საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყველის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო 22 წლის თუშმა ფერმერმა მიიღო

20:18 - 19 სექტემბერი 2017 hits 3997

იტალიაში გამართული ყველის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო 22 წლის თუშმა ფერმერმა, კახა აბულიძემ მიიღო. ფესტივალზე მან კოოპერატივ „ალაზნისთავის“ მიერ წარმოებული თუშური გუდის ყველი წარადგინა.

ფესტივალი ორგანიზაცია Slow Food-მა ჩაატარა და ის მწყემსები და ოსტატები დააჯილდოვა, რომლებიც ყველს და სხვა საკვებ პროდუქტებს ბუნებრიობის, გემოს და ტრადიციების შენარჩუნებით ამზადებენ.

„კახა აბულიძის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ტრადიციულ თუშურ გუდა ყველს თუშეთში ამზადებს. ყველი კეთდება ცხვრის ან ძროხის რძით ან მათი შერევით. გამორჩეულია იმით, რომ სულ მცირე 60 დღის განმავლობაში მწიფდება ცხვრის ან ხბოს ტყავისგან დამზადებულ გუდაში. მწყემსური მეურნეობა თუში ხალხის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსვლეთით, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. მწყემსები ცხვარს იქ ზაფხულის განმავლობაში აძოვებენ. თუშური ცხვარი ძალიან ცოტას, მოწველაზე დაახლოებით ერთ ჭიქა რძეს იწველის. მწყემსები, როგორც მეურნეობის ხელმძღვანელები, ძალიან ძვირფას როლს ასრულებენ ამ ძალიან რთულ ადგილზე, თუმცა სამწუხაროდ მძიმედ ისჯებიან კლიმატის ცვლილებებით“, - წერს Slow Food-ი თუშური გუდის ყველის და თუში მწყემსების შესახებ.

ორგანიზაცია ყველის ფესტივალს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და ათასობით მწარმოებელს, მზარეულს, ექსპერტს, ვიზიტორსადა ჟურნალისტს უყრის თავს. წელს, ოთხდღიანი ფესტივალის გამარჯვებულები ასევე გახდნენ ფერმერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და კაბო-ვერდეს რესპუბლიკიდან.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“ 2015 წელს „ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის“ (ENPARD) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

„ალაზნისთავის“ საწარმოო ფერმა ზღვის დონიდან 2100 მეტრზემდებარეობს, ხოლო კოოპერატივის საზაფხულო იალაღები 2000 - 3200 მეტრამდეა, ალპურ და სუბალპურ ტერიტორიებზე. ყველის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან ერთად, კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქციის უნიკალურობას და ხარისხს სწორედ ეს განაპირობებს.

ამჟამად „ალაზნისთავი“ოთხი სახის ტრადიციულ გუდის ყველს ამზადებს: „სვილობი“-  ცხვრის გუდა; „ლარტუშო“ - ძროხის გუდა; „დოვნა“- ცხვრისა და ძროხის რძის შერეული გუდა და„ჩოგი“- მდნარი გუდის ყველი. თითოეული ერთმანეთისგანშემადგენლობით და გემოვნური თვისებებითგანსხვავდება.

კოოპერატივის ბრენდირებული გუდის ყველი თბილისის სუპერმარკეტებში იყიდება. პროდუქციის ნაწილი ექსპორტზეც გადის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. პროდუქტი ვაკუუმში შეფუთული 100 - 300 გრამიანი ნაჭრებით რეალიზდება.

ამჟამად საწარმოში ყოველწლიურად 6-8 ტონა ყველი მზადდება, შემდეგ წლებში კი წარმოების 15 ტონამდე გაზრდას გეგმავენ. კოოპერატივი „ალაზნისთავი“საწარმოო პროცესში ბიოსტანდარტის დანერგვასაც აპირებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

რეკლამა

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში