საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სალომე კაკაბლიშვილი – მთავარი მთაში დარჩენილი ოჯახების შენარჩუნებაა

13:15 - 15 თებერვალი 2017 hits 4609

დაიბადა და გაიზარდა ფშავში, მაღაროსკარში. სწავლობდა მაღაროსკარის საშუალო სკოლაში. შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო. ოთხი წელია მუშაობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, იყო მაღაროსკარის თემში გამგებლის წარმომადგენელი, 2014 წლის 15 ივნისიდან არის მაღაროსკარის თემის მაჟორიტარი დეპუტატი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ასევე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. სალომე კაკაბლიშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი: თეკლა ხადიაშვილი თბილისიდან წავიდა სოფელში და მაღაროსკარის სკოლაში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ნიკა - ფშავის ტურისტულ განვითარებაშია ჩართული, ლაშა-გიორგი ჯერ სკოლის მოსწავლეა.

- რომელ სოფლებს მოიცავს მაღაროსკარის თემი და რა ძირითადი პრობლემებია აქ?

- მოგეხსენებათ, ფშავი ადმინისტრაციულად ორ ნაწილად იყოფა: მაღაროსკარისა და უკანაფშავის თემებად. წინა ფშავი, მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეული 17 სოფელს მოიცავს. სოფლები გაფანტულია საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე და როგორც მთის სოფლებს ახასიათებს, ერთმანეთისგანაც საკმაოდ დაშორებულია. სამწუხაროდ, ჩვენს თემში არის სოფლები, სადაც თითო-ოროლა ოჯახიღა ცხოვრობს.

ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მაღალმთიანი სოფლებიდან მიგრაციაა, რომელიც, თავის მხრივ, პრობლემათა ერთობლიობით არის გამოწვეული. ათწლეულების მანძილზე მთა სრულიად უყურადღებოდ და უპატრონოდ იყო მიტოვებული, მხოლოდ ლოზუნგი „მთას დავუბრუნოთ მთიელი“ თუ გაიელვებდა ხანდახან. სულ ეს იყო.

- რამე თუ შეიცვალა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღების შემდეგ?

- მაღალმთიანი რეგიონის შესახებ კანონმა, ჩემი აზრით, სულზე მოუსწრო მთას. არის აზრთა სხვადასხვაობა, კრიტიკაც, ცხადია, რომ ეს არ არის სრულყოფილი კანონი, მაგრამ, დამერწმუნეთ, ის ნაწილი, რაც უკვე ამუშავდა, აისახა აქაური მოსახლეობის ყოფაზე.  ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, (რომლებიც აქამდეც სარგებლობდნენ სწავლის დაფინანსების სოციალური სახელმწიფო პროგრამით), პენსიონერები, მეწარმეები, რომლებიც ადგილობრივ პროდუქტს აწარმოებენ, უკვე სარგებლობენ შეღავათებით. ახლა სახელმწიფო აქაურებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადშიც შეეშველება და დამერწმუნეთ, ეს მთისთვის და აქ მცხოვრები მწირი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის არც ისე ცოტას ნიშნავს.

ისევე, როგორც საქართველოს მთიანეთის თითქმის ყველა რეგიონში, აქაც  გვაქვს პრობლემები, რომელთაც სულ ვცდილობთ, ვუწამლოთ, მაგრამ გასაგებია, რომ ასე იოლი არ არის ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრა.  

- თქვენ, როგორც თემის წარმომადგენელი საკრებულოში, რაში ხედავათ გამოსავალს?

- ძალიან ამბიციურად არ მინდა ჟღერდეს, მაგრამ მე მაქვს ფშავის განვითარების ჩემეული კონცეფცია და ამ კონცეფციაში უპირველესია, რომ შევინარჩუნოთ ის, ვინც და რაც აქ ჯერ კიდევ არის. ვინ არიან აქ დარჩენილი? მოხუცები, რომელთა ახალგაზრდები უკვე წავიდნენ, მონახეს თბილი, მყუდრო, მოხერხებული სამუშაო ადგილები; ან ოჯახები, რომელთაც  წასასვლელი არ აქვთ, ან აქვთ, მაგრამ არ უნდათ წასვლა და ერთგულად რჩებიან. სწორედ ეს ოჯახები და მათი შენარჩუნებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი შემიძლია, მაგრამ მუდმივად ვცდილობთ, რამე გავაკეთოთ ამ ხალხისთვის.  

რა პრობლემაა ყველაზე მწვავე და რა სჭირდებათ აქ ადამიანებს? გზა, გამართული ელექტრომომარაგება,  კარგი სკოლა, საბავშვო ბაღები, მოწესრიგებული შიდა გზები,  ხიდები ყველა სოფელში, სადაც ეს საჭიროა; სპორტული დარბაზი, მოედანი, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი, მეგობარი სკოლები და მეგობარი ორგანიზაციები, რომ არ ვიყოთ მოწყვეტილი გარესამყაროს და ზრუნვა, რომ მუდამ აქტუალური იყოს მთის რეგიონის მოსახლეობის ამბები. ჩვენ მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ აქ მცხოვრებ ოჯახებსა და მათ შვილებზე, სულ უნდა არსებობდეს განცდა იმისა, რომ ისინი მოწყვეტილი არ არიან დანარჩენ ქვეყანას, უნდა ახმაურდეს და ამოძრავდეს აქაურობა, არ უნდა მიყავდეს არცერთ მშობელს შვილი ბარში უცხო ენისა ან მუსიკის შესასწავლად, ეს ყველაფერი აქაც შესაძლებელია და, ჩემი აზრით, უფრო ხარისხიანადაც. ცხადი, ყველას ვერ დავასაქმებთ, აქ სამუშაო ადგილები ცოტაა, მაგრამ ხელშეწყობა იმისა, რომ მათ შექმნან თავიანთი წარმოება, მცირე ბიზნესი, აქ ყველაზე უპრიანია.

ფშავი ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან პერსპექტიულია. აუცილებელია ელემენტარული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ზრუნვა,  საოჯახო სასტუმროების მეტად წახალისება (რასაც წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“), თუნდაც რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწესრიგება, ამ ეტაპზე მცირე საინფორმაციო ცენტრის მოწყობა. ტურისტს ფული და გამოცოცხლება შემოაქვს და ცხადია, ეს დადებითად აისახება თითოეულ ოჯახზე, თორემ ილუზია იმისა, რომ ვიღაც მოვა და ამ ჩვენს ბავშვებს უცებ აქცევს ბედნიერ ბავშვებად, არ მაქვს და იქნებ არც იყოს საჭირო, ბავშვები ისედაც ძალიან ბედნიერები არიან. მეც მახსოვს ჩემი აქ გატარებული ბავშვობა.   

- რამდენიმე წელია საკრებულოს წევრი ხართ.  რა არის ყველაზე მნიშნელოვანი, რაც გაკეთდა ამ პერიოდში?

- თუნდაც ნაწილობრივ რომ მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ჩამოვთვალე, ჩემი ფიქრით, რაღაც უკვე გადაჭრილი იქნება.  აქვე ვიტყვი, რომ დასაქმების კუთხით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ბოლო სამ წელიწადში მაღაროსკარის თემში ჩამოყალიბდა ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ორი მესაქონლეობის, ერთი არამერქნული ტყის პროდუქტების და ერთიც მეფუტკრეობის. ეს ორი უკანასკნელი საწარმოებით უზრუნველყოფილი და სრულად აღჭურვილია. დამეთანხმებით, ეს არ არის პატარა საქმე მთის რეგიონისთვის.

კიდევ რა გვაქვს? გვაქვს ერთი სრული საჯარო სკოლა მაღაროსკარში, რომელთანაც მუშაობს პანსიონი (მუნიციპალური დაფინანსებითა და მხარდაჭერით) და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შორეული, იქნებ 20-25 კილომეტრით დაშორებული სოფლებიდან დადიან სკოლაში ბავშვები და ისინი პანსიონში ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრობენ. შენობა, სადაც ამჟამად  პანსიონია, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ მისი კაპიტალური შეკეთებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და 2017 წელს პანსიონიც სათანადო დონის გვექნება. გვაქვს ერთი არასრული საჯარო სკოლა ჩარგალში, რომელსაც ამ სასწავლო წლისთვის კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი სკოლაა მთის რეგიონში. მოვახერხეთ და გასულ წელს გავარემონტეთ მაღაროსკარში ერთადერთი საბავშვო ბაღი, სადაც 30 წელია, რემონტი არ ჩატარებულა და მუდამ ძალიან მტკივნეულ ტვირთად მაწვა. საერთოდ,  ჩემი აზრით, ბავშვზე ზრუნვა ყველგან და ყველასთვის ყველაზე მთავარია. თუ ბავშვების განათლებაზე  - იქნება ეს სკოლამდელი აღზრდა, სასკოლო თუ სკოლის შემდგომი განათლება, სათანადოდ ვზრუნავთ, ვინარჩუნებთ მომავალს. ახლა ვმუშაობთ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც სოფლების სიშორის გამო ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს, გამოვუნახოთ ტრანსპორტით მომსახურების საშუალება და მათაც შეეძლოთ ბაღში სიარული.

დაწყებულია მუშაობა სპორტული დარბაზისა და სპორტული მოედნის მოწყობისთვის მაღაროსკარში, რომელიც დასახლების საერთო კრების ინიცირებულია და ამით მე ძალიან ვამაყობ.

ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით უკანაფშავის თემზე, რომელიც არ არის ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ნაწილი, მაგრამ ჩემი და ფშავის ნაწილია და მე, ცხადია, ძალიან მაწუხებს და მტკივა.  კიდევ უფრო მეტად ყურადსაღებია უკანაფშავი, მეტი მხარდაჭერა სჭირდება იქ ხალხს იმისთვის, რომ ის თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები დარჩნენ და დამაგრდნენ. ამისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, რომელიც უდაოდ განსახორციელებელია (გზა, ელექტროენერგიის პრობლემები, მობილური კავშირგაბმულობა და ა.შ.), უმნიშვნელოვანესია შუაფხოში იყოს სრული საჯარო სკოლა, რომ ოჯახებს ბავშვების გამო არ მოუწიოთ სხვაგან გადასვლა საცხოვრებლად, სასურველია შუაფხოში გაიხსნას საბავშვო ბაღი, მოეწყოს სპორტული დარბაზი.

არ არსებობს მკაფიო გამზადებული „რეცეპტი“ ხალხის მთაში დასამაგრებლად, კომპლექსურად კი, იმისთვის, რომ მთაში გაადვილდეს ცხოვრება საჭიროა: ინფრასტრუქტურის გამართულობა, ელექტროენერგია და გზა, ახლა უკვე ინტერნეტწვდომაც (უამისოდ ჭირს უკვე ცხოვრება), სკოლები და ბაღები, სპორტის ხელმისაწვდომობა მოზარდთათვის - სპორტული დარბაზისა  და მოედნის არსებობა, ბიბლიოთეკების აღდგენა ან სულაც მინი მედიათეკების მოწყობა თემის თითო სოფელში მაინც, სამედიცინო ე.წ. „ამბულატორიების“ გამართულობა, მუნიციპალური იაფი ტრანსპორტი კვირაში რამდენიმე დღე მაინც, ცოტაოდენი ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა და დანარჩენი მერე თავისით ეწყობა, ეკონომიურად მოძლიერებული ოჯახები არის ძალიან მნიშვნელოვანი აქაურობისთვის, სიდუხჭირისა და სიღარიბის განცდა ანგრევს ყველაფერს.

- ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სულ მალე, გადის, თქვენი, როგორ მაჟორიტარის უფლებამოსილების ვადა, რა გინდოდათ და ვერ შეძელით?   

- ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში მიმთავრდება სამაჟორიტარო უფლებამოსილების ვადა. ახლა, ამ საუკუნეში ვერ ვისაუბრებ იმაზე, რომ გაკეთდა გზა, ხიდი და ა.შ. ამაზე საუბარი სირცხვილადაც მიმაჩნია. არასოდეს ვარ კმაყოფილი იმით, რაც შევძელით, ყველაზე მეტად კი მაღაროსკარის კულტურის სახლის დარდი გამყვება, ბაჩანას სკოლის ჩამოშლილი კედლების დარდიც, რომელიც დარწმუნებული ვარ, ოდესმე აღდგენილი „ფშაური სახლი“ იქნება. მუდამ მექნება კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ 20 წლის შემდეგ აქ ისევ დავბრუნდი, ყველა ოჯახში ვერა, მაგრამ უმრავლესობა ოჯახებში მივედი და მათი სადარდელისა და სიხარულის ზიარი გავხდი.  ვეცადე დამედო ჩემი წილი აგური, სულ ამის მცდელობაში ვიყავი. რამდენად გამოვიდა, ამას ხალხი იტყვის მერე.  

და ბოლოს, ჩვენი რუბრიკის „ქალი მთაში“ ტრადიციული შეკითხვა, რას ნიშნავს დღეს იყო ქალი მთაში?

- იყო ქალი მთაში? არ მინდა ეს პასუხი ვინმემ კეკლუცობად აღიქვას, მაგრამ ეს ნიშნავს, გიყვარდეს ყველა კენჭი, შენი მიწის, გიჭირდეს და მაინც არ იმჩნევდე დიდთოვლობის სიმძიმეს, თოვლ-ჭყაპს, ხშირად წყალ-ღვარის გამო სველდებოდე, ხან ყინულზე მოცურდე და ხან ბიჭების დახმარება დაგჭირდეს, რომელიმე ხევიდან მანქანის გამოსათრევად, სულ გზაში იყო, გიღამდებოდეს, გეშინოდეს, ხან ნადირის, ხან აჩრდილების, მაგრამ გულწრფელად მადლიერი იყო იმით, რომ იქ ხარ, სადაც სჭირდები ქვეყანას.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში