საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

5 მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოს მთებში - Vogue

00:00 - 13 აპრილი 2017 hits 1530

ცნობილი ჟურნალი "ვოგი" საქართველოს შესახებ წერს და მკითხველს ხუთ მთავარ მიზეზს აცნობს, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოს მთებში.

"საქართველოს მთები შესაძლოა ისეთი სახელგანთქმული არ არის, როგორც ალპები ან ასპენი, თუმცა უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კავკასიის მთები მოინახულოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლითაა დაფარული. თითქმის მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში საქართველოს ბუნებრივი სილამაზე - ვენახები, ზღვის სანაპირო, მთები, ტყეები - რკინის ფარდის მიღმა დაფარული რჩებოდა. ბოლოს, 1991 წელს, როდესაც შვიდი ათეული წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა არსებობა დაასრულა, რესპუბლიკა დასავლეთ სამყაროს რუკაზე გამოჩნდა. ქართველები ამაყი, მეგობრული, ღვინითა და საკვებით შეპყრობილი ხალხია და შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე კეთილმოსურნე მასპინძლები არიან. თბილისის აეროპორტიც კი ვიზიტორებს ეგებება Wi-Fi-ით, რომელსაც "თბილისს შენ უყვარხარ" ჰქვია. ბოლო წლებში თბილისი მოგზაურთა ყურადღებას თავისი რესტორნებით, ბარებით, ხელოვნების გალერეებითა და მოდის ბუტიკებით იპყრობს. ამასთან, თავისი შარმი, სამზარეულო და კულტურა აქვთ ირგვლივ მდებარე მთიან სოფლებს. ახალი სასტუმროების, ფრენებისა და კერძო თვიმფრინავების წყალობით კი დედაქალაქიდან გასვლა არასოდეს ყოფილა ასე ადვილი.

ყაზბეგი

საოჯახო სასტუმროსა და კარავში დარჩენას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ სასიამოვნოა გაეხვიო კომფორტში შორეულ ველურ ბუნებაში. როდესაც 2012 წელს, ყაზბეგში სასტუმრო "რუმსი" გაიხსნა, მან ჩრდილოეთ მაღალმთიან საქართველოში ქალაქისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი პირობები შეიტანა. სასტუმრო მდებარეობს მშვიდ მაღალმთიან ქალაქ სტეფანწმინდაში. ყოფილი საბჭოთა კურორტი ახლებურად წარმოჩინდა ხის ინტერიერით, დიდი ტყავის სავარძლებით, მკაფიო დაკიდული ჭაღებითა და ფერადი ქართული ხალიჩებით. სასტუმროშო 156 ნომერი და უარმაზარი საერთო სივრცეა, რომელსაც რუსული და ინგლისური წიგნების თაროები ჰყოფს. ტერასიდან, რომელიც მთელ სასტუმროს გასდევს, მთების ისეთი ხედი იშლება, რომ მის სანახავად ნამდვილად ღირს თბილისიდან 2,5 საათი სიარული. უღრუბლო დღეს ტერასიდან შესაძლებელია უახლოესი მთის წვერზე მდგარი მე-14 საუკუნის ეკლესიის - გერგეტის სამების დანახვა. მთაში სიარულის შემდეგ, სტუმრებს შეუძლიათ სასტუმროს გამაჯანსაღებელ ცენტრში განმარტოვდნენ. სასტუმროს აქვს აუზი, საიდანაც მთების ხედი მოჩანს. თუ ღამის ცხოვრება გსურთ, იქვე არის კაზინო, სადაც ბარმენები გვიან ღამით არაჩვეულებრივ კოქტეილებს ამზადებენ.

ქართული სამზარეულო

ხინკალი - ქართული კერძი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს, თბილისურ რესტორნებში ყველგან არის. თუმცა, მისი ნაირსახეობები ისეთ მაღალმთიან დასახლებებში როგორიც მესტია, ფასანაური და ყაზბეგია, გამოირჩევა მთის მცენარის - ომბალოს გემოთი. ხინკლის მირთმევის დროს დაივიწყეთ დანა-ჩანგალი თუ გინდათ რომ მისი გემრიელი წვენით ისიამოვნოთ. ადგილობრივები ხინკალს წვერით (კუჭით) იღებენ, კბეჩენ პატარა ნაწილს და სვამენ წვენს მანამ, სანამ შიგთავსს გასინჯავენ. ყაზბეგში სასტუმრო "რუმსს" საკუთარ მენიუში ხინკალი არ აქვს, რათა სტუმრებმა ის ადგილობრივ სახინკლეებში დააგემოვნონ.

კერძებიდან ასევე აღსანიშნავია ლობიო, მჭადი, ხაჭაპური, განსაკუთრებით აჭარული ხაჭაპური. ვეგეტარიანელებს შეუძლიათ დააგემოვნონ ფხალი, ასევე ტრადიციული კერძები, რომლებიც მზადდება ბადრიჯნის, ისპანახისა და ჭარხლისგან.

სამთო ტურიზმი

ვერტმფრენით სრიალი (Heli-Ski) ყველა თავგადასავლების მოყვარულის სურვილების სიის სათავეშია, თუმცა ვერტმფრენის დაქირავება თოვლის მექაში როგორიც ალიასკა, იაპონია და ალპებია, ძალიან ძვირი ჯდება. კავკასიის მთები კი გთავაზობთ დიდ სასრიალო ხაზებსა და ხელშეუხებელ ბუნებას ნახევარ ფასად (ვერტმფრენი აქ ერთი ადამიანისთვის 160 აშშ დოლარი ღირს, მაშინ როდესაც შვეიცარიაში 390 დოლარია). თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი მეტისმეტი ექსტრიმია თქვენთვის, შეგიძლიათ ისრიალოთ გუდაურში - საქართველოს პირველ სამთო კრორტზე.

გუდაური ყაზბეგიდან 40 წუთის სავალზეა. აქ, მთის ძირას, დახლებზე ბამბის წინდებსა და ჩურჩხელებს ყიდიან.

სვანეთი

ზემო სვანეთი - კავკასიაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული ადგილი - ცოცხალი მუზეუმია შუასაუკუნეების ტიპის სოფლებით, ეკლესიებითა და კოშკებით, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. სვანებმა საკუთარი დიალექტი და კულტურული ტრადიციები დღემდე შეინარჩუნეს. რეგიონის ისტორიას კარგად ასახავს სვანეთის იტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

სვანეთში ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება. თბილისიდან რეგიონის მიმართულებით ავიარეისები სრულდება, რაც 8 საათიან გზას 40 წუთამდე ფრენით ამოკლებს. ადგილზე არაა დიდი სასტუმროები, თუმცა მრავლად არის საოჯახო ტიპის სასტუმროები.

დანარჩენი ქართველების მსგავსად, სვანებიც სამაგალითო მასპინძლები არიან და სტუმრებს სახლში ახლადგამომცხვარ ლობიანზე და რა თქმა უნდა, ჭაჭაზე იწვევენ.

ფრენა ღრუბლებში

საქართველოს მთიანი რეგიონები დაუსრულებელ თავგადასავლებს გვთავაზობენ ყინულზე ცოცვიდან დაწყებული, წყლის რაფტინგით დამთავრებული. თუ ადრენალინის მიღება ნაკლები ფიზიკური დატვირთვით გნებავთ, სცადეთ პარაპლანით გადაფრენა. გუდაურიდან გადმოფრენა ყველა სეზონზე შთამბეჭდავია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში