საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზა წყალმა დაფარა – „გზას არ ვკეტავთ, პანიკა რომ არ შეიქმნას“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:53 - 22 აგვისტო 2017 hits 15938

თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და წყლის დონე იზრდება. ქვათაცვენის გამო გზის ნაწილიც ჩაინგრა. სატვირთო ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. უსაფრთხო არ არის არც მაღალი გამავლობის მანქანების მოძრაობა. ადგილზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„გუშინ, საღამოს წყალი გზის პირზე იყო ამოსული. დღეს გზის ნაწილი უკვე დაფარა და 30 სანტიმეტრზეა. კლდიდან მოწყვეტილია დიდი ქვა, რომელმაც გზაც დააზიანა. ომალოში სასტუმროს ვაშენებ. სამშენებლო მასალები მომქონდა და ვეღარ გადმოვიტანე. გზა ისეა ჩანგრეული, რომ ფიზიკურად გასავლელად საკმარისი ადგილი აღარაა. მაღალი გამავლობის მანქანები, ჯიპები, ჯერ ახერხებენ გავლას, პირდაპირ წყალში, მაგრამ საშიშია. ერთ ღამეში თუ 30 სანტიმეტრზე ამოვიდა წყალი, წარმოიდგინეთ ხვალ რა სიმაღლეზე იქნება. 2 ტრაქტორი კი დგას, მაგრამ კაციშვილი არ არის იქ და არავინ მუშაობს. პოლიციის მანქანაც დგას, მაგრამ არაფერს არეგულირებენ. არადა, მოწყვეტილი მთიდან ქვები ცვივა და სახიფათო ვითარებაა“, – უთხრა „მთის ამბებს“ ლევან სულაკაურმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, თუშეთის გზის დატბორილ მონაკვეთზე ტრაქტორი იმიტომ არ მუშაობს, რომ საშიშია.

„ერთი მიზეზის გამო არ მუშაობს იქ ტრაქტორი. იმიტომ, რომ ვერ გაასწრებს თუ ლოდი მოწყდა. მანქანების გატარება კი შეიძლება, ვაკვირდებით სიტუაციას. ვერ ვეკარებით იმ ადგილს. ძალიან მოწყვეტილია მთის ნაწილი. ვერც ალპინისტები შეგვყავს. ვერ გაიგებ რომელი მხრიდან მოწყდება. სადაც დაიტბორა, გზის აწევას მოვახდენთ მიწაყრილით. ერთადერთი ეს არის“.

ხალხი კიდევ გავაგზავნეთ. 2 საათში იქ იქნებიან. ტექნიკა თუშეთობისთვის სოფლებში იყო გაგზავნილი, ისიც მოგვყავს“, – განუცხადა „მთის ამბებს“ გიორგი სეთურიძემ.

კითხვაზე, თუ ტრაქტორისთვის მუშაობა სახიფათოა და ვითარება ასეთი რთულია, გზაზე ავტომობილების მოძრაობა უსაფრთხოა? სეთურიძემ აღნიშნა:

„გზას არ ვკეტავთ, პანიკა რომ არ შეიქმნას. 0.5 მეტრიან წყალში მაღალი გამავლობის მანქანა თავისუფლად გადის ხომ? უნდა მიხვდნენ, რომ ეს არის სტიქია და ვერ გავუშვებთ სპეციალისტებს, ტრაქტორს ნახევრადმოწყვეტილ მთაზე, რომ მსხვერპლი არ იყოს. იმხელა ნაშალი ჩამოდის ზემოდან, 1.5 მეტრით აწია უკვე მდინარე და გზაზე გადმოვიდა. ხომ არ არის ეგ უსაფრთხო?

სანამ არ დასტაბილურდება სტიქია, ყველა უნდა მიხვდეს, რომ პირველ რიგში მსხვერპლი არ უნდა იყოს და მერე გზა იყოს გავლადი“.

სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოში თუშეთს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, დაახლოებით 5–6 ათასი ადამიანი. სოფლებში ომალოში, დართლოსა და შენაქოში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა ტურისტებით არის სავსე. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ტურისტები ბარში დაბრუნებას საფეხმავლო გზით შეძლებენ ხევსურეთის ან ხადორის უღელტეხილის გავლით. თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ფრენები არ ხორციელდება და ვერტმფრენით მიმოსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ შვეულმფრენს საქართველოს მთავრობა გამოყოფს.

შეგახსენებთ, ვითარება თუშეთის გზის იმ მონაკვეთზეა გართულებული, სადაც ზამთარში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, 8–10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. ამ პრობლემის გამო წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით, 12 ივნისს გაიხსნა, რამაც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩაბმული ადგილობრივი მეწარმეები ისედაც დააზარალა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება.

ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაიყვანეს. ნახევრადმოწყვეტილ მთაზე დაგროვილი ნაშალი არა მხოლოდ წვიმების დროს, არამედ მზიან ამინდშიც იშლება და გზაზე იყრება.

რამდენიმე დღის წინ, თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. ქვათაცვენის გამო ბოლო ერთ თვეში სხვა ავტომობილებიც დაზიანდა, შედარებით მსუბუქად.

2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით თუშეთის გზის მოვლა–პატრონობა შპს „გერალის“ ვალდებულებაა. ტენდერში გამარჯვების შედეგად კომპანიას ბიუჯეტიდან 1 236 791 ლარი გამოეყო. მანამდე, წლების განმავლობაში თუშეთის გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს შპს „თუშეთგზა“ ასრულებდა, რომლის მუშაობითაც თუშები უკმაყოფილოები იყვნენ. „თუშეთგზა“ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და მასში ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული არაერთი პირია თანამშრომლად გაფორმებული. „მთის ამბების“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, შპს „გერალმა“ ქვეკონტრაქტორად შპს „თუშეთგზა“ დაიქირავა და ფშაველი–აბანო–ომალოს 72 კილომეტრიანი გზის 50 კილომეტრზე მეტის მოვლა–შენახვისთვის თანხას მას უხდის.

ამ თემაზე:

თუშეთში გზაზე სამუშაოები დღესვე დაიწყება – გიორგი სეთურიძე

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში