საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია ოფურჩხეთის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება

16:13 - 27 თებერვალი 2021 hits 6959
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის
გარემოს დაცვა
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ 28 თებერვალს, 13:00 საათზე დაგეგმილი საპროტესტო აქცია სოფელ ოფურჩხეთის ნაცვლად, იგივე დროს, ქალაქ ქუთაისში, თეატრის წინ გაიმართება. როგორც „მთის ამბებს“ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა უთხრა, აქციის ჩატარების ადგილი მასში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო შეცვალეს.

„წინასწარი ინფორმაციით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხვალ ძალიან ბევრი ხალხი აპირებს გამოსვლას. ოფურჩხეთამდე მოსვლა მათ შესაძლოა გაუჭირდეთ, რადგან გზებიც გადაიკეტება და ფიზიკურად, ოფურჩხეთში ამხელა ადგილიც არ არის, მითუფრო, რომ დიდი რაოდენობით პოლიცია იქნება და მათი მანქანებიც. ამასთან, ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ. ეცდებიან, რომ პროვოკაციული ჯგუფები შემოგზავნონ და შესაძლო დაპირისპირება რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის გამართვა ქუთაისში. მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი ვიყოთ, რომ ხელისუფლებამ ძალა დაინახოს. მოთხოვნები უცვლელია:

  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N 2405 განკარგულება, რომლითაც ასობით ჰექტარი მიწა შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა აღნაგობის უფლებითა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით;
  • მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი;
  • კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

წყალტუბოს და ცაგერის სოფლების მცხოვრებლები ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციას გასული წლის 25 ოქტომბრიდან მართავენ. ადგილობრივებს ქვედა ნამოხვანის კაშხლის მშენებლობის ადგილას სადღეღამისო მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული. პოლიციამ საპროტესტო აქცია ორჯერ დაშალა. 31 იანვარს, გვიან ღამით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგლიჯეს აქციის მონაწილეების მიერ კაშხლის მშენებლობის ადგილას აღმართული და სასულიერო პირების მიერ ნაკურთხი ჯვარი. ბოლოს პოლიციელები აქციის მონაწილეებს ნამოხვანსა და ჟონეთში შეკრების უფლებას აღარ აძლევდნენ. პოლიციის განმარტებით, საპროტესტო ტერიტორია „ენკას“ კერძო საკუთრება იყო. აღმოჩნდა, რომ რიონის ხეობაში 576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - მთავრობას „ენკა რინიუებლზისთვის“ გადაუცია.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

„ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს. კომპანია გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ სულ მცირე 15 პირობას არღვევს, რომელთა შესრულებაც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იყო სავალდებულო. „ენკას“ ამ დრომდე არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს. არადა, ნამახვანის ჰესების კასკადი გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიურ მონაკვეთში შენდება. თან 10 მეწყრული ზონაა სოფელ გუმათიდან ნამოხვანამდე. „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იძულებული გახდა ნამახვანჰესის ტერიტორია შეემოწმებინა და „ენკას“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეედგინა. სამართალდარღვევას წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო 10 მარტს განიხილავს.  

ამის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა აცხადებს, რომ რიონის ხეობაში „ენკამ“ საქმიანობა სრულიად კანონიერად განაახლა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, რომელიც 2000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში. ეს არის 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს, უცხოური ინვესტიციის შემოსვლას მათ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 2000-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები და ცალსახად, ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ პროექტს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. 10 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

 

ამ თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რიონის ხეობის დარაჯები

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში