ნახევარი საუკუნით რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება რაჭის სათემო ორგანიზაციას და „მწვანე ალტერნატივას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მის გაუქმებას ითხოვენ.

„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია, სადაც გამოვლენილია მრავალი კანონდარღვევაა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები რუსეთ-საქართველოს საზღვარს და რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ეკვრის.

24 ივლისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურისგან დარღვევების გამოძიება მოითხოვეს. დეპუტატებმა ისაუბრეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. პრესკონფერენციის გამართვამდე ისინი საქმის დეტალებს რაჭაში გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

„რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორია რუს ბიზნესმენს ისე გადასცეს, რომ საკითხი უსაფრთხოების კუთხით შესწავლილი არ არის. მკვიდრ მოსახლეობას დღეს სახელმწიფო ებრძვის სისხლის სამართლის საქმეებით, რათა რუს ბიზნესმენს სასათბურე პირობები შეუქმნან. აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი საკითხები და ვალდებულებები. რაჭასა და ქვემო სვანეთში ტყეების გადაცემა, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესების სასარგებლოდ, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი“, - განაცხადეს საქართველოს პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატებმა

რამდენიმე კვირაა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და რაჭის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები ონში უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. მათ კარავი ონის მერიის შენობასთან აქვთ გაშლილი.

18 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და რეგიონის გუბერნატორი უნდა შეხვედროდნენ. ონის საკრებულოს შენობაში შეხვედრის დაწყებამდე თანამდებობის პირებმა შეხვედრის საჯაროობაზე უარი თქვეს და დაიმალნენ. ჩინოვნიკებს ათობით პოლიციელი იცავდა. იმავე საღამოს აქციის მონაწილეებმა ონის მერიის შენობის ბლოკირება მოახდინეს, არც შიგნით და არც გარეთ არავის უშვებდნენ, რის შემდეგაც მერიის წინ კიდევ ერთი კარავი დადგეს, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში