ყველაზე მსხვილი პროექტი, რომლითაც საქართველოს მთის კურორტები წელს ზამთრის ტურისტულ სეზონს ხვდება, სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგიროა, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნება.
თუ აქამდე მესტიის ცენტრიდან ჰაწვალზე მოსახვედრად ტურისტებს მინიმუმ 30 წუთი სჭირდებოდათ, ახალი საბაგიროს მეშვეობით ამას 6 წუთში შეძლებენ.
ეს არის 6 კაციანი, ღია ტიპის საბაგირო, რომლის სიგრძეც 1200 მეტრია. სამთო–სათხილამურო ტრასა ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
რაც შეეხება თეთნულდს, კურორტზე რამდენიმე სირთულის 8 სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. მუშაობს ოთხი სკამებიანი საბაგირო. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 3200 მეტრია.„თეთნულდმა სახელი გაითქვა მთელ ევროპაში. სვანეთი სავსეა ტურისტებით. ჩვენ თვითონაც კი გაგვიჭირდა იქ დარჩენა, რადგან სასტუმროებში ადგილი არ იყო“, - ამბობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი.
სვანეთში, მესტიის მაღალმთიან სოფლებში უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და უშგულში, ასევე დაბა ლენტეხში, სათხილამურო სპორტის განვითარების და მასში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, პატარა საბაგიროების მშენებლობა მიმდინარეობს.
„ეს საბაგიროები ხელს შეუწყობს ტურისტებისთვის ახალი სასრიალო ადგილებისა და მოსახლეობისთვის შემოსავლების გაჩენასაც. წლების განმავლობაში სვანეთში მცხოვრები მოთხილამურეები საუკეთესოდ ასპარეზობდნენ საერთაშორისო მასშტაბით და ვფიქრობ, ეს პატარა საბაგიროები ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას გაზრდის. აქამდე ისინი მთაზე ფეხით ადიოდნენდა ისე სრიალებდნენ“, - აღნიშნავს სანდრო ონოფრიშვილი.
მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე 3 სათხილამურო ტრასაა. ფუნქციონირებდა 2 საბაგირო, 1 გონდოლას ტიპის, 1 ბაბლი - 6 კაციანი. წელს დაემატა 2 პატარა საბაგირო, მათ შორის ერთი „მოძრავი ხალიჩა“. ახალი საბაგიროების გახსნა დეკემბრის ბოლოს იგეგმება. გოდერძიზე ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია და ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 2366 მეტრია. კურორტზე სასტუმრო კოტეჯები ფუნქციონირებს და 7 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
„წელს გოდერძიზე 2 ახალი არეალი შეიქმნა. ეს არის საბავშვო და სასწავლო არეალი - თხილამურებზე დგომისა და სრიალის სწავლებისთვის, რაც აქამდე კურორტს არ ჰქონდა. ამასთან, ჩამოყვანილი გვყავს გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი სპეციალისტები, რომლებიც მთელი საქართველოდან ინსტრუქტორების გადამზადების ორკვირიან კურსს უძღვებიან. ადგილობრივებს წვრთნიან, თუ როგორ უნდა ასწავლონ დაინტერესებულ პირებს თხილამურებით სრიალი“, - ამბობს სანდრო ონოფრიშვილი.
რაც შეეხება საავტომობილო გზას, სანდრო ონოფრიშვილის თქმით, კურორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის თაობაზე. გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია 2 წელში უნდა დასრულდეს. ახალი გზით ტურისტები გოდერძიზე ასვლას ზამთარშიც შეუფერხებლად შეძლებენ.
ტურისტებს მნიშვნელოვანი სიახლე დახვდებათ ბაკურიანშიც. პირველად ბაკურიანის ისტორიაში კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა გაკეთდა. „ბაკურიანი რაც დაარსდა, 30-იანი წლების შემდეგ, არსებობდა დილემა, რომ კოხტა და მიტარბი ერთმანეთთან თხილამურებით დაერთებულიყო. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლების, თემურ ხუციშვილის თაოსნობით მოხერხდა, რომ კოხტას და მიტარბის საბაგიროები დაერთდა ერთმანეთთან და გვაქვს საშუალება, რომ კოხტადან მიტარბიზე ვისრიალოთ. ძალიან ვამაყობთ ამ შედეგით“, - აღნიშნავს სანდრო ონოფრიშვილი.
ბაკურიანის ცენტრში, კინოთეატრ „დიდველში“ გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრიც, სადაც ტურისტები შეძლებენ ყველა ინფორმაციის მიღებას, ბაკურიანის სამი კურორტიდან სად რა ამინდია, იმუშავებს ცხელი ხაზიც.
ბაკურიანი - მიტარბის 2 სირთულის 5 სათხილამურო ტრასა აქვს. ფუნქციონირებს 3 საბაგირო. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 2350 მეტრია.
ბაკურიანი - დიდველი 3 სირთულის 7 სათხილამურო ტრასას მოიცავს. ფუნქციონირებს 4 საბაგირო. ტრასების საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 2702 მეტრია.
ბაკურიანი - კოხტა 3 სირთულის 4 სათხილამურო ტრასას მოიცავს. ტრასების საერთო სიგრძე 4 კილომეტრია. ყველაზე მაღალი წერტილია 2100 მეტრი.
რაც შეეხება გუდაურს, აქ ურთულეს რელიეფზე კობი-გუდაურის დამაკავშირებელი, გონდოლის ტიპის საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბაგირო ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი იქნება.
„ჩვენი კურორტები, განსაკუთრებით თეთნულდი და გუდაური, დიდ კონკურენციას უწევს აღმოსავლეთ ევროპის კურორტებს. გოდერძიზე გასულ წელს ახალი ზელანდიიდანაც იყვნენ ჩამოსულები. საქართველოს აქვს მომხიბვლელი ლანდშაფტი, ტრასების მაღალი ხარისხი და შეღავათიანი ფასი. საბაგიროზე მსოფლიოში ყველაზე იაფი ბილეთები საქართველოშია, კვებაც იაფი ჯდება, სასტუმროც საშუალო ფასია, რაც ტურისტებს იზიდავს. ამავე დროს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტები ძალიან გვეხმარება. ბოლო 3 წელში საქართველოს მთის კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება“, - აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი.
სანდრო ონოფრიშვილი ყურადღებას ამახვილებს კვალიფიციური ინსტრუქტორების სიმცირეზე: „ვიზიტორების მატებასთან ერთად დადგა პრობლემა, რომ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის გიდები, ინსტრუქტორები. ამიტომ უკრაინელები არიან გუდაურში, რომლებიც ინსტრუქტორებად მუშაობენ და იქ არის ადგილობრივების უკმაყოფილება. დავაფუძნეთ ტურიზმის სათავგადასავლო სკოლა, რომელმაც უკვე მოამზადა 18 ადამიანი. 10 იანვრიდან იწყება ახალი ნაკადის მიღება. ამ სკოლით ჩვენ გვინდა შესაბამისი კვალიფიკაციის, სერტიფიცირებული, ადგილობრივი სპეციალისტები გაჩნდნენ ბაზარზე, მომსახურების გაწევაც რომ შევძლოთ და ხარისხის გაზრდაც“.
ტურიზმის სათავგადასავლო სკოლისთვის გუდაურში, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე ახალი შენობა აშენდა. ეს სკოლა ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სასწავლებელია.
წელს საქართველომ პირველად გააკეთა განაცხადი, 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი (Freestyle) საქართველოში ჩატარდეს. 2018 წლის მაისში საბერძნეთში დაგეგმილია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყრილობა, სადაც 2023 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა აირჩიონ.
„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში და ჩვენი კურორტების ინსპექტირება განახორციელეს. გვეუბნებიან, რომ დიდი შანსი გვაქვს მოვიგოთ ეს კენჭისყრა. გუდაურსა და ბაკურიანს ვფიქრობთ ჩემპიონატის ადგილად. რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები გვაკლია,რომლის განხორციელებასაც 2023 წლამდე თავისუფლად მოვასწრებთ. გვყავს კონკურენტები - შვეიცარია და ფინეთი, თუმცა ჩვენ ვართ ახალი აღმოჩენა და არის მიდგომა, რომ შანსი მოგვცენ. მანამდე, 17 თებერვალს,ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება ერთ-ერთი ეტაპი Ski cross-ში და თუ კარგად გავართმევთ თავს, არა მგონია წინააღმდეგობა გვქონდეს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად აგვირჩიონ“, - ამბობს სანდრო ონოფრიშვილი.
მთის კურორტების განვითარების კომპანია მოთხილამურეებს მოუწოდებს სრიალისას უსაფრთხოების წესები დაიცვან.