ბახმაროში პირველი არტ-კაფე 17 წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა.
არდადეგების დადგომისას მარიამი დასასვენებლად ყოველთვის ბახმაროში ადის. იქ, მამა-პაპისეულ სახლში, თავს ყველაზე კარგად გრძნობს. წლების განმავლობაში იმ ადგილზე ფიქრობდა, სადაც მთაში სიარულით დაღლილი, მეგობრებთან ერთად გემრიელ საკვებს მიირთმევდა, მუსიკას მოუსმენდა და საღამოს საინტერესოდ გაატარებდა. ასე გაჩნდა არტ-კაფის იდეა.
დედა დაეხმარა და დაახლოებით ერთ კვირაში, ოდა ხელოვნების კერად იქცა. ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებაზე, თავად მარიამმა იზრუნა - მეზობლებმა ძველ ალბომებში შემონახული უნიკალური ფოტოები აჩუქეს, ფოტოხელოვანმა გიორგი ისაკაძემ და ფერმწერმა თათია კობრეიძემ კი არტ-კაფეში საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.
„რატომ დავარქვი არტ-კაფე? იმიტომ, რომ მინდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების გაზიარების საშუალება ჰქონდეთ. მთის მცხოვრებლებს, ტურისტებს, დამსვენებლებს, ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება“ - ამბობს მარიამი.
არტ-კაფის გახსნას ადგილობრივები სიხარულით შეხვდნენ. კაფეში 4 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგანაც ორი ადგილობრივია.
ხაჭაპურს ახლომდებარე სოფლის ყველით ამზადებენ, საფირმო ჩაის კი მოცვით, რომელიც გურიის მთებში მოდის. კაფე, ადგილობრივების პროდუქციით მარაგდება.
მარიამის არტ-კაფე ბახმაროში შეკრებისა და ურთიერთობის მთავარ სივრცედ იქცა. სხვადასხვა თემას აქ ადგილობრივები, ტურისტები და დამსვენებლები ერთად განიხილავენ.
15 სექტემბერს მარიამი არტ-კაფის კარს გამოხურავს და ბარში დაბრუნდება, ბახმარო კი 6 თვით თოვლში ჩაეფლობა. მომავალ ზაფხულამდე მარიამმა სკოლის დასრულება და ეროვნული გამოცდების ჩაბარება უნდა მოასწროს.
შემდეგ კი ისევ მთაა, ახალი იდეებითა და სამომავლო გეგმებით.