საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭულ-შვეიცარიული კომპანია რაჭაში ადგილობრივი ფერმების ქსელს ქმნის

17:26 - 04 აპრილი 2017 hits 9536

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელმაც 2008 წელს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ შარდომეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა, ბიზნესში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართო და ამჟამად უკვე 6 ადგილობრივ ფერმერთან თანამშრომლობს.  

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ რაჭაში ბიზნესი 2008 წელს 70 სული საქონლით დაიწყო.

თათია არაბიძე, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ფერმის და წარმოების ხელმძღვანელი: სულ 700 სული საქონელი გვყავს. თავიდან საუბარი იყო შვიცბრაუნის და სიმენტალის ჯიშის ძროხების მოშენებაზე. თუმცა, იმის გამო, რომ საქონელი ვერ უძლებს კარგად ტრანსპორტირებას და არც იმუნიტეტი აქვს იმ დაავადებების მიმართ, რომლებიც საქართველოში არსებობს, გადავწყვიტეთ ამიტომ სელექციის გზით წავსულიყავით. ჩვენი საქონელი არის რაჭული დედის და შვეიცარიული შვიცბრაუნის ნაჯვარი, რომელიც მიღებულია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად. ამ შეჯვარებიდან უკვე მესამე თაობის საქონელი გვყავს. სასურველ შედეგს მეხუთე თაობაში მივიღებთ.

700 სული საქონელიდან შარდომეთში, უშუალოდ ჩვენს სათაო ფერმაში მხოლოდ 200 სულია. დანარჩენი ფერმერებს გადავეცით მოსავლელად. პარტნიორ ფერმერებთან 8 ფერმა გვაქვს. აქედან 2 ფერმაა სოფელ შქმერში, 3 - გლოლაში, 1- სევაში, 1 -თლუღში და ერთიც ხიმში. საბუთებს ამზადებს კიდევ სამი ფერმერი და ოქტომბრისთვის სამი ფერმა შემოგვემატება.

- როგორ არჩევთ პარტნიორ ფერმერებს და რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ მათ იმისთვის, რომ თქვენი თანამშრომლობა შედგეს?

- მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ უნარიანი ადამიანი, რომელიც მარიფათს გამოიჩენს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ძალიან ცოტა. პარტნიორი ფერმერის შერჩევა იოლი არ აღმოჩნდა. მთავარი მოთხოვნაა, რომ ფერმა და საქონლის მოვლის სტანდარტები უნდა იყოს შვეიცარიული და ჩვენს მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. ირაკლი კერვალიშვილთან ერთად კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის შვეიცარიელი მაქს ბლაუენშტაინი და სტანდარტებს ჩვენს კომპანიაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

ფერმერებს ფერმის პროექტს ჩვენ ვაძლევთ. ეს პროექტი გათვლილია მხოლოდ 60 სულ საქონელზე. მოვლასაც ვასწავლით და მარილს და საკვებ ხორბალსაც ჩვენ ვაძლევთ. საჭირო თივა თვითონ ფერმერმა უნდა დაამზადოს. ეს ჩვენი მოთხოვნაა. სათიბები და საძოვრები რაჭაში გაველურებულია და ეს პროცესი ხელს უწყობს მათ აღდგენას. ამიტომ ეს მოთხოვნა სრულიად გააზრებულად ჩავდეთ ჩვენს პროექტში.

თუ ფერმერს ფერმის ასაშენებლად სესხის აღება სჭირდება, ბანკთან თავდებში ჩვენ ვუდგებით. ფერმის აშენება იაფი ნამდვილად არ არის. თუ 2008 წელს 60 სულზე გათვლილი ფერმის აშენებას 65 000 ლარი სჭირდებოდა, ახლა, ლარის გაუფასურების ფონზე, უკვე 105 000 ლარია საჭირო. სესხისთვის შეუძლიათ მიმართონ იაფი აგროკრედიტის პროგრამას. სესხის მომსახურება ფერმერს წელიწადში 3% უჯდება, დანარჩენ 11%-ს სახელმწიფო ფარავს.

- საქონლის მოვლისთვის ფერმერს რამდენს უხდით?

- წონანამატისთვის 1 კგ-ზე 3-7 ლარს ვუხდით. მაგალითად, ხბოს შემთხვევაში ყოველ ნამატ ერთ კილოგრამზე ფერმერს 3 ლარს ვაძლევთ, მოზარდის შემთხვევაში კი - 7 ლარს. 60-სულიან ფერმაში მის მფლობელს თვეში 2500-დან 4000 ლარამდე შემოსავალი აქვს. თუმცა, ეს სუფთა მოგება არ არის. ამ თანხიდან მან ბანკის სესხიც უნდა დაფაროს.

- როგორ ფიქრობთ, რაჭაში, სადაც უმუშევრობის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, თქვენს პროექტში უფრო ბევრი ადამიანი რატომ არ ჩაერთო?

- ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ უფრო ბევრი ადამიანი ჩაერთვებოდა ამ პროექტში. წეღანაც გითხარით, მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ უნარიანი ადამიანი, ცოტა. როცა ფერმა გავხსენით, ყველაზე რთული კადრების შერჩევა იყო. რაჭაში ვეტერინარი ვერ ვიპოვეთ. ხაშურიდან და საჩხერიდან ჩამოვიყვანეთ ვეტერინარები და მწყემსებიც კი გადავამზადეთ. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ჩვენი ფერმის გამო რამდენიმე ადამიანი თბილისიდან ისევ რაჭაში დაბრუნდა. ზურა მეტრეველი დედაქალაქიდან ისევ აქ დაბრუნდა საცხოვრებლად. ახლა ის ფერმის განყოფილების ჯგუფის უფროსი და ჩემი მარჯვენა ხელია.

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ აქვს საკუთარი მაღაზია, სადაც ახალი ხორცი და ნახევარფაბრიკატები იყიდება. პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. უახლოეს პერიოდში ღორის ფერმის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ვგეგმავთ. ფერმერებთან თანამშრომლობის მსგავსი მოდელი საქართველოში აქამდე არ არსებობდა. ფაქტობრივად, ჩვენ რაჭველ ფერმერთა კლასს ვქმნით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროექტები რაჭიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში