საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ ითხოვენ მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას

22:55 - 13 თებერვალი 2018 hits 11348

გარემოსდამცველებმა, სამთო და საფეხმავლო გიდებმა სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს. პეტიციაში ნათქვამია, რომ პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებს, დაცულ ტერიტორიებს და მისი მშენებლობა გამოიწვევს მეწყერების, ღვარცოფებისა და ხანძრების ზრდას. ამასთან, პეტიციის ავტორთა მოსაზრებით, აღნიშნული გზის მშენებლობა მძიმე დარტყმას მიაყენებს სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს. დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

პეტიცია

„საქართველოს მთავრობა (საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) გეგმავს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტის „სნო -ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა“, მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებსა და ალპურ ველებს. ამის გამო, გარდაუვალია პირველყოფილი ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ენდემური, რელიქტური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დეგრადაცია და კატასტროფული სტიქიური მოვლენების, როგორიცაა მეწყერები, ღვარცოფები, ხანძრების ზრდა.

პროექტის განმახორციელებლები არც კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას ერიდებიან და საავტომობილო გზის მშენებლობას ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და დაგეგმილ „ზურმუხტის ქსელის საიტებზე“ გეგმავენ. პროექტი მძიმე დარტყმას მიაყენებს საწყის ეტაპზე მყოფ სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს; საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმს, სამთო ველო-ტურიზმს, ვეღარ განვითარდება ზამთრის სკი-ტურინგის მარშრუტები, თავშესაფარი ქოხები, სამთო ბანაკები და ა.შ.

დანიშნულებას და იერს დაკარგავს სამთო-საბანაკე და ბუნების ღირშესანიშნავი ადგილები: ჭაუხი, აბუდელაურის ტბები, ტურისტული სამთო ბილიკები, უღელტეხილები, მთის მდინარეები და სხვა.  

სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და დაცლისაგან გადარჩენის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენს. მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით (ტურისტებს ბევრჯერ მოუწევთ გაჩერება მარშრუტზე), ვიდრე საავტომობილო გზაზე გადაადგილებული ტურისტებისგან.

დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. გზის მოვლა ძალზე დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რესურსები ისეთ მნიშველოვან და გადაუდებელ საჭიროებებს მოაკლდება, როგორიცაა პენსიები, მასწავლებლების ხელფასები და მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება. ჩვენ, ასევე, გვაღელვებს შესაძლო ან არსებული ინტერესთა კონფლიქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და გზის პროექტის დაგეგმვისთვის დაქირავებულ კომპანიებს  შორის.

ხაზი უნდა გაესვას, რომ პროექტი გადაკვეთს ტერიტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა თემი ტრადიციულად ფლობდა და იყენებდა. საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს ტრადიციულ და სათემო საკუთრებას და სახელმწიფო ამ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც სახელმწიფო საკუთრებას. შედეგად, გარდაუვალია კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. კონფლიქტის მონაწილე გახდება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ამ ეტაპზე ლოიალურადაა განწყობილი საავტომობილო გზის მშენებლობის მიმართ, დროებითი დასაქმების ან სოფლებთან მისასვლელის გაუმჯობესების პერსპექტივის გამო.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს, ამავე დროს, შევინარჩუნოთ ბუნება, დაცული ტერიტორიები და ეკო-ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, დაგეგმილი პროექტის საუკეთესო ალტერნატივა იქნება კავკასიონის ხეობებში არსებული ჩრდილო-სამხრეთის დამაკავშირებელი გზების შეკეთება. ამასთან, აუცილებელია ამ სამუშაოების შეთავსება მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების გეგმებთან, რაც უზრუნველყოფს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის დაბრუნებას,  ტრადიციული ყოფისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს დამანგრეველი პროექტი. მოვითხოვთ, რომ ორჰუსის კონვენციის შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი გახდეს არა პროექტის ცალკეული ნაწილები, არამედ მთელი პროექტი (სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის რეკონსტრუქციისა და მშენებელობის პროექტი) - როგორც სტრატეგიული გეგმა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს არა ძველი, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმების, არამედ „გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის“ შესაბამისად, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დირექტივების მიხედვით და ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან".

პროექტის შესახებ

მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობის თაობაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას განაცხადა: „თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რაზედაც ასევე ვმუშაობთ. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება“.

მთიანი რეგიონების შემაერთებელმა საავტომობილო გზამ ყაზბეგის, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. გზა სოფელ სნოდან იწყება (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), გაივლის ჯუთას, შემდეგ როშკაში უნდა გადავიდეს (პირაქეთა ხევსურეთში, არხოტისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სოფელი), როშკადან უკავშირდება შატილს (პირიქითა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრი), შატილიდან გზა მუცო-არდოტის ხეობის და აწუნთას უღელტეხილის გავლით თუშეთში გადადის. ამავე დროს, პროექტი ითვალისწინებს გზის გაჭრას ხადორის ხეობიდან (პანკისი) თუშეთის მიმართულებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, პანკისიდან თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზა ხორვატიულმა კომპანიამ („სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“) დააპროექტა. აღნიშნული ორგანიზაცია ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია და 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული. სამუშაოების შესრულებისთვის მას 4 986 600 ლარი გადაერიცხა. ტენდერში მეორე კომპანიაც (ჰოლანდიური ორგანიზაცია „Antea Nederland B.V.) მონაწილეობდა, თუმცა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გზების დეპარტამენტის კომისიამ საკონკურსო მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და დისკვალიფიცირებულ იქნა.

გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ცალკეული ნაწილების საჯარო განხილვა 20-21 თებერვალს, ახმეტასა და დუშეთში გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში