საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რამდენ მილიონს შოულობენ „ჯორჯიან მანგანეზი“ და საშუამავლო კომპანიები ჭიათურაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:37 - 21 ივნისი 2023 hits 7711

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშები აღარ იძებნება. ბოლო ანგარიში „ჯორჯიან მანგანეზის“ 2021 წლის ფინანსურ საქმიანობას ასახავდა და 96 მილიონიანი მოგება იყო ნაჩვენები. დოკუმენტი 17 ივნისის შემდეგ წაიშალა, რაც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა სტატია - ახალი დეტალები „ჯორჯიან მანგანეზის“ გარშემო - ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად. მოქმედი კანონმდებლობით „ჯორჯიან მანგანეზი“ ვალდებულია ფინანსთა სამინისტროს ყოველი წლის ფინანსური საქმიანობის ანგარიში და აუდიტის დასკვნა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს, თუმცა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო ვებგვერდზე „ჯორჯიან მანგანეზზე“ ინფორმაცია საერთოდ აღარ მოიპოვება.

„მთის ამბები“ დღეს, დილიდან ცდილობს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს კომპანიის ადმინისტრაციული დირექტორი თეიმურაზ ხონელია და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი თამარ ხურცია არ პასუხობენ.

20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ თქვა, რომ „კომპანია წლებია ზარალიანია ჭიათურაში სამთო მოპოვებითი სამუშაოების კუთხით“. თუთბერიძის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ reportal.ge-ზე გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშთან (აუდიტის დასკვნასთან).  

„ჩვენ მაღაროელებს შევთავაზეთ ხელფასის მატება 5%-ის ოდენობით, რაც მათთან გაფორმებული კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით გვევალებოდა. ცალსახად მოთხოვნილ იქნა 20%-ით გაზრდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ განვმარტეთ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია სამთო მოპოვებითი სამუშაოების კუთხით ჭიათურაში. წლებია ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისიდან დაძლევის გზების ნახვას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებულ იქნა კომისიის შექმნა. ჩვენი მხრიდან მზაობაა სრულიად, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილ იქნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა რესურსი კომპანიას, რომ დამატებით კიდევ 15%-ით გაუზარდოს თანამშრომლებს ხელფასი. ამ პერიოდში 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან დაახლოებით არის 10 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ხარჯი.

ჩვენ მათ [მაღაროელებს] შევთავაზეთ, რომ მოდი, დავდოთ აუდიტის დასკვნა, მივებათ სამომავლო შედეგებს ან არსებული ფინანსური მდგომარეობა ვნახოთ. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. კომპანიას არანაირად არ აქვს სურვილი, ეგ ყველაფერი შეჩერებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში, არსებული კრიზისის ფონზე, ჩვენ იძულებული ვართ საწარმო გავაჩეროთ. ამ პერიოდში ჩვენს დასაქმებულებს ხელფასებს ვუხდით გაჩერებულ წარმოებაში, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის და თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია. დღეისათვის, საპროგნოზო მაჩვენებლით ჩვენი ფინანსური ზარალი შეადგენს 12 მილიონ დოლარს“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მანვე ისაუბრა, რომ კრიზისის გადასალახად, უკრაინიდან სამთო მოპოვებითი სამუშაოების წარმოების გამოცდილების მქონე სპეციალისტები მოიწვიეს: „მათი მხრიდან დაიდო დასკვნა, მოიძებნა ხარვეზებიც ადგილობრივი საშუალო რგოლის მენეჯმენტში. დადგენილ იქნა საკითხები, რომლებიც თვით დასაქმებულების მხრიდან პრობლემურად იქნა დაყენებული, რაც ნამდვილად არ უნდა არსებობდეს“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორი უკრაინელ სპეციალისტებში გულისხმობდა ანდრიი ბარაბახს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 1-ელ ივნისს, შპს „მაღაროელის“ ერთპიროვნულ დირექტორად დაინიშნა. შპს „მაღაროელი“ ნოდარ მიქაბერიძის (იგივე „ბაშკირა“) და ჯემალ ხარაიშვილის მიერ არის დაფუძნებული და წილსაც თანაბრად ინაწილებენ.  სწორედ ბარაბახის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაღაროელების მიერ ჭიათურაში გამართული ერთ-ერთი აქცია.

„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3500-მდე მაღაროელი მე-16 დღეა გაფიცულია ხელფასის გაზრდისა და შრომის უსაფრთხო პირობების შექმნის მოთხოვნით. ამ დროისთვის 15 მათგანი შიმშილობს, მათგან ერთს პირი აქვს ამოკერილი, აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ კი თვალები ამოიკერა.

სავარაუდოდ, „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებული სხვადასხვა გვერდი, დასპონსორებული პოსტების საშუალებით ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომ მაღაროელის ხელფასი 3000 ლარს აღწევს და ზოგჯერ, აღემატება კიდეც. „მთის ამბებმა“ ათზე მეტ მაღაროელთან დააზუსტა, რამდენია მათი ხელზე ასაღები ხელფასი, რაც 1400-დან 1800 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შპს „მაღაროელი“ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიაა. ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს მინერალური რესურსების სააგენტოში და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა ამ უწყებებიდან მსგავსი დოკუმენტების მოპოვება შეუძლებელია.

სხვადასხვა მონაცემებით, „ჯორჯიან მანგანეზს“ ოცზე მეტი ასეთი საშუამავლო კომპანია ჰყავს. ასეთი კომპანიების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლის შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ სპეციალური სახელმწიფო მმართველი დანიშნა და კომპანიის მართვის უფლება უკრაინელი მილიარდერისა და ოლიგარქის იგორ კალომოისკის ჯგუფს ჩამოართვა.

სამინისტრო თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფას სიტუაციას ქმნიდა და კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ სპეციალური მმართველის დანიშვნით იყო შესაძლებელი. თავდაპირველად სპეციალურ მმართველად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი 3 წლის ვადით დაინიშნა, მერე უფლებამოსილება კიდევ გაუგრძელეს სამი წლით, 2023 წლის 16 მაისს კი, სასამართლომ, ისევ გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მართვის რეჟიმი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა და ახალ მმართველად ბესიკ კირთაძე დანიშნა. მეშვიდე წელია  „ჯორჯიან მანგანეზი“ მთლიანად სახელმწიფო მართვის ქვეშ არის, ჭიათურის რაიონში არსებული ისედაც მძიმე სიტუაცია კი ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივიდა. საწარმოში სპეციალური მართვის რეჟიმის შემოღებამდე არცერთ დოკუმენტში ფინანსურ კრიზისზე საუბარი არ არის.

„მთის ამბების“ მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულ სპეციალურ რეპორტაჟში გიამბობდით, რომ კირთაძის დანიშვნით კომპანიაში გავლენები გაიძლიერა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა. მრავალი წლის განმავლობაში კირთაძეც საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. დალაქიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია ნოდარ მიქაბერიძეც („ბაშკირა“), რომელიც მონოპოლისტი საშუამავლო კომპანიების მეშვეობით, ჭიათურაში არამხოლოდ ღია კარიერული წესით მოპოვებას განაგებს და გარემოს განადგურების ხარჯზე მილიონებს შოულობს, არამედ მიწისქვეშა სამთო მოპოვებასაც კოორდინირებს და ამის დასტურია მის საკუთრებაში არსებული კომპანიის ერთპიროვნულ დირექტორად „ჯორჯიან-მანგანეზის“ მიერ მოწვეული უკრაინელი სპეციალისტის დანიშვნაც.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კომერციულ ორგანიზაციებს ავალდებულებს ფინანსური ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, ამავე სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ.

შპს „მაღაროელს“ მხოლოდ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული, არადა 2021 წლის ანგარიშიც უნდა ჰქონდეს წარდგენილი.

2020 წლის ანგარიშის თანახმად, ახალდაფუძნებული შპს „მაღაროელის“ წმინდა მოგება, სულ რაღაც 7 თვეში, 2 174 642 ლარია. კომპანია 2020 წლის 20 მაისს არის რეგისტრირებული.

ნოდარ მიქაბერიძე შპს „მანგანუმ ლოჯისტიკის“ 100%-ის მესაკუთრეცაა. ესეც „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი მონოპოლისტი საშუამავლო კომპანიაა. მიქაბერიძე ღია კარიერული წესით მადნის მომპოვებლებისგან მადანს იაფად ყიდულობს - ერთ ტონაში დაახლოებით 70-100 დოლარს იხდის, რეცხავს და „ჯორჯიან მანგანეზში“ მხოლოდ ამის შემდეგ მიაქვს. საბოლოოდ, „ჯორჯიან მანგანეზი“ წიაღისეულს ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ამუშავებს და ექსპორტზე თვითონ გააქვს. საშუამავლო კომპანიას სოლიდური მოგება რჩება.

„მანგანუმ ლოჯისტიკის“ მოგება წლების მიხედვით ასეთია:

  • 2018 წელი - 11 854 274 ლარი;
  • 2019 წელი - 11 775 288 ლარი;
  • 2020 წელი - 12 031 569 ლარი;
  • 2021 წელი - 12 890 414 ლარი;

ჯამში 4 წელში საერთო მოგება - 48 551 545 ლარი.

20 ივნისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ბუაჩიძეს და ჭიათურაში შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობა სთხოვეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლის მიერ, რამდენიმე დღის წინ, „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მართვის რეჟიმის კიდევ 2 წლით გაგრძელება უკანონოა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში