საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული მეხანძრეებისა და ტყის მცველების პირად გმირობაზე?

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

06:03 - 24 აგვისტო 2017 hits 12885

დაუდევრობა, დივერსია თუ ბუნებრივი ფაქტორი - რამ განაპირობა ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენა და მასობრივი გავრცელება? რამდენად ადეკვატური და მყისიერი იყო შესაბამისი სტრუქტურებისა და სამსახურების მხრიდან რეაგირება? რამდენად სწორია ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მოხალისეების მონაწილეობა და რატომ არ აქვს საქართველოს ტყის ხანძრებთან ბრძოლის სტრატეგია შემუშავებული? ამ და სხვა საკითხებზე Mtisambebi.ge „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორს, ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტერიტორია, სადაც ახლა ხანძარი მძვინვარებს, არის მომეტებული ხანძარსაშიში ტყე და ყოველწლიურად, ბუნებრივადაც შესაძლებელია რომ იყოს ხანძრები, აქ კლიმატის ზეგავლენა არის ძალიან ძლიერი. ბოლო პერიოდში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურაა, დიდი ხნის განმავლობაში გვალვაა, ეს არის ხანძრის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

2006 წელს საქართველოში იყო 95 ტყის ხანძარი და ჯამში 768 ჰექტარი დაიწვა. 2008 წელს, სამხედრო მოქმედებების გამო ყველაზე მეტი ფართობი, 1277 ჰექტარი დაიწვა. 2009 წელს სულ 7 ხანძარი მოხდა, მაგრამ დაიწვა 717 ჰექტარი. 2010 წელს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, აგვისტოში მოხდა ხანძარი და მხოლოდ აწყურის სატყეოში 300 ჰექტარი ტყე დაიწვა“.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ადამიანების დაუდევრობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასეთი გვალვის პირობებში თითქმის განწირულია ტყე ხანძრისთვის.

„დაუდევრობა არ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაცას კოცონი დარჩა, თოფი გაისროლა, ან სიგარეტი გადააგდო. დაუდევრობა, რომელმაც შესაძლოა ტყეში ხანძარი გამოიწვიოს, არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების დატოვება. მაგალითად, ცარიელი ბოთლის დაგდება ტყეში, რომელმაც შეიძლება მზის სხივები ისე გარდატეხოს, რომ გამადიდებელი შუშის ეფექტი იქონიოს და შეიძლება გამოიწვიოს იქვე მყოფი გამხმარი ბალახის ან წიწვების აალება“.

მისივე თქმით, ხანძრებზე ტყის ეკოლოგიური მდგომარეობაც მოქმედებს. თუ ტყე დეგრადირებულია, გაჩეხილია ან ბევრი ხმელი ხეა დარჩენილი უკანონო და უსისტემო ჭრისგან, ეს ფაქტორებიც ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას.

ბორჯომის ხეობის ტყეების გარდა, საქართველოში ხანძარსაშიშია მესხეთის, აწყურის და თუშეთის ტყეებიც. „ასეთი ტყეები საქართველოში ძირითადად მთების სამხრეთ ფერდობებზეა განლაგებული. დაახლოებით 400 ათასი ჰექტარია“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ სატყეო დეპარტამენტმა იცოდა, რომელი პერიოდები იყო ხანძარსაშიში და რომელი ტყეები, გასულ წლებში იყო ასეთი პრაქტიკა, რომ 2–3 თვით დროებით თანამშრომლებს ქირაობდნენ, რომლებიც ტყეში პატრულირებდნენ, შეიძლება იქაც დარჩენილიყვნენ იმისთვის, რომ მოეხდინათ ხანძრის კერების პრევენცია, ან ადამიანების ტყეში ყოფნა შეეზღუდათ, პირველადი ხანძარი ჩაექროთ და ა.შ. გამოცდილება მაშინ გვაჩვენებდა, რომ ეს იყო პრიმიტიული, მაგრამ მაინც ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც მეტნაკლებად კარგად მუშაობდა“.

კითხვაზე, რამდენად ადეკვატური და მყისიერი იყო შესაბამისი სტრუქტურების და სამსახურების მხრიდან რეაგირება ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ? ირაკლი მაჭარაშვილი საკითხს ორ ნაწილად ყოფს:

„რა ხდებოდა მანამდე, სანამ ხანძარი დაიწყებოდა და ხანძრის შემდგომი მოქმედებები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

რაც ვაკვირდები ხანძრის გაძლიერებას, ვუყურებთ მეხანძრეების, ტყის მცველების პირად გმირობას. ტყის ხანძარი არის ერთ–ერთი ყველაზე საშიში სტიქია. ტყის მეხანძრეობა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე საშიშ პროფესიად ითვლება და მარტივი არ არის მისი ჩაქრობა. მაგრამ, როგორ ემზადებოდა ქვეყანა ხანძარსაშიში პერიოდისთვის, აქ არსებობს ძალიან დიდი მინუსები“.

როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში არსებობს ხანძარსაშიში ტყეები, ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად ეს საფრთხე კიდევ უფრო ძლიერდება, გვაქვს წინა წლების გამოცდილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ არ აქვს შეძენილი ტექნიკა ასეთ ხანძრებთან საბრძოლველად. არა გვყავს სპეციალური ვერტმფრენები, არა გვყავს ტყესთან ადაპტირებული მცირე მანქანები, რომლებიც ქაფით და წყლით არიან აღჭურვილები. როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული მეხანძრეებისა და ტყის მცველების პირად გმირობასა და ვაჟკაცობაზე? ასე ხომ სისტემა არ მუშაობს.

რაც შეეხება ტყის ხანძრებთან ბრძოლის, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მოხალისეების მონაწილეობას, ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, რომ ორგანიზებულად მიმართოს მოხალისეთა ძალა, მაშინ ეს მოხალისეები შეიძლება, პირიქით, იქით გახდნენ საშველები, საფრთხეში ჩაიგდონ თავი და ხელი შეუშალონ მეხანძრე–მაშველებს თავის საქმიანობაში.

ტყის კოდექსი ხანძარსაშიშ პერიოდებში ტყეში ადამიანების შეშვებას ზღუდავს. კითხვაზე, რამდენად მუშაობს ეს შეზღუდვა, ჰყავს კი საკმარისი ადამიანური რესურსი სატყეო სააგენტოს ამის გასაკონტროლებლად? ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს:

„ტყის კოდექსში ნამდვილად იყო ასეთი ჩანაწერი, მაგრამ თუ შევხედავთ რა ძალები გააჩნია სატყეო სააგენტოს, შეუძლებელია რომ ეს გააკონტროლოს.

ერთ ტყის მცველზე დაახლოებით 5 ათასი ჰექტარი ტყე მოდის. ტყის მცველის ხელფასი არის 550 ლარი. ამ ფულით უნდა იყიდოს საგზალიც. ესენი არიან სახელმწიფოსგან ყველაზე უყურადღებოდ და უუფლებოდ დატოვებული ადამიანები.

ხშირად ტყის მცველებს უხდებათ გამკლავება ბრაკონიერებთან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა სოფელ ახალდაბაში, როდესაც რეინჯერებმა დააკავეს უკანანო ტყისმჭრელები, ისინი შეეცადნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ რეინჯერებს და დიდი სატვირთო მანქანით გადაევლოთ ამ ტყის მცველებისთვის.

მახსოვს ასეთი შემთხვევაც, რომელიც გასულ წელს მოხდა, რომ რეინჯერმა ნახა უკანონო ტყისმჭრელი ბენზოხერხით. ის გამოეკიდა ტყისმცველს და დაჭრა ბენზოხერხით. სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა დამნაშავე. აი ეს არის, რაც უღირს სახელმწიფოს ტყისმცველები და რეინჯერები“.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში