საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჩამოდით საქართველოში, ხელით შეეხეთ ღრუბლებს - მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის გენმდივანი

21:58 - 05 აპრილი 2017 hits 824

„ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში წინსვლის მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

„მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა - პირველი - წილად მერგო დიდი პატივი, ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე - სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების პროექტების მენეჯერი. მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, კანადური კომპანია Ecosign Mountain Planners -ის მიერ უკვე მომზადებულია გუდაური-კობის გენერალური გეგმა; ხოლო კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს გენერალური გეგმები ამჟამად მუშავდება.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს მთის კურორტები ზამთარ-ზაფხულ დატვირთული იყოს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ჰქონდეთ ლაშქრობებში, გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს - ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი - 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის, ბოლო რვა წლის განმავლობაში მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გასაძლიერებლად და განსავითარებლად გაწეული ძალისხმევისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს.

„ჩვენ ვერ გავუწევთ ქვეყანას პოპულარიზაციას, თუ ხალხი ამ ქვეყანაში ჩასვლას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ფორმალობებისა თუ გზების არასაკმარისი რაოდენობის გამო მარტივად ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრო, თქვენ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეთ. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მნიშვნელოვან სამთო დანიშნულების ცენტრად.

„ჩამოდით საქართველოში, ჩამოდით კავკასიაში. ხელით შეეხეთ ღრუბლებს. ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მიუახლოვდით ღმერთებს და იცხოვრეთ მაღლა" - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს სამთო კურორტების განვითარების მიზნით, განახლდა ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებელი. დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურსა და ბაკურიანში. 2017 წლის ბოლოს დასრულდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. 2012-2016 წლებში აშენდა 12 ახალი საბაგირო. 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა კურორტი მიტარბი. ამიერკავკასიაში პირველი ტობოგანი ანუ მთის ციგა დამონტაჟდა დიდველზე. ბაკურიანში დაგეგმილია ბიატლონის ტრამპლინზე ხტომისა და ჰოკეის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. კურორტები გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, დიდველი, მიტარბი), გოდერძი; სვანეთი (ჰაწვალი, თეთნულდი) ჩაერთო ერთიან სააბონენტო სისტემაში. კურორტებზე მუშაობს სკი პატრული; გაიხსნა ახალი სათხილამურო კურორტი გოდერძი. 2018 წლისთვის კობი-გუდაურში 3 ახალი საბაგირო გაიხსნება. მომზადდა გუდაურის განვითარების სტრატეგიული გეგმა. 2018 წლის ბოლოს, გუდაურსა და მიმდებარე რამდენიმე სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ახალი საბაგიროების შედეგად კობი, გუდაური და ყაზბეგი ერთ კლასტერად შეიკვრება. კურორტ თეთნულდზე მოეწყო 4 საბაგირო, 8 სათხილამურო გზა - 30 კმ და განხორციელდა სათხილამურო გზების მარკირება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში