საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უფასო შუქი და მსხვილი დამტაცებლები ზემო სვანეთში - მესტიაში ელენერგია ფასიანი გახდება

22:15 - 18 თებერვალი 2020 hits 20205

მესტიის რაიონმა 2019 წლის დეკემბერში იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც იმავე პერიოდში ერთად აღებულმა 19 რაიონის მოსახლეობამ. დრამატული ზრდის მიზეზი კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმების მესტიაში გადატანაა. ამორტიზებულმა ქსელმა დატვირთვას ვერ გაუძლო, მოსახლეობას ყოველდღიურად ელექტროენერგია 10-ჯერაც კი უწყდება. შეფერხებით მუშაობენ საბაგიროებიც, რაც ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ რამდენიმე მსხვილი დამტაცებელი უკვე გამოავლინა. ეკონომიკის სამინისტრო გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ზემო სვანეთში ელექტროენერგია მოსახლეობისთვისაც ფასიანი გახდეს.

ლელა ჩართოლანი მესტიაში, მიხეილ ხერგიანის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელია. მეშვიდე წელია ტურისტებს მასპინძლობს. წლევანდელისგან განსხვავებით წინა წლებში ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩიოდა. ლელა რამდენიმე მთავარ მიზეზს გამოყოფს: სვანეთს აღარ უკეთდება ისეთი რეკლამა, როგორც ადრე; ნაკლები ღონისძიებები ტარდება და ყველაზე მნიშვნელოვანი - დაბა მესტია და ზემო სვანეთის სოფლები ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩება. უშუქობა აფერხებს საბაგიროების მუშაობას, საოჯახო სასტუმროებს ვეღარ ათბობენ და ვეღარც ტურისტების გამასპინძლებას ახერხებენ.

„ბანკიდან 212 ათასი ლარი მაქვს გამოტანილი. სესხი საცხოვრებელი სახლითაა უზრუნველყოფილი. ამ ფულით საოჯახო სასტუმრო მოვაწყე, ცენტრალური გათბობა გავაკეთე, რომელიც ელექტროენერგიით მუშაობს. შუქი რომ მიდის და ზოგჯერ დღეში 10-ჯერაც კი, გათბობა აღარ მაქვს. შეშაზე რომ ამეწყო, ჭრის უფლებას არ გვაძლევენ. დენზე რომ არ გვქონდეს გათბობა, რამდენიმე წელიც არ დასჭირდება, რომ სვანეთში ტყე მასობრივად გაიჩეხოს. მაშინ როცა მოსახლეობა ცოტა იყო, ასე მძაფრად არ იქნებოდა ეს პრობლემა, მაგრამ რაც ხალხი დაუბრუნდა თავის სახლ-კარს, თავის მიწას, მოხმარებაც გაიზარდა“.

2018 წლის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 960 ადამიანია (დაახლოებით 4000-მდე კომლი), მათ შორის, 2 511 პირი ცხოვრობს დაბაში, ხოლო 8 449 – სოფლად. მოსახლეობა 2009 წელთან შედარებით შემცირებულია 28.6%-ით, მაგრამ გაზრდილია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 17,8%-ით.

ელექტროენერგიის ერთადერთი ალტერნატივა ბუნებრივი აირია, რაც ზემო სვანეთში არ არის და გაზიფიცირება მესტიისთვის ძალიან შორეული პერსპექტივაა. ისიც კი არ არის, თხევადი გაზი, რომ ბალონები დავტვირთოთ და სამზარეულოსთვის მაინც გვქონდეს, ალტერნატივის სახით.

ტურისტები როცა მყავს, დავადგი ყველაფერი ერთბაშად, წავიდა შუქი, შეშის ერთი ღუმელით 12 ან 8 კაციან ჯგუფს რა უნდა მოვუსწრო?“ - ლელა ამბობს, რომ ტურისტები მასთან ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას საბაგიროზე არსებული შეფერხებების გამო.

„საუკეთესო თუ არის აქაურობა და მიმზიდველი, საბაგირო თუ დაიხურა დღეში სამჯერ, ჩემი ტურისტი მეორედ აღარ მოვა. ხშირად მიყვებიან ტურისტები, რომ დილით გასულები 20 წუთი ჰაერში ეკიდნენ, გაცივდნენ, ბავში ლამის გაეყინათ. აღარ ერიდებიან მერე იმას, რომ სოციალურ ქსელში დადონ ეს ინფორმაცია. ამ პატარა კუთხეს იმიჯი ელახება. ტურისტების სტატისტიკას ხშირად კი ვისმენ ტელევიზიით და ის სტატისტიკა, რაც საქართველოში ვითომ მზარდია, ჩვენთან რატომ არ იგრძნობა? დავუშვათ, ჩემთან არ შემოდიან საოჯახო სასტუმროში, რომელიც 7 წელია მაქვს, მუზეუმებშიც რომ აღარ არის იმდენი მნახველი?“

უფასო შუქი და მსხვილი დამტაცებლები

ზემო სვანეთში მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან. კომერციული აბონენტების ტარიფი მესტიაშიც 0.21083 ლარია, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ მონაცემებით, კომპანიას მესტიის მუნიციპალიტეტში 1282 აბონენტი ჰყავს აღრიცხული, აქედან 383 კომერციულია და 899 საყოფაცხოვრებო. მთის კანონით, მხოლოდ 43 აბონენტს ერიცხება მოხმარების ნახევარის, არაუმეტეს 100 კვტ.სთ-ს საფასური.

მესტიის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგი ტურიზმია. სვანეთის კავკასიონზეა თავმოყრილი ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მრავალი მწვერვალი, მათ შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი - შხარა (5203 მ ზღვის დონიდან), თეთნულდი (4858 მ) და უშბა (4700 მ).

მესტიის მუნიციპალიტეტშია ზამთრის კურორტები: „უშგული“, სამთო-სათხილამურო

კურორტი „ჰაწვალი“ 6 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასით. სამთო-სათხილამურო კურორტი „თეთნულდი“ – ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7 კმ).

2019 წელს, CRRC Georgia-ს მიერ ზემო სვანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობის 16,3 % ჩართულია ტურისტულ საქმიანობაში. ჩართულობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია მესტიასა (36,8%) და უშგულში (36,4%).

2019 წლის პირველ სამ კვარტალში მესტიასა და უშგულში საერთაშორისო ტურისტების 118,760 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2018 წლის ჯამურ რაოდენობას თითქმის 30 ათასით აღემატება.

2018 წელს მესტიის ტურიზმის ცენტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო სულ 425 განთავსების ობიექტი, მათ შორის, 402 სასტუმრო სახლი, 19 სასტუმრო, 3 ჰოსტელი და ზამთრის კურორტი „თეთნულდი“. ყველაფერი ერთად 3550 საწოლს მოიცავს. 2020-2021 წლებში დაგეგმილია 9 სასტუმროს მშენებლობა, რის შემდეგაც მესტიის მუნიციპალიტეტს ტურისტების განსათავსებლად 711 საწოლი შეემატება.

მესტიის მუნიციპალიტეტშია დაბა მესტია და 17 თემი - 162 სოფლით. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გასული წლის ზაფხულიდან გახშირდა. ადგილობრივები პრობლემებს ამორტიზებულ ინფრასტრუქტურას (მოძველებული ბოძები და ქსელი) უკავშირებდნენ, თუმცა მალევე გაიგეს, რომ

თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ზემო სვანეთში გადაიტანეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე ფერმები, რომლებისთვისაც მესტიის მუნიციპალიტეტი ხელსაყრელია - კლიმატური პირობების გამო გაგრილება თითქმის არ სჭირდება და ელექტროენერგიაც, რასაც საკმაოდ ბევრს მოიხმარს, უფასოა.

2019 წლის დეკემბერში მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გასამმაგდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, გასული წლის დეკემბერში, მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც იმავე პერიოდში ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა. ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი.

მოხმარების ზრდა გასულ  წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა წლიდან წლამდე სხვაობა 4-6 მლნ კვტ.სთ-ს არ აღემატებოდა. 2019 წელს კი 2018 წელთან შედარებით, მოხმარება 34 მლნ კვტ.სთ-ით გაიზარდა. წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია:

2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;

2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;

2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;

2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;

2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;

2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;

2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;

2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;

მიხეილ ბოცვაძის თქმით, ელექტროენერგიის არაგონივრულად დიდი მოხმარების გამო ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები გადატვირთულია, რაც იწვევს დაზიანებებს და მწყობრიდან გამოსვლას.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმების მესტიაში გადატანაა. რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე კრიპტოვალუტის ღირებულება შემცირდა. ფერმების უმრავლესობამ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ვერ გადაიხადა. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დაგვიდასტურეს, რომ კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში ბიტკოინების ფერმებს, დავალიანების გამო შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.

კომპანიის მონაცემებით, ხაიშის ზონაში ჩაიხსნა ელექტროენერგიის  5 დამტაცებელი. „გვაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ დაბა მესტიაშიც არიან მსხვილი დამტაცებლები. დატაცების რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამოღებულია და დალუქულია მაინერები, კომპანია კი საკუთარი თავის დაზარალებულად ცნობას ელოდება.

კრიზისიდან გამოვედით?

„ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თქმით, „ზემო სვანეთში კრიზისიდან უკვე გამოვედით. რეგიონი სტაბილურად მარაგდება ელექროენერგიით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საკურორტო სეზონი, თუმცა მდგომარეობის სრულად დასტაბილურებას კიდევ სჭირდება მოქმედება. აუცილებლად მოწესრიგდება ყველა კომერციული მომხმარებლის მრიცხველი, აგრეთვე განხორციელედება საბალანსო აღრიცხვის წრედების მონტაჟი სატრანსფორმატორო პუნქტებზე, რათა მომავალში უფრო მარტივად მოხდეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი თუ კომერციული ორგანიზაციების მიერ არალეგალური მოხმარების აღმოჩენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება“.

კრიზისიდან გამოსვლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში შეიძლება გაფართოვდეს კომერციული ობიექტები, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ“, - უთხრა მინისტრის მოადგილემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

ზემო სვანეთში ხელმოწერებს აგროვებენ. მოსახლეობა წინააღმდეგია ელექტროენერგიის ღირებულება მინიმალური ტარიფითაც რომ გადაიხადოს. მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორის ანა ჩართოლანის თქმით, მიმართვას ხელი უკვე 4000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ხელმომწერები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებს აპირებენ.

„მდინარე ენგურით მარაგდება ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი სადგური - ენგურჰესი, საიდანაც ელექტროენერგია სრულიად უფასოდ მიეწოდება აფხაზეთს და რატომ არა ჩვენ? სვანეთში აშენდა და შენდება რამდენიმე მიკროჰესი. ამ არგუმენტებს შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ის, რომ არ არის გათბობის ალტერნატივა - ბუნებრივი აირი. დაიწყება ტყის მასობრივი ჭრა, ისევ დაიცლება ძლივს შევსებული სვანეთი“.

ანა ადასტურებს, რომ რადგან ელექტროენერგია უფასოა, მოსახლეობა მას უყაირათოდ მოიხმარს - დღისითაც კი, გარეთ, ეზოებში ნათურები ანთებულია. „ჩვენც დამნაშავეები ვართ ამაში. უკეთესი იქნება, ზედმეტად ჩართული ნათურა რომ გამოვრთოთ და ბუნებას გავუფრთხილდეთ. მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად არასდროს არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით“.

ზემო სვანეთში ელექტროენერგიის ხშირ წყვეტასთან ერთად, არასაიმედო ძაბვასაც ემდურიან. 

„რომ დაბნელდება, ღამე სანთლებით დავდივართ, ფაქტობრივად შუქი არ არის. არც აბაზანა მუშაობს, ვერც წყალს აცხელებს. ძველად რომ იყო სვანურ სახლებში, ისე, კვარით დანთებულ შუქს ჰგავს. ზოგჯერ მაღალი ძაბვა მოვარდება - ტექნიკას, ყველაფერს წვავს. წინა ღამით გადაგვიწვა მაცივარი, ტელევიზორი და მიკროღუმელი“,

- უთხრა „მთის ამბებს“ ლენჯერის მკვიდრმა მალხაზ მერლანმა. მისივე თქმით, ასეთი ფაქტები ხშირია.

დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები ზემო სვანეთის მოსახლეობის მიერ ნომერ პირველ პრობლემად არის დასახელებული მესტიის მუნიციპალიტეტის 2020-2024 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში: „სოფლებში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები გამოწვეულია ამორტიზებული ინფრასტრუქტურით. მოძველებულია ელექტრონერგიის მიწოდების ბოძები და გადამცემი ხაზები. დიდთოვლობისა და უამინდობის შემთხვევაში მალევე გამოდის მწყობრიდან და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი დაბრკოლებაა. ზემო სვანეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა გარე განათების არარსებობა. მოსახლეობის 56 %-ს გარე განათებაზე წვდომა არ აქვს“.

მალხაზ მერლანი ამბობს, რომ მესტიის სოფლებში საბჭოთა კავშირის დროს გაყვანილი ქსელია. ელექტროენერგიის სადენები ადგილობრივ მცხოვრებლებს პირდაპირ ვაშლის, მხსლისა და კაკლის ხეებზე აქვთ მიბმული.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ განცხადებით, კომპანია ცდილობს ყველა ავარიულ სიტუაციაზე მოახდინოს დროული და ოპერატიული რეაგირება. თუმცა, თუ ელექტროენერგიის ასეთი მოხმარება გაგრძელდა, კომპანია გათიშვების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობას იხსნის.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში