საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კურორტი მიტარბი გაიხსნა

10:43 - 26 დეკემბერი 2016 hits 847

30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში კურორტი მიტარბი გაიხსნა. სახელმწიფოს მიერ აშენდა ახალი საბაგირო გზა, გარემონტდა გზები, ხოლო კერძო კომპანია „ჯიარდისი“ ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.

„ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდა ამისა, ბაკურიანში გასულ წელს დამონტაჟდა სამთო ციგა, 2017 წელს კი იწყება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა, დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა და იარსებებს სრული კომპლექსი, რომელიც მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კურორტზე შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ნაკრებებმა ვარჯიში მთელი წლის მანძილზე შეძლონ.

„ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ეს კურორტი, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეინახავს, რაც უდიდესი შვება იქნება აქ მცხოვრებთათვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ახალი წლის მისალოცი რეგიონის მოსახლეობისთვის.

დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black Sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა.

კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორმა კი 70 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში