საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბები“ სასამართლოში ჩივის ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დასკვნების გადმოსაცემად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:02 - 08 ივნისი 2023 hits 2428

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. გამოცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, 2015-2023 წლებში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ დასკვნების გასაჯაროებას ითხოვს.

ეს ინფორმაცია „მთის ამბებმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოითხოვა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „მთის ამბებს“ წერილობით დაუდასტურა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით, საქართველოს 25 ქალაქში, მათ შორის, ჭიათურაში, ოთხ ეტაპად (მარტი, ივნისი, სექტემბერი, ნოემბერი) ატარებს ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს, თუმცა ჰაერის ხარისხის შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გადმოგვცა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კი, რომელსაც ჰაერის დაბინძურების ფაქტებზე რეაგირება ევალება, „მთის ამბების“ მიერ ამ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, წერილობით მიმართა პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს, გადმოეცა თუ არა ჩვენთვის ეს მასალები.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის სახედ განსაზღვრავს როგორც საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

იმის გამო, რომ შემოწმების შედეგად ჭიათურის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერი მნიშვნელოვნად დაბინძურებული აღმოჩნდა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს რამდენიმე წელია მასალები რეაგირებისათვის პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აქვს გადაგზავნილი.

სწორედ ამ საბაბით, რომ ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დამადასტურებელი მასალები სისხლის სამართლის საქმის ნაწილია, პროკურატურამ და საგამოძიებო სამსახურმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უარი უთხრეს, ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია „მთის ამბებისთვის“ გადმოეცა.

„საგამოძიებო უწყებებს მიზანშეუწონლად მიაჩნიათ წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა გამოიწვევს საქმეებზე მასალების გასაჯაროვებას, რაც ხელს შეუშლის ობიექტური გამოძიების ჩატარების გაგრძელებას“, - აცნობეს „მთის ამბებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან.

სინამდვილეში, პროკურატურამ ჰაერის დაბინძურების ფაქტებზე მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და რეალურად არაფერი გამოიძიეს.

„მთის ამბებს“ მიაჩნია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და შემოწმების შედეგების გასაიდუმლოება ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია, თუნდაც მასზე გამოძიება იყოს დაწყებული.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.

ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ღიაობის ვალდებულებას საქართველოს ორჰუსის კონვენციაც ავალდებულებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთის ამბების“ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, „მთის ამბებმა“ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ტოტალურად უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას. ამ დანაშაულებრივ საქმეში „ჯორჯიან მანგანეზის“ მოკავშირე და მფარველი სახელმწიფოა. „ჯორჯიან მანგანეზს“ მადნის მოპოვების ლიცენზია ჭიათურასა და საჩხერეში 16 430 ჰექტარზე, 2047 წლამდე აქვს. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან არიდების საბაბით, მე-7 წელია კომპანიას სპეციალური სახელმწიფო მმართველი მართავს. კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღარ ამოწმებს. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმ გაორმაგებული და მდგომარეობა კრიტიკულია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში