საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობაზე გამოცხადებული 59-მილიონიანი ტენდერი დასრულდა

14:29 - 28 მარტი 2017 hits 3846

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გვირაბის მშენებლობაზე გამოცხადებული 59-მილიონიანი ტენდერი დასრულდა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა: შპს „ფერი“ და ჩინური კომპანია China railway 23rd bureau group.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გვირაბის და მასთან მისასვლელი გზების მშენებლობაზე ტენდერი 2017 წლის 22 მარტს გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 59 მილიონ 753 ათას 149 ლარი იყო განსაზღვრული. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ორმა კომპანიამ მიიღო. საავტომობილო გზების დეპარტამენტს გვირაბის და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის „ფერიმ“ 47 მილიონ 179 ათას 224 ლარი შესთავაზა, China railway 23rd bureau group-მა კი 56 მილიონ 840 ათას 902 ლარი.

სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 27 მარტს დასრულდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ტენდერის გამარჯვებული უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

გვირაბის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში უნდა დაასრულოს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის სახელმწიფოებრივი და სატრანზიტო დანიშნულების გზაა. გვირაბი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132- კმ135 მონაკვეთზე აშენდება.

„ფერის“ გენერალური დირექტორი იოსებ მჭედლიშვილია. მასვე ეკუთვნის ამ კომპანიის 96%-იანი წილი, დარჩენილი 4% -ის მფლობელი კი კახაბერ შევარდნაძეა. კომპანიის პროფილი ჰიდროელექტროსადგურების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობაა. ფერის მიერ არის აშენებული ყაზბეგი ჰესი, ლარსი ჰესი, დარიალი ჰესი და ხადორი ჰესი. იგივე კომპანია აშენებს რაჭაში ონის ჰესების კასკადსაც.

China railway 23rd bureau group ერთ-ერთი მსხვილი, ჩინური სამშენებლო კომპანიაა. მისი ოფისი სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს.კომპანიაში 11 862 ადამიანია დასაქმებული.

საქართველოს მთავრობამ დარიალის ხეობაში გახშირებული სტიქიური პროცესების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გვირაბის აშენება გასული წლის დეკემბერში გადაწყვიტა.  

ამალი-დევდორაკის ხეობში სტიქიური პროცესები ორჯერ განვითარდა: პირველად 2014 წლის 17 მაისს, ხოლო მეორედ 2016 წლის 20 აგვისტოს.

2014 წლის 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა. სტიქიამ მაშინ 7 ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაზიანდა რუსეთიდან მომავალი მაგისტრალური გაზსადენი.

2016 წლის 20 აგვისტოს კი დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის  მოვარდნის გამო სამხედრო გზაზე 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა. დაზიანდა ჩრდილოეთ–სამხრეთის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი და ლარსი ჰესი. დაიტბორა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნტი და დარიალჰესის გვირაბი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში