საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბორჯომ–ბაკურიანში მომხმარებლებს რეაბილიტირებული „კუკუშკა“ მოემსახურება

11:02 - 26 დეკემბერი 2016 hits 898

ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და შესაბამისად, გარემონტებული ვაგონებით უსაფრთხო გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს.

„დღეს ბაკურიანში დღესასწაულია. ე.წ კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ასევე, დღეს ჩვენ გავხსენით მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა და ახალი საბაგირო, რომელიც 30 წლის წინ შეჩერდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ჩავბერეთ კურორტ მიტარბს. კოხტა-მიტარბის ახალი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსში და განვითარდება გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ქაოსური განვითარების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კურორტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ვითარდება და ხორციელდება ინვესტიციები.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებისთვის, თუმცა, პოტენციალიდან გამომდინარე, კურორტი ძალიან დიდ რადიუსში მცხოვრებლებს დაასაქმებს.

„ძალიან დიდი გეგმები გვაქვს - მომავალი წლის განმავლობაში აშენდება ბიატლონის ტრასა, ვიწყებთ ტრამპლინის აღდგენას და დამონტაჟდება ბევრი ატრაქციონი, რომელიც 12 თვის განმავლობაში აქ დაუსაქმებელს არავის დატოვებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ბორჯომის ხეობა, საკურორტო პირობებითა და მსოფლიოში განთქმული მინერალური წყლით „ბორჯომი“, ყოველთვის წარმოადგენდა განსაკუთრებულ ინტერესს. ბორჯომის ბუნებრივი სიმდიდრის კომერციული სარგებლის მიზნით რომანოვებმა ხაშური - ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც ექსპლუატაციაში 1894 წელს შევიდა.

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი - ბაკურიანი, პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა. „კუკუშკა“ დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა ჩაანაცვლა.

ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი - ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში