საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სტიქია რაჭაში - მდინარე რიონმა 10 ხიდი და გზები დაანგრია, 12 სოფელი მოწყვეტილია

13:23 - 29 ივლისი 2020 hits 12752

ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი - 28 ივლისს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ადიდებულმა რიონმა და სხვა მდინარეებმა 10 ხიდი დაანგრია, რამდენიმე ადგილას სამანქანო გზა და ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა შოვში, გლოლაში, უწერაში, ღებში, ჭიორაში, ჯინჭვისში, ნაკიეთსა და კიდევ რამდენიმე სოფელშია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. გზაშია ჩარჩენილი ათამდე მანქანა.

„რამდენიმე წლის წინ, უხვი ნალექის გამო, შოვში, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად კურორტის მთავარი გზა დაზიანდა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო, შედარებით მსუბუქი. მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით. ონის გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. ჯებირები უნდა გაეკეთებინათ, კალაპოტი გაემაგრებინათ, მაგრამ არავინ შეწუხებულა. დღეს უარესი მოხდა, მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს, მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ავაშენოთ“, - ამბობს მარიტა გუტაშვილი.

„სპეციალური ტექნიკა ჯერ არ მოსულა. მდინარეები ისევ ადიდებულია და გზები ისევ მიაქვს. გუშინ ძლიერი სეტყვაც იყო. ხილი და ბოსტნეული სულ გაანადგურა“, - უთხრა „მთის ამბებს“ გლოლაში მცხოვრებმა ილია ბიძიშვილმა.

სტიქიის ზონაში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მობილიზებულია ვერტმფრენი.

2000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. სპეციალისტები დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რაჭაში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები გაემგზავრნენ, რომლებიც შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის აღარ წვიმს, თუმცა მდინარეები ისევ ადიდებულია.

30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სწორედ მდინარე რიონზეა დაგეგმილია ონის ჰესების კასკადის მშენებლობა, რომელიც ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება: „ონი 1 ჰესი“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი“ (83.7 მგვტ). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გასცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე. პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია: 4 ათასზე მეტი ძირი ხის მოჭრა; მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია; მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ; მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს; გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში; საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა; მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში