საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ შეფერხდა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა

14:19 - 01 ოქტომბერი 2019 hits 18251

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა წელს მხოლოდ 130.0 მლნ ლარის ათვისება მოხდება. გამოთავისუფლებული რესურსიდან 125,8 მლნ ლარს მთავრობა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობაზე მიმართავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე შეფერხებებს პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებით ხსნის.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში 25 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა ჯამურად მცირდება 54.6 მლნ ლარით და მიმდინარე წელს ასათვისებელი რესურსი განისაზღვრება 25,5 მლნ ლარით. გზების დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხება ძირითადად გამოწვეულია განსახლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებით.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა ძირულას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა ჯამურად მცირდება 93.6 მლნ ლარით. აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წელს მიიმართება 26.4 მლნ ლარი. შეფერხება გამოიწვია საზედამხედველო კომპანიის შერჩევის გაჭიანურებამ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა მცირდება 38.6 მლნ ლარით (სრულად კრედიტის ნაწილში) და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 21,4 მლნ ლარი დაიხარჯება. გზების დეპარტამებტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით შეიცვალა დონორი, პროექტს აზიის განვითარების ბანკის ADB ნაცვლად, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დააფინანსებს.

რაც შეეხება პირველ კომპონენტს - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) - აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსებისთვის კანონით განსაზღვრულია 55.6 მლნ ლარი და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

გზების მიმართულებით დონორული დაფინანსება ასევე მცირდება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48 - კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) კრედიტების ნაწილში, 22.7 მლნ ლარით და ჯამურად მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მლნ ლარი მიიმართება. შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

საგზაო პროექტებში გამოთავისუფლებული რესურსით იზრდება:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB) დაფინანსება 125,8 მლნ ლარით, მათ შორის კრედიტის ნაწილში 106 მლნ ლარი. ჯამურად ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ათვისებული იქნება 270.7 მლნ ლარი;

ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა - დაფინანსება იზრდება 20,5 მლნ ლარით და ჯამურად 74.5 მლნ ლარით განისაზღვრება;

საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის დაფინანსება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან შიდა გზებს, იზრდება 107 მლნ ლარით და ჯამურად ამ მიმართულებით 588.2 მლნ ლარი მიიმართება.

საქართველოს მთავრობა ხადას ხეობის გავლით ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავს. ხელისუფლება ახალი გზის საჭიროებას, ზამთარში ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზაზე საავტომობილო მიმოსვლის ხშირი წყვეტით ხსნის. გზების დეპარტამენტის მონაცემებით, ზამთარში გზა ყოველწლიურად, საშუალოდ წელიწადში 44 დღით იკეტება. უამინდობის დროს ყაზბეგთან დაკავშირება ზოგჯერ ვერტმფრენითაც შეუძლებელია. რთული მეტეოროლოგიური პირობები ყველაზე მეტად სატრანზიტო მიმოსვლას აფერხებს და მცხეთა-მლეთის მონაკვეთზე, რუსეთისკენ მიმავალი ასობით სატვირთო, სამგზავრო და მსუბუქი მანქანების გრძელი რიგები დგება.

ახალ გზას ჩინური კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co“ ააშენებს. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საკმაოდ იშვიათია, არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება, მილიონას უღელტეხილის ქვეშ გაივლის და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, 35 კმ-იანი გზა 12 კმ-ით შემცირდება. ქვეშეთიდან კობში მოხვედრას, ერთი საათის ნაცვლად, 20 წუთი დასჭირდება.

მთიულეთის მოსახლეობის ნაწილი ხადის ხეობის გავლით სატრანზიტო გზის გაყვანის წინააღმდეგია.

პროექტის ღირებულება 558,6 მილიონი დოლარია. აზიის განვითარების ბანკმა სესხის სახით 415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პროექტს 60 მილიონი დოლარით დააფინანსებს, დანარჩენს, 83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების საკითხებში ქართველი ექსპერტების თქმით, გამორიცხული არ არის ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალი რუსეთმა სამხედრო დანიშნულებით გამოიყენოს.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში