საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ძიუდოს სკოლა ბარისახოში – მესაზღვრე მასწავლებელი, ერთი გოგონა და ოცდაოთხი ბიჭი

12:13 - 06 მარტი 2017 hits 8845

ანანო ჭინჭარაული ერთადერთი გოგონაა, რომელიც ბარისახოს ძიუდოს სკოლაში ჭიდაობა ძიუდოში ვარჯიშობს. ადრე მისი დაც ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ სკოლა მიატოვა. ერთი გოგონა და 24 ბიჭი - ეს ხევსური ბავშვები დათო ქერაულის მოსწავლეები არიან.

დღეს ანანო ონისე არაბულის მეწყვილეა.

„ონისე, უთმობ ხოლმე ანანოს, რადგან გოგოა, თუ სპორტი სპორტია და შეღავათს არ უწევ?“ - ვეკითხებით ონისეს.

ის იცინის და „ხან ისეა და ხან ასეო“...

დათო მასწავლებელი კი ამბობს, რომ ანანოს შეღავათები არ სჭირდება, გამორჩეული მონაცემების, ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონაა და ბიჭებს ტოლს არაფერში უდებს.

ონისე, ანანო და მათი მეგობრები ძიუდოში ერთი წელია ვარჯიშობენ. 2015 წლის დეკემბერში დათო ქერაულის ინიციატივითა და ძიუდოს ფედერაციის თანადგომით დარბაზი მოეწყო, ტატამი დაიგო და სწავლება დაიწყო.

დათო ქერაული 33 წლისაა. ჟინვალში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. უკვე მერვე წელია ძიუდოს მწვრთნელად მუშაობს. ჟინვალში აქვს დარბაზი, სადაც  2009 წლიდან ჰყავს ჯგუფები. წელიწადზე მეტია, ბავშვებს ბარისახოშიც ავარჯიშებს.   

ის მესაზღვრეა. ყოფილ სპორტსმენსა და მწვრთნელს სამსახურში ხელს უწყობენ, მუშაობას წვრთნებიც რომ შეუთავსოს. დათო კვირაში რამდენიმე და დღეში ზოგჯერ ორ ვარჯიშს ატარებს - ადრე დილით (სამსახურისა და სკოლის დაწყებამდე) და საღამოს.

„აქ, საზღვარზე ვმუშაობდი და სამსახურში რომ მივდიოდი, ვხედავდი სოფლებში ბავშვებს. როცა სპორტსმენი ხარ, მწვრთნელი ხარ, ცხადია, აკვირდები ყველაფერს. ვხედავდი, რომ ამდენი კარგი ახალგაზრდა იყო ყოველგვარი სპორტული აქტივობის გარეშე დარჩენილი, არ ჰქონდათ გასაქანი, არ იცოდნენ, რაში დაეხარჯათ ენერგია და თავისუფალი დრო.  

შორს სიარული ბავშვებს გაუჭირდებოდათ და გადავწყვიტე, შევხმიანებოდი მეგობრებსაც, რომ რაიმენაირად აქ, ბარისახოში, გაგვეხსნა სავარჯიშო დარბაზი. დავიწყეთ ფართის ძებნა. საბედნიეროდ, ადგილი აქ, პანსიონის შენობაში გამოინახა. ამის შემდეგ დავუკავშირდი დავით ქევხიშვილს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს. მას აზრი ძალიან მოეწონა და ერთობლივი ძალისხმევით აქ სექციის გახსნა გადავწყვიტეთ“, - გვიამბობს დათო.

საკმაოდ დაზიანებულ და სარემონტო პანსიონის შენობაში, სადაც ალაგ-ალაგ ოთახებში სამშენებლო მასალაც ყრია, ვერც წარმოიდგენ, რომ ასეთი დარბაზი არსებობს.

„ფშავ-ხევსურეთში სპორტული სექცია არსად იყო. მაღაროსკარში კი დადის ნუკრი მჭედლიშვილი და ხრიდოლში ავარჯიშებს ბავშვებს, რაც, ცხადია, კარგია იქაურებისთვის. აი, მთელ ხევსურეთში კი, სამწუხაროდ, მსგავსი არსად არაფერი არსებობდა. პირაქეთა ხევსურეთში ზათარში მოსახლეობა ძირითადად ბარისახოსა და კორშაშია, სხვა სოფლების ბავშვები პანსიონში რჩებიან. აქ გვყავს ფშაველი ბავშვებიც. ბიჭების უმეტესობა დადის ძიუდოზე, თუმცა რთულია ის, რომ დასვენების დღეებში ან არდადეგებზე პანსიონის ბავშვები სახლში მიდიან და ვარჯიშს ვერ ესწრებიან“, - ამბობს დათო.

მთაში ყოჩაღი და ნიჭიერი ბავშვები არიან, მწვრთნელს მათი დიდი იმედი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წრე ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის უფასოა. ძიუდოს ფედერაციამ სიმბოლური ხელფასიც გამონახა მწვრთნელისთვის.  

„მთაში ხალხს შემოსავალი არ აქვს და უფასო რომ არ იყოს, ალბათ ბევრი ვერც ივლიდა. არადა, რესურსი რომ არ გამოგვენახა, დარბაზი არ გაკეთებულიყო და ახალგაზრდებს ვარჯიში არ დაეწყოთ, ეს თაობა, როგორც სპორტსმენები დაკარგებოდნენ. მწვრთნელი სულ ფიქრობ, აღზარდო კარგი სპორტსმენი. ჯერ დიდი არა, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებებიც გვაქვს. მე როგორც სპორტსმენს, რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი მაქვს მოგებული, საქართველოს ჩემპიონატზეც მქონდა წარმატებები, მაგრამ ცუდი დრო იყო და დიდი გასაქანი არ მოგვეცა. ძალიან მინდა, ჩემმა აღსაზრდელებმა მიაღწიონ იმ შედეგებს, რასაც, მე როგორც სპორტსმენმა, ვერ მივაღწიე“, - ამბობს დათო.  

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: tinatinmosiashvili@yahoo.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში