საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გამოიცა ალექსი ოჩიაურის წიგნი მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში

19:24 - 18 თებერვალი 2020 hits 12326

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა ალექსი ოჩიაურის წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია გასული საუკუნის 30-50-იან წლებში, ხევსურეთში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალები მოსისხლეობისა და ჭრა-ჭრილობის შესახებ.

„ალექსი ოჩიაური უშუალო თვითმხილველი და მონაწილეა ხევსურეთში მომხდარი არაერთი „საარდარაო“ ამბისა და დრამატული მოვლენისა; მას მონაწილეობა მიუღია სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებულ მოსისხლეთა შერიგების ურთულეს პროცედურებში. საკუთარი და ხშირად გადამწყვეტი სიტყვა უთქვამს ხევსურული რჯულ-სამართლის განმტკიცებისა და ქმედითუნარიანობის ამაღლების საპასუხისმგებლო საქმეში“, - ამბობს ამირან არაბული, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წიგნში მოცემულ მასალებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველ მთიელთა ტრადიციული სოციალური ყოფისა და მეზობელ კავკასიელ მთიელებთან მათი ურთიერთობის შესწავლის საქმეში.

ამირან არაბულის თქმით, ალექსი ოჩიაური არ იზღუდება მხოლოდ არხოტის თემის სინამდვილით და გვაცნობს შუღლის, ჭრა-ჭრილობისა თუ გრძელვადიანი მოსისხლეობის ღირსსახსოვარ მაგალითებს შატილ-მიღმახევისა და ბუდე ხევსურეთის უახლოესი წარსულიდან.

წიგნში იხსენიებიან ის თვითნასწავლი აქიმები თუ დასტაქრებიც, ვისმა სამკურნალწამლო საიდუმლოთმცოდნეობამ „სარჩოობაზე“ დააყენა და გამოამჯობინა მძიმედ დაჭრილ-დაჩეხილი, გაუსაძლისი ტკივილების დამთმენი არაერთი ხევსური ახალგაზრდა. ეს მკურნალები არიან: კარწაულთელი მშაველათ გიგია, არხოტიანი ალეკა ოჩიაური, ჯუთელი მინდიათ შიშია, მუცოელი თათო დაიაური, შატილიონი გუგუა ჭინჭარაული, არჭილოელი ფაშქოშა, გუროელი ბერდია გოგოჭური (მკურნალობდა მხოლოდ ჯიხვის ნაღველით).

ალექსი ალეკას ძე ოჩიაური, პედაგოგი და ეთნოგრაფი, დაიბადა 1892 წელს არხოტის თემის სოფელ ახიელში. მისი მამა იყო ხევსურეთში ცნობილი დასტაქარი ალეკა ოჩიაური, რომელიც თავის ქალის ოპერაციებსაც აკეთებდა.

ალექსი ოჩიაური 1912 წელს ჯარში გაიწვიეს, საიდანაც კვლავ არხოტში დაბრუნდა. 1917 წელს იგი იყო ფშავ-ხევსურეთის ოლქის შუაფხოს წმინდა გიორგის სახელობის საყდრის მედავითნე, საიდანაც ეპისკოპოს ლეონიდეს ხელდასმით, სოფელ ახიელის ეკლესიის მღვდლად აკურთხეს.

ბოლშევიკების ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იგი გაკრიჭეს და სასულიერო საქმიანობა აუკრძალეს.

არხოტში შეხვდა აკაკი შანიძეს, რომელიც მაშინ ფშავ-ხევსურეთში ფოლკლორულ მასალებს კრებდა. ალექსი ოჩიაური ხალხური პოეზიის კარგი მცოდნე იყო და თავადაც წერდა ლექსებს. ამ შეხვედრამ დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ საქმიანობაში.

1924 წლიდან ალექსი ოჩიაური პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1930-იან წლებში ასწავლიდა ბარისახოს სკოლა ინტერნატში, შემდგომ, შუაფხოს სკოლაში. 1936 წელს იგი დააპატიმრეს ცნობილი ე.წ. „ამერიკელების საქმესთან“ დაკავშირებით (ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას); ალექსი ოჩიაურის „დანაშაული“ ის იყო, რომ მან წერილი გაატანა ამერიკელ ტურისტს ლიქოკში თავის ახლობელთან სტუმრის პატივისცემისა და მისი დაბინავების თხოვნით. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.

1930-იანი წლებიდან ალექსი ოჩიაური, თავის მეულღე ნათელა ბალიაურთან ერთად, ჩაება ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ ფართოდ გაშლილ შემკრებლობით საქმიანობაში.

პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იგი სისტემატურად იწერდა მთიელთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და ეთნოგრაფიულ მასალებს. ეს მასალები მოიცავს ხევსურთა და ფშაველთა რელიგიური და სოციალური ყოფის ძირითად მხარეებს.

ალექსი ოჩიაურს და ნათელა ბალიაურს 4 შვილი ჰყავდათ - ორი ქალი და ორი ვაჟი: ბოტანიკოსი დედიკა და ეთნოლოგი თინათინი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მამის ხელნაწერების გამოქვეყნებაში. მისივე ინიციატივით მომზადდა წინამდებარე წიგნიც, რომლის გამოცემაც მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. ალექსი ოჩიაურის ვაჟები ცნობილი მოქანდაკეები - ირაკლი და გოგი ოჩიაურები იყვნენ.

ალექსი ოჩიაური 1972 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ შუაფხოში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში