საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 18 ტონა კავკასიური სოჭის თესლი გავიდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:26 - 09 იანვარი 2017 hits 19241

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 18.05 ტონა კავკასიური სოჭის (Abies Nordmanniana) თესლი გავიდა. ექსპორტზე გატანილი თესლის საერთო ღირებულება 387 ათასი აშშ დოლარია.

კავკასიური სოჭი საქართველოში ძირითადად რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობს. რაჭულ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს. ის ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული ნაძვისხეა.

საქართველოდან კავკასიური სოჭის თესლი ექსპორტზე ძირითადად დანიაში გადის. გასულ წელს ამ ქვეყანაში 145 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, 12,6 ტონა თესლი გავიდა. დანიის გარდა კავკასიური სოჭის თესლი ექსპორტზე ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც გადის.

ევროპაში ყოველწლიურად 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება. მათი 90% რაჭიდან წაღებული თესლიდან არის აღმოცენებული. გასაყიდი ნაძვისხის ფასს მისი სიმაღლე განსაზღვრავს. 2 მეტრის სიმაღლის ნაძვისხე ევროპაში 70 ევრო ღირს. კავკასიური სოჭის თესლიდან აღმოცენებული ნერგი 1,5-2 მეტრის სიმაღლეს 7-9 წელში აღწევს. თლუღიდან წაღებული თესლიდან აღმოცენებული ნაძვისხეები დანიაში 600 ჰა-ზეა დარგული.

კავკასიური სოჭი 50-60 მეტრის სიმაღლის ხეა. 20 სანტიმეტრამდე სიგრძის გრძელთავიან გირჩებს მცენარე კენწეროში ისხამს. 1 გირჩაში დაახლოებით 25 თესლია, 1კგ თესლის მისაღებად კი 10 კგ გირჩას მოკრეფაა საჭირო. 1 კგ გირჩას მოკრეფაში რაჭველ მკრეფავებს საშუალოდ 1,5 ლარს უხდიან.

თლუღში და ნიკორწმინდაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გირჩას მოკრეფა შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

რაჭიდან წაღებული თესლიდან აღმოცენებული ნაძვისხეები დანიიდან გასაყიდად საქართველოშიც შემოდის. გასაყიდი ნაძვისხის ფასი საქართველოში 60 ლარიდან იწყება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში