საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხადის ხეობაში ქოროღოს ეკლესიის მე-10 საუკუნის კოშკი დანგრეულია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:20 - 10 ოქტომბერი 2023 hits 3567

ხადის ხეობაში, სადაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზა და გვირაბი ბურღვა-აფეთქების მეთოდით გაჰყავთ, ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის მე-10 საუკუნის ზურგიანი კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.

ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფელ მიდელაურთას თავზე, სოფელ ქოროღოს სამხრეთით. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, ზურგიანი კოშკი, მცირე სამლოცველო, აკლდამა და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე საცხოვრებელი თუ სათავსო ნაგებობა.

ზურგიანი კოშკი ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთით ერთ მეტრში იდგა. თარიღდებოდა X საუკუნით და კომპლექსის ყველაზე ადრეული ნაგებობა იყო. ნაგები იყო დიდი ზომის, კლდის ნაწილობრივ დამუშავებული, ქვის მშრალი წყობით. კოშკი ხადის წყლის ხეობას გადაჰყურებდა. შესასვლელი მეორე სართულზე, მიწის ზედაპირიდან 5-6 მეტრზე, საკმაოდ მაღლა ჰქონდა დატანებული. კარი სწორკუთხა იყო, არქიტრავზე ასომთავრული წარწერით: „ქრისტე შეიწყალე ქართე“. კოშკის დანარჩენ კედლებში სათოფურები იყო დატანებული. კოშკი გარედან ნაწილობრივ კირხსნარით იყო შელესილი.

„მთის ამბები“, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ვერ დაუკავშირდა, რათა დაგვეზუსტებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კოშკი სააგენტოს ნებართვით დაშალეს მისი აღდგენის მიზნით.

ეს უწყება კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დამოუკიდებელი მედიისთვის სრულიად დახურულია. სააგენტო საჯარო ინფორმაციას წერილობითი ფორმითაც აღარ გასცემს, რის გამოც „მთის ამბებს“ მასთან მიმდინარე სასამართლო დავა აქვს.

დუშეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ქეთო წიკლაურმა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ კოშკის ჩამონგრევის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. კულტურის სამსახურის უფროსი კატეგორიულად გამორიცხავს, ძეგლის ამ მდგომარეობაში ყოფნა გზის მშენებლობის სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

„მთის ამბები“ არქიტექტორ პაატა ნუცუბიძესაც დაუკავშირდა. როგორც თავად გვითხრა, კომპლექსის რეაბილიტაცია სწორედ მის კომპანიას აქვს ნაკისრი. ნუცუბიძემ არ განმარტა, კოშკი დაინგრა თუ ამ ფორმით დაშალეს. ჩვენ ეს ფოტო, რაზედაც დანგრეული კოშკი ჩანს, რამდენიმე სპეციალისტს ვაჩვენეთ. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კოშკი დაშალეს, სურათზე არსებული მდგომარეობით, ეს სამუშაოები ყველა წესის დარღვევით არის ჩატარებული.

საქართველოს მთავრობის დაკვეთით, რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხად აღებული დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით, ჩინური კომპანია აშენებს. მთავრობა ოკუპანტი ქვეყნისკენ მიმავალი მაგისტრალის მშენებლობას ჩქარობს და ამას ეკონომიკური ინტერესებით ხსნის. ეს მიმართულება რუსეთის მოსამარაგებლად ერთ-ერთი მთავარი გამტარი გახდა უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქცირების შემდეგ. ხელისუფლება ასაიდუმლოებს დოკუმენტს, სადაც უნდა ეწეროს, რა სარგებელი მოაქვს პროექტს ქვეყნისთვის. სინამდვილეში, სატრანზიტო გადასახადი, ტრაილერებისგან მოყენებული ზიანის მხოლოდ 65 %-ს ფარავს. გზის მშენებლობას უკვე შეეწირა ხადის უნიკალური ხეობა და დაბა ფასანაურის არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში