საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჩვენი მოთხოვნაა, რუსი და უკრაინელი პარაპლანისტები გუდაურიდან წავიდნენ - გიგა სეთურიძე

21:18 - 12 ივნისი 2018 hits 5450

„ისინი თანამშრომელს გვიკლავდნენ, მის ხრამში ჩაგდებას ცდილობდნენ. ისინი ჩვენს ადათ-წესებს შეურაცხყოფას აყენებენ. თურმე გოგონებს მანქანის დაჯახებითაც აშინებდნენ. მათ გუდაურში, ჩვენს მთებში არ უნდა იფრინონ“, - ამბობს საქართველოს პარაპლანისტთა ეროვნული ფედერაციის წევრი გიგა სეთურიძე. გუდაურში მომუშავე ქართველი პარაპლანისტები ყაზბეგის რაიონიდან რუსი და უკრაინელი მფრინავების გაძევებას ითხოვენ.

„მთის ამბებთან“ ინტერვიუში გიგა სეთურიძე ამბობს, რომ დაპირისპირება ქართველ, რუს და უკრაინელ მფრინავებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც საფრენად აუცილებელ სასტარტო მოედანს უკრაინელები დაეპატრონნენ.

„აქ დიდი კონკურენციაა. უკრაინელმა მფრინავებმა სახელმწიფოსგან იჯარით აიღეს ჩვენი სასტარტო მოედანი და გამოგვყარეს იქიდან. ეს მოხდა ძალიან ჩუმად.

- არ იცოდით რომ სასტარტო მოედანი აუქციონზე იყო გატანილი?

- აუქციონი წავაგეთ. ჩვენ ადგილობრივები ვართ და იმხელა თანხაზე ავიდნენ, რომ ვერ შევწვდით. 50 ათას ლარად აქვთ აღებული ეს ტერიტორია წლიურად.

რადგან მათთან პრობლემები აღარ გვინდოდა, ჩვენ ავიღეთ სხვა მოედანი, სადაც ვაწარმოებდით მშენებლობას. უნდა გაგვეკეთებინა კემპინგი, რომ ტურისტები კარგად მიგვეღო. ვაკეთებდით გზას, გადასახედ ტერასას, საპირფარეშოებს, პარალელურად ვემსახურებოდით ტურისტებს. 8 ივნისს, ჩვენი მფრინავები, ვაკო ზაქაიძე და გიორგი გულბათაშვილი დაფრინავდნენ მგზავრების გარეშე. მოულოდნელად ავარიული დაშვება მოახდინეს უკრაინელების სასტარტო მოედანზე, რადგან ჰაერში ფრენის დროს ამინდი შეიცვალა, ქარი ამოვარდა. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით უკრაინელებთან, რომ თუ მათ სასტარტო მოედანზე დავჯდებოდით, თითო დაჯდომაზე, არ ჰქონდა მნიშვნელობა მგზავრთან ერთად ვიქნებოდით თუ მარტო, 20 ლარს გადავუხდიდით.

როდესაც ვაკო ზაქაიძე მათ სასტარტო მოედანზე დაჯდა, პირველმა მივირბინე ვაკოსთან, რომ დავხმარებოდი მას. გიორგი გულბათაშვილი არ იყო ჯერ დამჯდარი. მე როდესაც გავრბოდი, გიორგი 2 მეტრის სიმაღლეზე იყო მიწიდან. დავინახე, რომ უკრაინელი მფრინავი გაიქცა, პარაპლანი მოქაჩა, გიორგი მიწაზე ჩამოაგდო, შემდეგ მოკიდა მთლიანად პარაპლანს ხელი და გიორგის ხევში მიათრევდა. გავიქეცი გიორგისკენ, ის თითქმის ხრამში იყო ჩათრეული. ჩვენი მეგობრებიც მოვიდნენ. მათმა თანამშრომელმა ჩვენსკენ გამოიწია და ეს ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამას ვყვები 8 ივნისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც თანამშრომელს გვიკლავდნენ, მის ხრამში ჩაგდებას ცდილობდნენ.

- პოლიციას რატომ არ მიმართეთ?

- ჩვენების მიცემას არანაირი აზრი არ აქვს. მომხდარის შემდეგ უცხოელ მფრინავებთან სასაუბროდ გადავედით. პოლიციაც იქ იყო, მშვიდობიანი საუბარი მიდიოდა. ჩვენ გვსურს, რომ ეგენი აქედან წავიდნენ. რატომ გადააგდეს ჩვენი პილოტი? მოლაპარაკებულები ხომ ვიყავით, რომ თითოეულ დაჯდომაზე ოცი ლარი უნდა გადაგვეხადა მათთვის.

მეორე დღეს პოლიციამაც იცოდა, გამწარებული ხალხი მივედით ჩვენს სასტარტო მოედანსა და მათ სასტარტო მოედანს შორის ტერიტორიაზე. ჩვენ მცხეთა-ლარსის საერთაშორისო გზა არ გადაგვიკეტავს, გადავკეტეთ მათ მოედნამდე მისასვლელი გზა. პოლიციელებმა ეს მფრინავები გააფრთხილეს, რომ იქ არ უნდა მოსულიყვნენ, რადგან როდესაც დაძაბული სიტუაციაა, შეიძლება უარესი მოხდეს. მაინც ამოვიდნენ მანქანებით, ჩვენს ბიჭებს ცუდად დაუწყეს საუბარი, პროვოკაციაზე წამოვიდნენ. ჩვენმა ბიჭებმა ადგილის დატოვება მოსთხოვეს, მიუთითეს რომ შეკრების ადგილთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყვნენ, რადგან ხალხი გამწარებული იყო, მეგობარს გვიკლავდნენ. ესენი ემზადებოდნენ, ჩაფხუტები დაიფარეს, კამერები ჩართეს, რაც მათ მიერვე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს. როდესაც სიცხეა, მანქანაში ჩაფხუტი არავის აფარია, მას ჩაფხუტი ახურავს, ვიდეოკამერა აქვს ჩართული. როგორ ფიქრობთ, წინასწარ მომზადებულები არ იყვნენ? დაგეგმილი ჰქონდათ, გაზი რამდენ მეტრზე უნდა გაეშვათ. შიგნიდან, სხვადასხვა მანქანებიდან იღებდნენ ვიდეოებს, რადგან პროვოკაციაზე წამოვგებულიყავით. წამოვეგეთ კიდეც.

პირველად როდესაც შემოვიდნენ მშვიდობიან აქციაზე, ხალხს მანქანა გაუქანეს, შემდეგ ერთ-ერთი მფრინავი გადმოვიდა. ჩანს კიდეც, რომ აქციის მონაწილეებს და მას შორის დიალოგი გაიმართა. მერე მოხდა ინციდენტი. ჩვენმა თანამშრომელმა მოკიდა ხელი და ჩასვა მანქანაში. უკრაინელ პილოტს შემდეგ კიდევ ჰქონდა მცდელობა, რომ მანქანა დაეჯახებინა.

გარდა ამისა, ისინი ჩვენს ადათ-წესებს შეურაცხყოფას აყენებენ. მონებს ეძახიან მეცხვარეებს. ჩვენ გვეუბენებიან, წადით, თქვენც ცხვარი მწყემსეთო. ჩვენ ჯვრებს აფურთხებენ რომ გაგვაღიზიანონ. პაპა-ბებიის აშენებულ და დატოვებულ ძვლებს აყენებენ შეურაცხყოფას. სალოცავებს თელავენ ჩვეულებრივად. უჩივიან ყველას, „სმარტის“ თანამშრომლებს, „ვისოლის“ თანამშრომლებს, ჩვენ, თვითონ პოლიციელებს, ყველას უჩივიან. თურმე გოგონებს მანქანის დაჯახებითაც აშინებდნენ.

- თუ ხდებოდა ისეთი ფაქტები, რომლებიც შეიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რატომ არ მიმართეთ პოლიციას აქამდე?

- უკრაინელი მფრინავები გოგონებს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, ჩვენ ამ დღეებში გავიგეთ. მანამდე არ გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს იმის გამო, რომ ჩხუბი არ მომხდარიყო ჩვენს შორის.

საჩივარი რომ შევიტანოთ, სასამართლო ჩატარდება. მხოლოდ დაჯარიმდებიან. გადაიხდიან გარკვეულ თანხას, გამოვლენ და ისევ იქ დაბრუნდებიან, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. განაგრძობენ თავიაანთ საქმიანობას.

8 ივნისს რისი მცდელობაც იყო მათი მხრიდან, ვგულისხმობ ჩვენი მფრინავის ჩამოგდებას, მსგავსი მცდელობა შარშანაც ჰქონდათ. უკრაინელმა პილოტებმა კოლუმბიელ პარაპლანისტს ჰაერში ქვა ესროლეს. ის თავისი საქმის პროფესიონალი რომ არ ყოფილიყო, დღეს მკვდარი იქნებოდა.

ჩვენ ვითხოვთ, რუსმა და უკრაინელმა პილოტებმა არ იფრინონ გუდაურში, ჩვენს მთებში და წავიდნენ ჩვენი კუთხიდან, რადგან საფრთხეს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს.

ქართველი ხალხი გონზე არ არის რა ხდება და უნდა გაიგონ, სინამდვილეში რა მოხდა. ჩვენ გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ. ჩვენს მოთხოვნას მაინც წავუყენებთ ამ ადამიანებს. პროკურატურაში იქნება ეს თუ სხვაგან.

ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს გუდაურში ფრენები აეკრძალოთ. გულბათაშვილს გვიკლავდნენ, კოლუმბიელ მფრინავს შარშან ქვა ესროლეს. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ჩვენი, პარაგლიდინგის ეროვნული ფედერაციის წევრია. მოწვეული მფრინავია, რომელიც ტრენინგებს უტარებს ჩვენს მფრინავებს. მაქვს ინფორმაცია, რომ როცა ქვა ესროლეს და საფრთხე შეუქმნეს, მან იჩივლა პოლიციაში, მაგრამ ამ ყველაფერს გაგრძელება არ მოჰყოლია.

ჩვენ სხვა მფრინავებს არ ვერჩით. არიან კახეთიდან, თბილისიდან, თუშეთიდან, გაგრიდან. ვცდილობთ გაგრაშიც განვავითაროთ პარაგლიდინგის მიმართულება. ჩვენი მოთხოვნაა, რუსი და უკრაინელი მფრინავები წავიდნენ აქედან“.

გუდაურში, რუსი პარაპლანისტების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ავტომობილების დაზიანების ბრალდებით ვასილ ზაქაიძე, გიორგი ზაქაიძე, გიორგი ჯაღმაიძე და ვასილ ბურდული პოლიციამ 10 ივნისს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2018 წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს. ჩელიშევს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

გუდაურის ინციდენტის გამო დაკავებული 4 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში მოსახლეობამ 10 ივნისს გზა გადაკეტა. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზადაახლოებით 2 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილობრივებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან დიმიტრი ზურაბიშვილთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ოთხივე დაკავებულს 48 საათში გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ ან უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

ამ თემაზე:

კონფლიქტი გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის

გუდაურში ადგილობრივები ცდილობენ, თუნდაც ძალადობით ყველა ნიშა მათ დაიკავონ - ჩელიშევი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში