საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

თუშური ქუმელი – ტრადიციული თუშური საკვები და ყავა

18:03 - 14 აპრილი 2016 hits 722

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ლევან მიქელაძე უკვე 6 წელია ნატურალურ, თუშურ ქუმელს აწარმოებს. ქუმელი - ტრადიციული თუშური საკვებია. მისგან ამზადებენ ფაფებს ჩვილი ბავშვებისთვის, გორდილებს, რომელსაც ძირითადად მეცხვარეები იყენებენ და ე.წ თუშურ ყავას, იგივე ყვას.

ქუმელი ეს არის ყავისფერი ფქვილი, ეკოლოგიურად სუფთა, დამზადებული ნარჩევი ქერის მოხალული მარცვლებისგან.

ლევან მიქელაძის თქმით, თუშური ქუმელი შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და ზრდაზე, ნერვულ სისტემაზე, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს. საუკეთესოა მხედველობისათვის, სისხლძარღვთა სისტემისთვის, კბილების სიმაგრისთვის. აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს ყურადღებას, ააქტიურებს ტვინს. დადებითად მოქმედებს ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიებზე და იცავს ღვიძლს. კარგია ფილტვების სრული მუშაობისთვის. ხსნის დაღლილობას.

„ამ დროისთვის თუშურ ქუმელს მცირე რაოდენობით ვაწარმოებ, თვის განმავლობაში დაახლოებით 100 კილოგრამს. ქერის მარცვლებს ვფქვავ წყლის წისქვილზე. პროდუქციასაც თვითონ ვაფასოებ, ძირითადად ერთი კილოგრამის ოდენობით. ქუმელს ვყიდი ახმეტის რაიონის სოფლებში ზემო ალვანსა და ქვემო ალვანში, სადაც თუშები ცხოვრობენ, თუმცა მცირე რაოდენობით უკვე გადის ახმეტასა და თბილისში. 1 კილოგრამ თუშურ ქუმელს საბითუმო ფასში ვყიდი 3.5 ლარად“, – ამბობს ლევან მიქელაძე.

მისივე თქმით, თუშურ ქუმელზე მოთხოვნა იზრდება. ბიზნესის განვითარების მიზნით, მან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი დაწერა და გრანტის სახით 5 ათასი ლარი მოითხოვა.

„პროექტი რომ დაეფინანსებინათ, ტექნოლოგიებს გავაუმჯობესებდი და ყოველთვიურად ხუთჯერ მეტის, დაახლოებით 500 კილოგრამის წარმოებას შევძლებდი. ვაპირებდი ქერის მოსახალი დანადგარის, ელექტროენერგიაზე მომუშავე მინიწისქვილის და დასაფასოებელი აპარატის შეძენას. ჩემს გარდა კიდევ 2 ადამიანსაც დავასაქმებდი, მაგრამ არ დამაფინანსეს“, – აღნიშნავს ლევან მიქელაძე.
თუშები ქუმელს დიდი ხანია იყენებენ. „სამი შვილი გავზარდე, შვილიშვილიც ამით გავზარდე. სამი თვიდან უნდა აჭამო პატარებს. ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვები იზრდებიან“, – ამბობს ბელა გაუარაშვილი.

„კარგი იქნება, რომ ქუმელის პოპულარიზაცია მოხდეს და ყველგან გაიყიდოს. მარტო თუშებმა კი არა, სხვებმაც რომ გაზარდონ ამით ბავშვები. უცხოეთიდან შემოტანილი ფაფებით კი არა, ნამდვილი თუშური ქუმელით უნდა გაზრადონ ბავშვები, ძვალიც მაგარი ექნებათ, ძლიერებიც იქნებიან და ლოყებღაჟღაჟებიც გვეყოლებიან“, – აღნიშნავს სოფელ ზემო ალვანის მკვიდრი რევაზ ორბეთიშვილი.

ქუმელს ხშირად იყენებენ ახალგაზრდები, რომლებიც სპორტს მისდევენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში