საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია

14:11 - 29 აგვისტო 2014 hits 18702

თრუსოს ხეობაში მდებარე ფერადი ტრავერტინები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, განადგურებულია. ტრავერტინები გაშავებული, ათხრილი და ატალახებულია. ხეობის შუაგულში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ, ნაკლები ინტენსიურობით ჩქეფს ე.წ. აბანოს ბუყბუყა ტბაც.

თრუსოს ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, უღელტეხილ თრუსოდან სოფელ კობამდე. ხეობის სიგრძე 25 კილომეტრია. დასავლეთით ცხინვალის რეგიონს, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება. ხეობა ძირითადად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. ოსებმა საცხოვრებელი სახლები 90–იან წლებში დატოვეს. თრუსოს ხეობის 12 სოფლიდან 11 დაცლილია. ნოგყაუ, შევარდენი, მნა, დესი, ყარატყაუ, ცოცოლთა, სუატისი, გიმარა, ტეფი, რესი და აბანო უკვე ნასოფლარებია. სოფელ ოქროყანაში, რომელიც საქართველოს თანამედროვე რუკაზე ნასოფლარად არის მონიშნული, თრუსოს ხეობის ერთადერთი მუდმივი ბინადარი, 60 წლის სიმა ბიდიხოვა 20 წელია მარტო ცხოვრობს.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებეტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო.

მინერალური წყაროს წყლები მოედინება ფერდობზე, მდინარე თერგისაკენ და გზა და გზა ტოვებს მინერალურ ქანს - ტრავერტინს. სპეციალისტების თქმით, ტრავერტინი წარმოიქმნება წნევის დაცემის გამო, მიწისქვეშა წყლების ზედაპირზე გამოსვლისას, ნახშირბადის ორჟანგის გამოყოფის შედეგად ხსნარებიდან, რომელიც შეიცავს გახსნილ კალციუმის ბიკარბონატს.

ტრავერტინის ქანები, რომლებიც მცენარეების ანაბეჭდებს და მტკნარი წყლების მოლუსკების ნიჟარებს ინახავს, თრუსოს ხეობაში უამრავ ტურისტს იზიდავდა. ტრავერტინულ „მინდვრებს“ ხეობის 20 ჰექტარი უკავია.

 

საკუთარ სიმდიდრეს შეწირული თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობამ მეწარმეები ნახშირმჟავა აირის შემცველი მინერალური წყაროებით მიიზიდა. CO2–ს გაზირებული სასმელების და ნაყინის წარმოებაში იყენებენ.

შპს „კასარამ“ თრუსოს ხეობაში CO2–ის მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს 2005 წელს მიმართა. სამინისტროს მიერ მიწვეულმა ექსპერტმა ნოდარ ცერცვაძემ ლიცენზიის გაცემას მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ შპს „კასარა“ პირვანდელი განაცხადის მიხედვით ქარხნის გამართვას შიგ ხეობაში გეგმავდა. ექსპერტის შეფასებით, ეს თრუსოს ხეობის ტრავერტინებსა და წარმონაქმნებზე და ნახშირმჟავა მინერალური წყლების რეჟიმზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა.

ამის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტრომ, 2005 წლის 27 ოქტომბერს შპს „კასარას“ თრუსოს ხეობაში CO2-ის მოპოვებაზე 25 წლიანი ლიცენზია მისცა. კომპანიას თრუსოს მინერალური წყლების საბადოებში მოპოვებული ნახშირმჟავა აირი გაზირებული სითხის სახით საგანგებო ჭურჭელში უნდა ჩამოესხა და მისი რეალიზაცია მოეხდინა. სალიცენზიო პირობების მიხედვით, ნახშირმჟავა აირი წყლისგან იქვე, თრუსოს ხეობის შუაგულში მდებარე რეზერვუარებში უნდა განცალკევებულიყო და მილსადენით გადაქაჩულიყო ქარხანაში, რომელიც თხუთმეტიოდე კილომეტრის მოშორებით, კობთან უნდა აშენებულიყო.

შპს „კასარა“ 2004 წლის 6 აგვისტოს არის რეგისტრირებული. კომპანიის 50%–იანი წილი გოჩა მალანიას ეკუთვნოდა, 50% კი გივი სოსელიას. გოჩა მალანია მოგვიანებით ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა.

ლიცენზიის გაცემის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრომ შპს „კასარას“ დაავალა 2 წლის განმავლობაში შეეფასებინა ნახშირმჟავა აირის სავარაუდო მარაგი, რეგულარულად დაკვირვებოდა, შეიცვლებოდა თუ არა ამოსული წყლის ინტენსივობა, შემადგენლობა და სხვა პარამეტრები. ამ მონაცემების მიხედვით თრუსოს ხეობაში ეკოლოგიური სიტუაცია უნდა შეეფასებინათ. 2008 წლის ივლისში, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანია სალიცენზიო პირობებს არ ასრულებდა. კომპანიას თრუსოს ხეობაში მხოლოდ ჭაბურღილი და ძირითადი აღჭურვილობა ჰქონდა დადგმული. გარემოს დაცვის სამინისტრომ შპს „კასარა“ სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის 500 ლარით დააჯარიმა და სალიცენზიო პირობების შესრულება მოსთხოვა.

2008 წლის 1 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „კასარას“ თრუსოს ხეობაში წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაუუქმა. ლიცენზიის გაუქმების მიზეზი გარემოს დამცველების მხრიდან თრუსოს ხეობის დასაცავად წამოწყებული კამპანია გახდა.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას განცხადებით,

თრუსოს მინერალური წყლების საბადოებში, ნახშირმჟავა აირის მოპოვების დაწყებით, თრუსოს ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა:

თრუსოს ცნობილი ტრავერტინები, მინერალური წყლებისგან წარმოქმნილი თეთრი, ნარინჯისფერი და მოვარდისფრო კიროვანი დანალექი, რომელიც ხეობაში უამრავ ტურისტს იზიდავდა, გაშავდა.

შპს „კასარამ“ ლიცენზიის გაუქმების ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „კასარას“ სასარჩელო განცხადება ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 1 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: „საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ 2005 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შპს „კასარაზე“ გაიცა ლიცენზია – ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში არსებულ მინერალური წყლების საბადოზე. აღნიშნული ლიცენზიის გაუქმების საფუძველი გახდა სრულყოფილად გადაუმოწმებელი ცნობები, თითქოს შპს „კასარა“-ს საქმიანობა ზიანს აყენებდა გარემოს. სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 20 მაისის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნით, შპს „კასარას“ ფუნქციონირების პერიოდში გარემოსთვის ზიანი არ მიუყენებია და დადგენილი პირობებით მუშაობის შემთხვევაში არც მომავალშია მოსალოდნელი რაიმე საფრთხის საშიშროება“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავის არსებითად განხილვის გარეშე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სადაო ბრძანება შპს „კასარა“-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე და სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება შპს „კასარა“-სთვის ლიცენზიის გაუქმება – არგაუქმების შესახებ.

საბოლოოდ შპს „კასარამ“ ლიცენზია შეინარჩუნა.

2011 წელს გოჩა მალანიამ შპს „კასარაში“თავისი წილი შვილს – აკაკი მალანიას გადასცა. კომპანიის დირექტორად კი ყაზბეგის რაიონის ყოფილი გამგებელი გიორგი ქირიკაშვილი დაინიშნა. 2012 წლის 6 მარტს გივი სოსელიას კუთვნილი 55%–ის მფლობელი შპს „ქროსვეისი“ გახდა. შპს „ქროსვეისის“ 100%–იანი წილის მფლობელი კი ცნობილი ბიზნესმენი და სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის  ყაზბეგში სასტუმრო „რუმს ყაზბეგიც“.

2012 წლის ოქტომბერში აკაკი მალანიამ შპს „კასარაში“ თავისი წილი ომაზ კოჭლამაზაშვილს გადასცა. 2012 წლის ნოემბერში კომპანიის 55%–ს ომაზი კოჭლამაზაშვილი ფლობს, 45%–ს კი გივი ღუდუშაური.

უნდა აღინიშნოს, რომ თრუსოს ხეობაში ჭაბურღილის ბურღვა 2006 წელს განხორციელდა. მომდევნო წლების განმავლობაში თრუსოს ხეობის შუაგულში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილიდან წყალთან ერთად ამოსული ნახშიროჟანგი, ნარინჯისფერი ტრავერტინის თავზე იფრქვეოდა.

 

როგორი იყო „ბუყბუყა ტბა“ და ტრავერტინები 2008 – 2012 წლებში და როგორია ახლა

2008 წელს ინტერნეტში განთავსებულ ვიდეომასალაში ასახულია ჯერ კიდევ „მობუყბუყე“ აბანოს ტბა, რომელიც დღეს მკვეთრად ნაკლები ინტენსიურობით „ბუყბუყებს“. ამავე ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს უფრო ღია შეფერილობის ტრავერტინები, ვიდრე ის 2012–2013 წლებში იყო ან დღეს არის.

ტრავერტინების მდგომარეობა მკვეთრად რომ არის გაურესებული, ამას მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2012 და 2014 წლებში გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.

 

სახელმწიფო კომისიის მიერ უგულვებელყოფილი მოთხოვნები

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, 2012 – 2013 წლებში თრუსოს ხეობაში არსებული მდგომარეობა უკვე საგანგაშო იყო. ტრავერტინები ფერს იცვლიდა, ძირითადი ნაწილი გაშავდა, აბანოს მინერალური ტბა კი ნაკლები ინტენსიურობით ჩქეფდა. შეფასებები მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის აქრივიდან:

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის დოქტორი: „ვიზუალური დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ჭაბურღილის გახსნის შემდეგ, ფერი შეეცვალა ტრავერტინებს, რომლებიც ბუნების ძეგლად არის დაფიქსირებული. თუ მჟავე წყლის მოპოვება დაიწყება, წყალი იქ აღარ დაილექება და რამდენიმე ტრავერტინი მალე დაკარგავს თავის ხარისხს. რამდენიმე ლიტრითაც რომ შემცირდეს წყალი, ეს დეფიციტი პირდაპირ აისახება ტრავერტინზე. ამის ნათელი მაგალითია სოფელი დართლო, თუშეთში. იქ თავის დროზე ბუნებრივად მოხდა წყლის ნაკადის შემცირება. დღეს, ტრავერტინები გვაქვს, მაგრამ ზემოდან უკვე ნიადაგის თხელი საფარია. ადგილი, სადაც დაბურღვა მოხდა, წესით პირდაპირ კავშირში უნდა იყოს მიწისქვეშა სისტემასთან, რომელიც ასაზრდოვებს ე.წ. „ბუყბუყა ტბას“. ტბაზე ვიზუალური დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასში წყლის დებეტი შემცირდა. ტბიდან იმდენად ძლიერი მხუთავი აირი გამოიყოფოდა, სხვადასხვა მწერები და ფრინველები, რომლებიც  ტბის თავზე ფრინავდნენ, ამ მხუთავი აირის გამო ეცემოდნენ და იხოცებოდნენ. ბოლო პერიოდში ასეთი რაღაცა ჩვენ აღარ გვინახავს“.

ოთარ დუდაური, გეოლოგიურ მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი:

„თრუსოს ხეობაში არის მინერალური წყლის და გაზის ერთიანი აუზი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიდი ხარჯი, რომელსაც იწვევს ჭაბურღილი, არ ახდენდეს გავლენას „ბუყბუყა ტბასა“ და ტრავერტინებზე.

უნდა შედგეს ჯგუფი, რომელიც სისტემატიურ დაკვირვებას აწარმოებს „ბუყბუყა ტბასა“ და ტრავერტინების მომცემი წყაროების დებეტზე. თუ ვნახავთ, რომ წყალი ფაქტიურად შეწყდა, ან ბუყბუყა ტბაზე აღარ იქნება გაზების გამოსვლა, მაშინ უნდა შეწყდეს ამ ჭაბურღილის მოქმედება და მუშაობა“.

ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა  - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი: „თრუსოს ფერადი ტრავერტინების დიდი ნაწილი გაშავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრავერტინები კვდება. მინერალური წყლებისგან წარმოქმნილი კიროვანი დანალექი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც წყლითა და ნახშირორჟანგით იკვებება. თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ ბალანსი დაირღვა – ტრავერტინებს სათანადო რაოდენობის წყალი და ნახშირორჟანგი აღარ მიეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც ნახშირმჟავა აირის მომპოვებელმა საწარმომ საქმიანობა შეაჩერა, ზოგიერთ ადგილზე აღდგენითი პროცესი დაიწყო. ნახშირმჟავა აირის მოპოვების განახლების შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ რეკრეაციული დანიშნულების უნიკალურ ხეობას და ტრავერტინებს. ასეთი ტრავერტინები ყველა ქვეყანაში არ არის, ჩვენ კი ასეთ სიმდიდრეს ვანიავებთ“.

თრუსოს ტრავერტინებიც და აბანოს ბუყბუყა ტბაც ბუნების ძეგლის სტატუსით, საბჭოთა „წითელ წიგნში“ იყო შეტანილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „წითელი წიგნი“ გაუქმდა და ოფიციალური სტატუსი ამ ძეგლებმაც დაკარგეს. თრუსოს ტრავერტინებს და აბანოს მინერალურ ტბას ბუნების ძეგლების სტატუსი განმეორებით 2012 წელს მიანიჭეს  – თრუსოს ხეობის ეს ღირსშესანიშნაობები ბუნების იმ სამი ახალი ძეგლის ჩამონათვალში მოხვდა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ, ყაზბეგში „დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან ჩამოჭრილი 9 ჰექტარის საკომპენსაციოდ შექმნა.

ტრავერტინებს ვერც ბუნების ძეგლის სტატუსმა და ვერც გარემოსდამცველების პროტესტმა ვერ უშველა.

სახელმწიფო კომისიამ ლაშა მოისწრაფიშვილის, თომა დეკანოიძის, ავთანდილ მიქაბერიძის, ხათუნა წიკლაურის, უჩა ზვიადაძის, ირაკლი მიქაძის, ნიკო საბაურის და ნონა ხელაიას შემადგენლობით, გადაწყვიტა, რომ თრუსოს ტრავერტინზე, აბანოს მინერალურ ტბასა და ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვართან მდებარე ქეთერისის ვოკლუზზე ჭაბურღილი უარყოფით ზემოქმედებას არ მოახდენდა.

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა თრუსოს ხეობაში არსებული ტრავენტინების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრების 2013 წლის 27 აგვისტოს სხდომის ოქმი მოიპოვა.

კომისიის წევრის უჩა ზვიადაძის დასკვნა: „განსახილველი ჭაბურღილის საშუალებით ნახშირორჟანგის მოპოვებას, მილსადენით მის ტრანსპორტირებას და სოფელ კობში ქარხნის ფუნქციონირებას არ მოჰყვება რაიმე ნეგატიური ზემოქმედება თრუსოს ხეობის ბუნებრივ მდგომარეობაზე“.

ირაკლი მიქაძის დასკვნა: „თრუსოს ხეობის მინერალური წყლებისა და გაზის საბადო და მასთან დაკავშირებული ტრავერტინები წარმოადგენს ქართველი ხალხის საკუთრებას. საბადოს ათვისება და სამრეწველო გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამ კუთხით შპს „კასარას” ინიციატივა მისასალმებელია“.

ნიკო საბაურის დასკვნა: „ვინაიდან ქარხნის მშენებლობა ხეობაში არ იგეგმება და მისი მშენებლობა გათვალისწინებულია სოფელ კობის ტერიტორიაზე, რის გამოც დიდი ტევადობის ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას ადგილი არ ექნება, რადგან ჭაბურღილიდან ნახშირმჟავა გაზის ტრანსპორტირება ჩამომსხმელ ქარხნამდე მოხდება მილდანებით, ნამდვილად არ შექმნის გარემოსათვის ზიანის მიყენების საშიშროებას. ასევე ისმევა საკითხი: ჭაბურღილის გაყვანამ უარყოფითად იმოქმედა იქ არსებულ გარემო პირობებზე თუ არა, ვადასტურებ, რომ ჭაბურღილის გაყვანას გარემოსათვის ზიანი არ მიუყენებია. ეს არის არაპროფესიონალების მიერ უსაფუძვლოდ წამოჭრილი საკითხი“.

„სპეციალურმა ჯგუფმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი თრუსოს ხეობის უნიკალურ ბუნებრივ წარმონაქმნებზე, სახელდობრ, ე.წ. „ბუყბუყა“ - აბანოს მინერალურ ტბაზე, ქეთერისის მინერალურ ვოკლუზზე და ტრავერტინებზე. მრავალწლიანი მონიტორინგის შედეგების ანალიზი საშუალებას მოგვცემს გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნა ნახშირმჟავა გაზის საექსპლოატაციო ზეგავლენისა (არსებულ ჭაბურღილის საშუალებით) თრუსოს ხეობის ბუნებრივ წარმონაქმნებზე“, – აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

2014 წლის დასაწყისში „კასარას“ მესაკუთრეებმა წილები გაასხვისეს. ომაზ კოჭლამაზაშვილს 5% დარჩა, გივი ღუდუშაურს 25%, 70%–ის მფლობელი კი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ლაურა ჩიტიშვილი გახდა. კომპანიის დირექტორად ზურაბ ფიცხელაური დაინიშნა.

კომისიის დასკვნის საფუძველზე შპს „კასარამ“ თრუსოს ხეობაში ახალი აპარატი დაამონტაჟა, ხეობა მძიმე ტექნიკით გადათხარეს და 11 კილომეტრზე მაგისტრალური მილსადენი განათავსეს. კომპანიის ინჟინერის, ზურაბ პატარაიას განმარტებით, ამ მაგისტრალით მინერალური წყალი კობში მდებარე ქარხანას მიეწოდება, სადაც წყლისგან გაზის განცალკევება და დაწნეხა მოხდება. კობში რეზერვუარები უკვე დგას.

პატარაიას თქმით, ჭაბურღილიდან დღე-ღამეში 38 ტონა ნახშირმჟავა აირის ამოდის,  ქარხანა ამ ეტაპზე დღე-ღამეში 18 ტონა CO2-ს გადაამუშავებს, მომავალში კი მისი სიმძლავრის გაზრდა იგეგმება. საწარმო მუშაობს სექტემბერში დაიწყებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორმა რატი ჯაფარიძემ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ მას თრუსოს ხეობაში ტრავერტინების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში